კოსმეტიკური პროდუქციის შემოწმება
დანიის მომხმარებელთა საბჭომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მსოფლიოს 34 ქვეყანაში ჩაატარა კოსმეტიკური პროდუქციის (მათ შორის, პირადი ჰიგიენის საშუალებების) კვლევა. საქართველოდან ინიციატივაში ჩართული იყო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 39 დასახელების პროდუქტის ეტიკეტებზე მითითებული შემადგენლობები. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდულ პროდუქტს, ერთი და იგივე დასახელების მიუხედავად, ხშირად განსხვავებული შემადგენლობა გააჩნია. აღმოჩნდა ბევრი პროდუქტი, რომელიც დანიის მომხმარებელთა საბჭოს შეფასებით, ჯანმრთელობისთვის არასასურველ ნივთიერებებს შეიცავს.
Foto: Getty Images
კვლევა 2020 წლის ზაფხულში ჩატარდა და მასში 34 ქვეყნის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან, ოკენეთიდან და ამერიკიდან.
შეირჩა საერთაშორისო ბრენდების დანიაში პოპულარული 39 კოსმეტიკური პროდუქტი (მათ შორის, პირადი ჰიგიენის საშუალებები): ლოსიონები, ზეთები, მაკიაჟი, კბილის პასტები, შამპუნები, თმის საღებავები და სხვა. კვლევის ფარგლებში, თითოეული ქვეყნის მაღაზიებში ან ადგილობრივ ინტერნეტგვერდებზე მოძიებულ იქნა შერჩეული პროდუქცია და მისი ფოტოები გაიგზავნა დანიის მომხმარებელთა საბჭოში, სადაც მოხდა ეტიკეტებზე მითითებული შემადგენლობების შესწავლა და ერთმანეთთან შედარება.
პროდუქტების ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა. ანალიზი მოხდა მხოლოდ პროდუქტების ეტიკეტებზე მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
დანიაში პოპულარული ბევრი პროდუქტი საერთოდ ვერ იქნა მოძიებული რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. საქართველოში, 39 შერჩეული პროდუქტიდან მხოლოდ 16 იქნა მოძიებული.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში თითოეული პროდუქტის მრავალი ნაირსახეობა იყიდება. ერთი და იგივე ფირმების პროდუქტები, რომლებსაც ერთნაირი დასახელებები, შეფუთვა და, ზოგ შემთხვევაში, ერთი და იგივე შტრიხკოდებიც კი გააჩნია, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული შემადგენლობით იყიდება. მხოლოდ ორი პროდუქტი აღმოჩნდა, რომელიც ერთი და იგივე შემადგენლობით იყიდებოდა და ისიც მხოლოდ სამ ქვეყანაში. დანარჩენების 9-მდე სახესხვაობა გამოვლინდა, ერთ პროდუქტს კი 13 სახესხვაობა ჰქონდა.
გარდა ამისა, დანიის მომხმარებელთა საბჭომ თითოეულ ნიმუშზე დატანილი შემადგენლობა შეაფასა.
საქართველოსაგან განსხვავებით, ევროკავშირში პრაქტიკულად ყველა სამომხმარებლო პროდუქციაში ქიმიური ნივთიერებების გამოყენება რეგლამენტირებულია და წევრი სახელმწიფოების მიერ კონტროლდება. მიუხედავად ამისა, ევროპის აკადემიური წრეები და მომხმარებლის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებას მოითხოვენ. მათ შორისაა, მაგალითად, დანიის სურსათის ეროვნული ინსტიტუტი, რომლის დასკვნითაც, თითოეული ქიმიური ნივთიერებიდან მომდინარე საფრთხე ადამიანის ორგანიზმზე, როგორც წესი, ცალ-ცალკე ფასდება. მაშინ როდესაც, ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ბევრი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებას, რაც მთლიანობაში მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, მიუხედავად იმისა, რომ ზემოქმედების თითოეული წყარო (სამომხმარებლო პროდუქტი, ჰაერი, თუ სხვა) შეიძლება დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდეს. ამას „კოქტეილის ეფექტს“ უწოდებენ.
აქედან გამომდინარე, დანიის მომხმარებელთა საბჭოს შემუშავებული აქვს სამომხმარებლო პროდუქციის შეფასების შემდეგი კრიტერიუმები:
A კატეგორია – პროდუქტი არ შეიცავს საფრთხის შემცველ ნივთიერებებს.
B კატეგორია – პროდუქტი შეიცავს ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება მსუბუქი ალერგია გამოიწვიოს, ან გარემო დააბინძუროს.
C კატეგორია - პროდუქტი შეიცავს ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს. ამ ნივთიერების გამოყენება შესაძლოა დაშვებული იყოს ევროკავშირში და ცალკე აღებული პროდუქტი საშიში არ იყოს, მაგრამ თავისი წვლილი შეჰქონდეს ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების უარყოფით ზემოქმედებაში.
მოცემული კვლევის ფარგლებში შეფასებული პროდუქციის უმრავლესობა C კატეგორიაში მოექცა, მათ შორის აღმოჩნდა, საქართველოში გაყიდული 10 პროდუქტი. ქართულ ბაზარზე მოძიებული 5 პროდუქტი B კატეგორიაში შევიდა და მხოლოდ 1 პროდუქტი შევიდა A კატეგორიაში (სრული ინფორმაციისათვის იხილეთ საერთო რეიტინგი და საქართველოს ბაზარზე გაყიდული პროდუქტების რეიტინგი).
3 პროდუქტში ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა. მათ შორის არ იყო საქართველოში გაყიდული პროდუქცია. ყველა პროდუქტში, საერთო ჯამში, 63 არასასურველი ნივთიერება გამოვლინდა. მათგან 23 რისკის შემცველია ადამიანის ენდოკრინული ან რეპროდუქციული სისტემისათვის, მუცლად მყოფი ბავშვისათვის. სხვა ნივთიერებებს კი ალერგიის გამოწვევა შეუძლია.
არასასურველი ნივთიერებების შემცველი კოსმეტიკა კვლევაში მონაწილე ყველა ქვეყანაში აღმოჩნდა.
დანიის მომხმარებელთა საბჭო ურჩევს მოქალაქეებს პროდუქციის შეძენამდე ყურადღებით გაეცნონ მის შემადგენლობას. იგი მომხმარებლებს სთავაზობს სიას, სადაც მის მიერ კოსმეტიკაში გამოვლენილი არასასურველი ნივთიერებებია შეტანილი.
თუმცა, ქართველი მომხმარებლებისათვის ამ რეკომენდაციის შესრულება რთულია შემდეგი მიზეზების გამო:
- საქართველოში არ მოქმედებს კოსმეტიკური პროდუქციის (მათ შორის, პირადი ჰიგიენის საშუალებების), ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესი სახეობების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი. შესაბამისად, არ კონტროლდება რამდენად სწორია პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია. პროდუქტების ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ჩვენ არაერთი ნიმუში გამოვავლინეთ, რომლის ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობაც ნამდვილ შიგთავსს არ შეესაბამებოდა. საფრთხის შემცველი ნივთიერებები დატანილი არ იყო.
- ონლაინვაჭრობის დროს პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი განვითარებული ქვეყნებისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს, ამიტომ იმის ალბათობა, რომ დასავლეთის ქვეყნების ონლაინპლატფორმების მეშვეობით შეძენილი პროდუქცია რისკის შემცველი აღმოჩნდეს, უფრო მაღალია, ვიდრე ასეთი ქვეყნების ჩვეულებრივ მაღაზიებში შეძენის შემთხვევაში.
- საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა, რომლებიც კოსმეტიკაში შეიძლება გამოიყენებოდეს, ათასებს ითვლის. დანიის მომხმარებელთა საბჭოს მიერ მომზადებულ სიაში მხოლოდ მათი მცირე ნაწილია, რომელიც დანიაში გამოვლინდა. იქ არ არის, მაგალითად, ჩვენს მიერ საქართველოში გაყიდულ პროდუქციაში გამოვლენილი ნივთიერებები, რომლებიც საერთოდ აკრძალულია ევროკავშირში (მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი კვლევის შედეგები).
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ევროკავშირის აკადემიური წრეები და მომხმარებლის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ქიმიური ნივთიერებების იქ მოქმედი უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ, მაშინ როდესაც საქართველოში ასეთი კონტროლი საერთოდ არ არსებობს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად დაინერგოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება; იმისათვის რათა საქართველოს მოსახლეობის, მომავალი თაობების ჯანმრთელობა სათანადოდ იყოს დაცული.
სრული ინფორმაციისათვის გაეცანით დანიის მომხმარებელთა საბჭოს კვლევის ანგარიშს ინგლისურ ენაზე.
30.11.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია