ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის მუშაობა
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ბიჟუტერიის შემოწმება
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში
საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
არასასურველი ნივთიერებები სურსათში,

2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა „სუდანის“ ჯგუფის საღებავები. ეს არასაკვები საღებავებია, რომელთა სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი იყენებს სუდანის ჯგუფის საღებავებს სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. თუმცა, ამ საღებავებით ნედლეულის დაბინძურების შესახებ, მწარმოებელმა შესაძლოა არც იცოდეს.

საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი ჰქონდა სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება სუდანის ჯგუფის საღებავებზე (საზღვარგარეთის ლაბორატორიაში).

ამ სიტუაციაში ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა. შესაბამისად თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანულ ლაბორატორია ევროფინსში.

2019 წლის 15 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც 6 პროდუქტში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. შედეგები გაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა (სეს) და შესაბამის მეწარმეებს.

ჩვენი კვლევის შედეგების საფუძველზე სეს-მა განახორციელა შესაბამისი პროდუქტების მწარმოებლების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. სეს-მა, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. დადგინდა ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებდნენ და აღებულ იქნა წიწაკის ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისათვის. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, შემოწმებული 10 ნიმუშიდან 9-ში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. შესაბამისად, სეს-მა ამ წიწაკის პარტიების რეალიზაციაც აკრძალა.

ამავე დროს, გაირკვა, რომ 7 შემთხვევაში სუდანით დაბინძურებული წიწაკის პარტიები იმპორტირებული იყო. საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით . კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება.

ამგვარად, ჩვენს ინიციატივას შედეგად მოჰყვა:
1. მავნე სურსათის 15 პარტიის გამოვლენა და მათი გაყიდვის აკრძალვა;
2. სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა;
3. სისტემური ცვლილებების გატარება სურსათის დაბინძურების რისკების შესამცირებლად.

მოცემული შემთხვევა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და საჯარო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია და კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ, სამოქალაქო აქტივობის შედეგად, კონკრეტული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შედეგების მიღწევა შესაძლებელია.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სუდანით პროდუქციის დაბინძურების მონიტორინგს და შეძლებისდაგვარად შევუწყობთ ხელს იმას, რომ საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქცია უვნებელი იყოს.

დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე იხილეთ http://momxmarebeli.ge/?menu=140&rec=8356.

ინიციატივა განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.




print version
16:53:40 2019-11-15

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge