სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის

საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) კომპეტენციაა. სეს ამოწმებს სურსათის საწარმოების (მწარმოებლები, სავაჭრო ქსელი, კვების ობიექტები) ჰიგიენურ მდგომარეობას და სავაჭრო ქსელში არსებული სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) უვნებლობას, ქვეყანაში მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. კანონდამრღვევი მეწარმეების მიმართ გამოიყენება სანქციები: საწარმოო პროცესის შეჩერება, მავნე სურსათის განადგურება, ჯარიმები.

ამავე დროს, ქმედება, რომელმაც სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) დაბინძურება გამოიწვია, რაც ადამიანის ჯანრთელობას საფრთხეს უქმნის, ან ადამიანისათვის საფრთხის შემცველი სურსათის გაყიდვა, ან ცხოველთა დაავადებების ადამიანებზე, ან ცხოველებზე გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონდამრღვევის მიმართ უფრო მძიმე სანქციებსაც ითვალისწინებს -- ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაო, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მ. 197, 198, 248, 251, 290, 292, 297 . აღსანიშნავია ისიც, რომ კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლები ეხება არა მხოლოდ სურსათის გზით ადამიანისათვის საფრთხის შექმნას, არამედ სხვა პროდუქტითაც, რიგ შემთხვევებში ქმედებით (მაგ. სანიტარიული წესის დარღვევა) და არა მხოლოდ პირდაპირ ადამიანისათვის, არამედ გარემოსთვისაც, მათ შორის მომხმარებლისათვის ფინანსური ზიანის მოტანას (ფალსიფიკაციის გზით).

ჩვენ დავინტერესდით პრაქტიკაში რამდენად ხდება ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. მოვიძიეთ ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან და ჩვენი კვლევის შედეგებს გთავაზობთ.

სეს-ის მიერ სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ კანონდამრღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევის ნიშნების არსებობისას გამოძიების დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს), ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა, პასუხისგებაში მიცემა -- პროკურატურის, ხოლო განაჩენის გამოტანა -- სასამართლოსი.

სეს ვალდებულია დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას ინფორმაცია მიაწოდოს შსს-ს, ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსსურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 63, 6 . გარდა ამისა, შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შეუძლიათ გამოძიება დაიწყონ ინფორმაციის სხვა წყაროებით მიღების შემთხვევაშიც.
რა შემთხვევებში თვლის სეს, რომ მის მიერ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, სსკ-ის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევა მოხდა? სეს-ის ინფორმაციით ეს შემდეგ შემთხვევებში ხდება:
• თუ სურსათი/ცხოველის საკვები, ვეტერინარული პრეპარატი, აგროქიმიკატი, პესტიციდი შესაძლოა იყოს ფალსიფიცირებული.
• როდესაც ადამიანებში აღმოჩენილია სურსათისმიერი დაავადებები და სააგენტომ დაადგინა სურსათში იმავე ბიოლოგიური ან/და ქიმიური აგენტის არსებობა, რაც დაფიქსირებულ იქნა ადამიანებში, ანუ, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ კონკრეტული სურსათის ნიმუშმა გამოიწვია ადამიანების მოწამვლა/დაავადება.
• ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის არსებობა, რაც კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებისა და მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე დგინდება. რისკის დონის განსაზღვრისათვის კონკრეტული კრიტერიუმები ჩამოყალიბებული არ არის და სეს-ს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს.

ამავე დროს, აღმოჩდა, რომ სეს არც თუ ისე ხშირად ავლენს სსკ-ის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევის ნიშნებს. 2017 წლისა და 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ეს სულ 21 შემთხვევაში მოხდა, მაშინ როდესაც ამ ხნის მანძილზე სეს-მა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე ათასობით დარღვევა გამოავლინა.სეს-ის კონტროლის შედეგები იხ. http://www.momxmarebeli.ge/?menu=140&rec=8052, http://www.momxmarebeli.ge/?menu=140&rec=8105, http://www.momxmarebeli.ge/?menu=140&rec=8179

აღსანიშნავია ისიც, რომ სეს-ის ზედამხედველი უწყებები (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური) არ ახდენენ იმის მონიტორინგს, თუ როგორ ხორციელდება სეს-ის მიერ გადაწყვეტილებების მიღება სამართალდამცავი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნასთან დაკავშირებით.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, არა გვაქვს იმის საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სეს ამ კუთხით საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებს, თუმცა, ვთვლით, რომ ზემოაღნიშნული მიგნება საგულისხმოა და უპრიანია, თუკი სეს-ის ზედამხედველი უწყებები მისი საქმიანობის ამ კომპონენტის მონიტორინგს განახორციელებენ, რათა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთ უწყებაზე არ იყოს დამოკიდებული.

ამავე დროს, ნათლად იკვეთება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შემდეგი ხარვეზი (რაზეც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები უკვე წლების მანძილზე მივუთითებთ). სეს-ს ძალიან უჭირს იმ სურსათის გამოვლენა, რომელმაც ადამიანის მოწამვლა/დაავადება გამოიწვია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც) მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ათიათასობით ადამიანი იწამლება/ავადდება. 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში დაზარალებულთა რიცხვმა 70 000-მდე მიაღწია. ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევების დიდი უმრავლესობა (ისევე როგორც წინა წლებში) აღრიცხულია, როგორც „სავარაუდო“, ვინაიდან ინდივიდუალური მოწამვლებისა და დიარეების შემთხვევებში, (როგორც წესი) ეპიდემიოლოგიური კვლევა არ ტარდება იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რომელმა ინფექციამ გამოიწვია მოწამვლა და რომელი სურსათის მოხმარების შედეგად. დკსჯეც ეპიდკვლევას ატარებს ჯგუფური შემთხვევების დროს (1-ზე მეტი დაზარალებული), ხოლო ზოგიერთი განსაკუთრებით საშიში დაავადებების ნიშნების არსებობისას -- ერთი დაზარალებულის შემთხვევაშიც.

ეპიდკვლევის დაწყებისას დკსჯეც ახდენს სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინფორმირებას, რათა ეს უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს კვლევაში და გამოავლინოს ის სურსათი, რომელმაც მოწამვლა გამოიწვია. თუმცა, ეს სეს-ისათვის წლების მანძილზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა და თითქმის არასოდეს ხერხდებოდა, მათ შორის, 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში სეს-ში დკსჯეც-იდან 39 შეტყობინება შევიდა. თუმცა, სეს-მა ვერც ერთ შემთხვევაში შეძლო მოწამვლის გამომწვევი სურსათის გამოვლენა და, ამგვარად, ვერ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები მოწამვლის/დაავადების რისკების შესამცირებლად.

რაც შეეხება იმ სახელმწიფო უწყებების რეაგირებას, რომლებიც გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ახდენენ, სურსათის საშუალებით ადამიანისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევებში, ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სსკ-ის შესაბამისი მუხლების საფუძველზე მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში. შედეგები ასეთია:

შსს

გამოძიება დაიწყო 8 საქმეზე, ხოლო შეწყდა -- 4 საქმეზე, მტკიცებულებების არარსებობის გამო.

დანაშაულთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს სსკ-ის მუხლებისა და არა დანაშაულის გარემოებათა მიხედვით. ამგვარად, იმის დაზუსტება ვერ მოხერხდა, დაკავშირებულია, თუ არა ეს საქმეები სურსათთან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

9 საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას, რომელთაგან ყველა სურსათთან იყო დაკავშირებული (სსკ-ის 197-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, 198-ე მუხლი).

პროკურატურა

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ.

ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა იმის დაზუსტება, დაკავშირებულია, თუ არა ეს საქმეები სურსათთან. ვინაიდან ასეთი ტიპის ინფორმაციის აღრიცხვას პროკურატურა არ აწარმოებს.

ამავე დროს, პროკურატურა სისხსლისსამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას ასახავს მხოლოდ პირთა რაოდენობის მიხედვით. ამგვარად, რამდენ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო დევნა, ესეც უცნობია.

სასამართლო

სასამართლოებმა განიხილეს 5 საქმე. ყველა მათგანი სურსათთან იყო დაკავშირებული და ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

დასკვნები

• საქართველოში სათანადოდ არ ხდება სურსათის გზით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულთან ბრძოლა. მაშინ როდესაც 18 თვის მანძილზე (სავარაუდოთ, სურსათით) 70 000-მდე ადამიანის მოწამვლა/დაავადებაა აღრიცხული, ხოლო ეპიდაფეთქების - 39 შემთხევა, როცა სეს-ს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ათასობით დარღვევა აქვს აღმოჩენილი, მხოლოდ 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არ არის თანაზომადი რეაგირება. სახელმწიფო უწყებები ვერ ატარებენ სათანადო ზომებს რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, დამნაშავე პირების კანონის შესაბამისად დასასჯელად.
• სეს არც თუ ისე ხშირად ავლენს სსკ-ის იმ მუხლების დარღვევის ნიშნებს, რაც სურსათის გზით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთანაა დაკავშირებული. 2017 წლისა და 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ეს სულ 21 შემთხვევაში მოხდა, მაშინ როდესაც ამ ხნის მანძილზე სეს-მა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე ათასობით დარღვევა გამოავლინა.
• სეს-ის ზედამხედველი უწყებები (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური) არ ახდენენ იმის მონიტორინგს, თუ როგორ ხორციელდება სეს-ის მიერ გადაწყვეტილებების მიღება სამართალდამცავი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნასთან დაკავშირებით.
• სეს-ს ძალიან უჭირს იმ სურსათის გამოვლენა, რომელმაც ადამიანის მოწამვლა/დაავადება გამოიწვია. 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში ეპიდაფეთქებების შესახებ სეს-ში დკსჯეც-იდან 39 შეტყობინება შევიდა. თუმცა, სეს-მა ვერც ერთ შემთხვევაში შეძლო მოწამვლის გამომწვევი სურსათის გამოვლენა და, ამგვარად, ვერ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები მოწამვლის/დაავადების რისკების შესამცირებლად.
• შსს-სა და პროკურატურის მიერ წარმოებული სტატისტიკა არ იძლევა იმის საშუალებას ზუსტი მონაცემები მივიღოთ იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ტიპის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დევნა და რამდენ საქმეზე (პროკურატურის შემთხვევაში).
• სურსათის გზით ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებული ის საქმეები, რომლებიც სასამართლომდე მიდის, როგორც ჩანს, სათანადოდაა გამოძიებული და მტკიცებულებებით გამყარებული, რაზეც სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები მოწმობს.

რეკომენდაციები

• საქართველოს ხელისუფლებამ უფრო აქტიურ ზომებს უნდა მიმართოს სურსათის გზით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულთან საბრძოლველად. ყველა შესაბამისმა უწყებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
• სეს-ის ზედამხედველმა უწყებებმა (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელწიფო აუდიტის სამსახური) განახორციელონ სეს-ის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მონიტორინგი, რათა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთ უწყებაზე არ იყოს დამოკიდებული.
• სეს-ის რეაგირება ეპიდაფეთქებების შემთხვევაში უნდა გაუმჯობესდეს, რათა მოხერხდეს საფრთხის გამომწვევი სურსათის აღმოჩენა და შემდეგ ეტაპზე სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავე პირების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცეთ.
• შსს-მ და პროკურატურამ უფრო ზუსტი სტატისტიკა აწარმოონ, რათა მათი საქმიანობა საზოგადოებისათვის უფრო გამჭვირვალე გახდეს და სამოქალაქო მონიტორინგის უკეთესი შესაძლებლობები შეიქმნას; კერძოდ, აღრიცხონ კონკრეტულად რა ტიპის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დევნა და რამდენ საქმეზე (პროკურატურის შემთხვევაში).

წყაროები

საჯარო უწყებებიდან მიღებული დოკუმენტები:

  1. წერილი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან - 11.10.2018
  2. წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან  - 17.10.2018
  3. წერილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან - 29.06.2018
  4. წერილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან - 04.07.2018
  5. წერილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან - 11.10.2018
  6. წერილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან - 02.11.2018
  7. წერილი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან - 29.06.2018
  8. წერილი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან - 23.08.2018
  9. წერილი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან - 12.10.2018
  10. წერილი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან - 02.11.2018
  11. წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან - 12.07.2018
  12. წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან  - 03.09.2018
  13. წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან  - 10.10.2018
  14. წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან - 26.10.2018
  15. წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოდან - 20.07.2018
  16. წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოდან - 03.08.2018
  17. წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოდან - 10.09.2018
  18. წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოდან - 10.10.2018
  19. წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოდან - 17.10.2018
  20. წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან - 25.06.2018
  21. წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან - 02.07.2018

----------

მოცემული ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გავაგზავნეთ და რეაგირება მოვითხოვეთ. 27 ნოემბერს მივიღეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი, რომელიც ჩვენი მიმართვის საპასუხოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს გაეგზავნა და ეთხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის სახელზე პოზიცია წარმოადგინოს.

5 დეკემბერს მივიღეთ პარლამენტის ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის წერილი, რომლითაც იგი სთხოვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განიხილოს ჩვენი ანგარიში და პასუხი გვაცნობოს.

----------

2019 წლის 14 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიღეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი ჩვენს წერილზე. მოცემულ პასუხში, სამწუხაროდ, არსებითად ახალი არაფერი ეწერა. მასში არ ჩანს, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ჩვენს ანგარიშში ასახული პრობლემების მოგვარებას.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სხვადასხვა ხარვეზთან დაკავშირებით 2017-2018 წლებში ჩვენს ორგანიზაციას არაერთი წერილი აქვს გაგზავნილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ წამოწეული პრობლემები გადაუჭრელი რჩება. უახლოესი კვირების მანძილზე ჩვენ კიდევ ველოდებით გარკვეულ მონაცემებს. მათი გაანალიზების შემდეგ კვლავ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ ან არ აგვარებს.    

17.01.2019


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები