ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება
კანონმდებლობა,

მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-520 მუხლები. გამყიდველი ვალდებულია მყიდველს საკუთრების უფლება გადასცეს ნაყიდ ქონებაზე, მიაწოდოს მყიდველს საბუთები და საქონელი. როგორც წესი, გამყიდველი ვალდებულია გასწიოს გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, ეს კი მოიცავს მისი აწონვის, გაზომვის და შეფუთვის ხარჯებს. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები ეკისრება მყიდველს. მაგალითად, ავეჯის შეძენისას, თუ მხარეები არ შეთანხმებულან შეძენილი ნივთის ტრანსპორტირება რომელ მხარეს ევალება, მაშინ ეს ვალდებულება ეკისრება მყიდველს.

გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა იმას ნიშნავს, რომ მესამე, გარეშე პირს არ უნდა შეეძლოს ამ ნივთზე პრეტენზიის განცხადება.

ნივთი ნივთობრივად უნაკლოდ ითვლება, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მხარეები საჭიროა შეთანხმდნენ გასაყიდი ნივთის მახასიათებლებზე. მაგალითად, როდესაც შემძენს სურს იყიდოს ავტომობილი, მხარეები უნდა შეთანხმდნენ რა მარკის, მოდელის, რომელი წლის, როგორი ძრავის და სხვა ძირითადი მახასიათებლების მანქანა სურს შემძენს. თუ ხარისხი შეთანხმებული არ არის მხარეების მიერ, მაშინ ნივთი უნაკლოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. მაგალითად, თუ პურის ქარხანა აცხობს საშუალო ხარისხის პურს და შესაძენი ხორბლის ხარისხზე არაფერი არ იყო მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ამ შემთხვევაში საშუალო ხარისხის ფქვილის მიწოდებისას, მყიდველს არ აქვს უფლება პრეტენზია წაუყენოს გამყიდველს, რომ მას უნდა მოეწოდებინა მაღალი ხარისხის ფქვილი.

ნივთობრივად ნაკლოვანად ასევე ითვლება მყიდველის მიერ გამყიდველისათვის სულ სხვა ნივთის გადაცემა, ნივთის მხოლოდ ერთი ნაწილის გადაცემა, მცირე რაოდენობით ნივთის გადაცემა, ასევე თუ გადაცემული ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა. თუმცა, თუ ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე, მაშინ ასეთ ნაკლზე პრეტენზიის განცხადება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, მაგალითად, თუ შეძენილი მანქანის ნათურა გადამწვარია. მაგრამ თუ ავტომობილის ძრავა ან ხიდები არ მუშაობს, ეს უკვე არსებით ნივთობრივ ნაკლად ჩაითვლება.

მნიშვნელოვანია, რომ ნივთის შეძენისას შემოწმდეს შესაძენი ნივთის ვარგისიანობა, რათა დადგინდეს მისი შესაბამისობა დადებული ხელშეკრულების პირობებთან.

თუ გაყიდული ნივთი ნივთობრივად ნაკლიანია, გამყიდველი ვალდებულია გასწიოს ყველა აუცილებელი ხარჯი ნაკლის გამოსწორებისათვის. ეს ხარჯები მოიცავს ტრანსპორტირებას, სამუშაოს შესრულებას, მასალის ღირებულებას და სხვა აუცილებელ ხარჯებს. თუ ნივთის ნაკლის გამოსწორება შეუსაბამოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, გამყიდველს შეუძლია უარი თქვას ნივთის შეკეთებაზე. მაგალითად, მყიდველმა შეიძინა ბლენდერი 100 ლარად და შეძენიდან 1 თვეში დაზიანდა მისი ძრავა. ძრავის შეკეთება ან შეცვლა ადგილზე, დროის მოკლე პერიოდში შეუძლებელია. იგი უცხოეთიდან უნდა იყოს გამოწერილი და ჩამოტანილი. ამას კი მინიმუმ 1 თვე დასჭირდება და 100 ლარამდე დაჯდება. ამ შემთხვევაში გამყიდველს შეუძლია უარი თქვას ძრავის შეკეთებაზე. თუმცა, მყიდველს შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება ან ნაკლოვანი ნივთის ახლით ჩანაცვლება.

თუკი მხარეები ნივთის ნაკლის თაობაზე ვერ თანხმდებიან, ნივთობრივი ნაკლოვანება უნდა დადგინდეს კომპეტენტური პირის მიერ. კერძოდ კი შესაბამისი დარგის ექსპერტის მიერ. მან უნდა შეამოწმოს შეძენილი ნივთი, დაადგინოს კონკრეტულად რა ნაკლია სახეზე და გასცეს შესაბამისი დოკუმენტი. თუკი ქვეყანაში არსებობს ოფიციალურად აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანო, რომელსაც კონკრეტული ნივთის შემოწმება შეუძლია, მაშინ, უმჯობესია მომხმარებელმა მას მიმართოს.


 




print version
10:45:15 2019-09-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge