იმერული სახაჭაპურე

2019 წლის 23 მაისს თბილისში, ანჯაფარიძის ქ. # 13-ში მდებარე „ფრესკო შოპინგ ცენტრში“ შევიძინეთ შპს „შირაქის“ წარმოებული პროდუქტი „იმერული სახაჭაპურე, რძის შემცველი პროდუქტი მცენარეული ცხიმით“.

როგორც დასახელებიდანაც ჩანს, პროდუქტი რძის ნაწარმს არ წარმოადგენს, არამედ არის „რძის შემცველი პროდუქტი“.  თუმცა, გამოიყურება, როგორც ყველი. შესაბამისად, დასახელებამ „იმერული სახაჭაპურე“ შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს და აღნიშნული პროდუქტი ყველად აღიქვას. შესაბმისად, ჩავთვალეთ, რომ ირღვევა ქვეყანაში ამჟამად მოქმედი სურსათის ეტიკეტირების წესები და რეაგირებისათვის მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს).

სეს-იდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ სააგენტომ განახორციელა კონტროლი შპს ,,შირაქის“ რძისა და რძის პროდუქტების საწარმოში (თბილისი, სამგორის №6) და ბიზნესოპერატორს მისცა მითითება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირება. 

ამავე დროს, სეს-მა შპს „შირაქის“ საწარმოში შეამოწმა ჰიგიენურ/სანიტარული მდგომარეობა, ნედლეულისა და მზა სურსათის ვარგისიანობის ვადები, სურსათის ეტიკეტირება და პროდუქციის შენახვის პირობები. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

---------

24 სექტემბერს კვლავ ვეწვიეთ ანჯაფარიძის ქ. # 13-ში მდებარე „ფრესკო შოპინგ ცენტრს“ თუმცა, პროდუქტი ზემოთ მითითებული შეფუთვით, ვერ ვიპოვეთ.