ყველი "გაუდა" ფუდმარტიდან

2014 წლის 07 მაისს სურსათის ცხელ ხაზზე (2194242) დაგვირეკა მომხარებელმა და გვთხოვა თბილისში, კავსაძი ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთასთან არსებულ მაღაზიაში (ყოფილი მაღაზია "პოპული") შეგვემოწმებინა Bayernland ფირმის ყველი "გაუდა". მომხარებლის განმარტებით, ყველს არ აწერია დამზადებისა და ვარგისიანობის თარიღი, მხოლოდ მაღაზიის მიერ მიკრულ ეტიკეტზე წერია შეფუთვის თარიღი, რომელიც გაყიდვის დღეს ემთხვევა.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, იმავე დღეს, 2014 წლის 07 მაისს, ჭავჭავაძის 54-ში მდებარე მაღაზია "ფუდმარტში" შევიძინეთ ფირმა Bayernland-ის მიერ წარმოებული ყველი "გაუდა" (მთლიანი შეფუთვა), რომლის დათვალიერებისას გაირკვა, რომ პროდუქტის გამოშვებისა და შეფუთვის თარიღები მითითებულია პროდუქტზე დაკრულ ორ ქართულენოვან ეტიკეტზე. თუმცა ამ ორ ეტიკეტზე მითითებული გამოშვებისა და ვარგისიანობის თარირები განსხვავებული იყო: შპს "ევროპროდუქტის" ეტიკეტის მიხედვით ყველი ვარგისია 2014 წლის 3 ოქტომბრამდე, ხოლო შპს "ფუდმარტი"-ს ეტიკეტის მიხედვით ყველის ვარგისიანობის ვადა 2014 წლის 10 მაისს იწურება.

პროდუქტის ნამდვილი გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადის გასარკვევად ჩვენ მივმართეთ გერმანულ ფირმა "ბაიერლენდს" მათი ვებ-გვერდის საშუალებით. ამ მიმართვის პასუხად, 9 მაისს, გამოგვეხმაურა შპს "ევროპროდუქტის" წარმომადგენელი და დაგვიდასტურა, რომ ეს ყველი ნამდვილად არის წარმოებული 2014 წლის 3 თებერვალს და იგი 2014 წლის 3 ოქტომბერამდე არის ვარგისი.

პარალელურად ჩვენ იმავე კითხვით მივმართეთ შპს "ფუდმარტს". მაღაზიიდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ "თერმო ჩეკზე მითითებული თარიღი აღნიშნავს პროდუქციის რეალიზაციის დღეს და თანხვედრაში არ არის მის ვარგისიანობის ვადასთან. თუმცა რიგ შემთხვევებში, ავტომატურ რეჟიმში, თერმო ჩეკზე აისახება მეორე თარიღიც, რაც წარმოადგენს პროგრამულ უზუსტობას".

მიგვაჩნია, რომ პროდუქტზე ორი განსხვავებული ვარგისიანობის ვადის მითითება, აგრეთვე არასწორი ვარგისიანოის ვადის მითითება, წარმოადგენს მომხარებლის შეცდომაში შეყვანის ფაქტს, რასაც საქართველოს კანონმდებლობა, სურსათთან დაკავშირებით უკვე კრძალავს[CIT=2014 წლის 17 აპრილს ''სურსათის/ცხოველთა საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში'' შევიდა ცვლილებები. მათ შორის კოდექსს დაემატა მუხლი 101. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პრინციპი:
''1. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს.
2. ამ კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.
3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა (მათ შორის, დაფასოება, შეფუთვა, განთავსება), რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით.
4. უნდა აღიკვეთოს ან/და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა სხვა ქმედება, რომლებსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.
5. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო ადგენს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და ბიზნესოპერატორის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის შესაბამისობას.
6. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო ოპერატიულად რეაგირებს იმ შეტყობინებაზე, რომელიც შემტყობინებელი პირისა და შეტყობინებით გათვალისწინებული ინფორმაციის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.''](*)[/CIT]. გაიგზავნა მაღაზიაში მოთხოვნა, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე. ინფორმაცია მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც.