ბოლო დროს გახშირდა მომხმარებელთა მომართვები რიგი კოსმეტიკური ფირმების მიერ გამოყენებული მარკეტინგის აგრესიულ მეთოდებთან დაკავშირებით.

ასე მაგალითად, 2015 წლის 14 იანვარს დახმარება გვთხოვა მომხმარებელმა, რომელიც ფირმა „დეშელის“ აგრესიული მარკეტინგის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, როგორც მომხმარებელმა გვიამბო, მას მობილურზე დაურეკა ამ ფირმის წარმომადგენელმა და შესთავაზა სახის გაწმენდის უფასო პროცედურა. საუბრისას მომხმარებელს საგანგებოდ განუმარტეს, რომ ეს აქცია ფირმის კეთილი ნება იყო და მომხმარებლის მხრიდან არავითარ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. მომხარებელიც დაეთანხმა და 2015 წლის 12 იანვარს მივიდა მითითებულ ადგილას: კოსტავას ქუჩაზე, "გრატო პასაჟში" მდებარე შპს  "Luxury Cosmetics"-ში. მას მართლაც ჩაუტარეს შეპირებული კოსმეტიკური პროცედურა. პროცედურების შემდეგ მომხმარებელს პროცედურისას გამოყენებული კოსმეტიკის შეძენა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ფირმის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ მას სთავაზობენ "უპრეცედენტო ფასდაკლებას": მას შეეძლო 2800 ლარად შეეძინა კოსმეტიკის კომპლექტი, რომელიც 4000 ლარი ღირდა. მომხმარებელმა ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა, ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე. საპასუხოდ კომპანიის წარმომადგენლებმა განვადების შესაძლებლობა შესთავაზეს, მაგრამ მომხარებელმა ამაზეც უარი სთქვა - ვერ გადავიხდიო. შემდგომი მოლაპარაკება ფირმის სხვა თანამშრომელმა გააგრძელა, რომელმაც საბოლოოდ მომხმარებლის დარწმუნება მოახერხა, რის შედეგადაც მომხმარებელმა ადგილზევე ხელი მოაწერა ხელშეკრულებას როგორც თავად ფირმასთან, აგრეთვე საკრედიტო ხელშეკრულებას საქართველოს ბანკთან. დოკუმენტების გაფორმების შემდეგ მომხმარებელს გადასცეს კოსმეტიკური პროდუქციის კომპლექტი სავაჭრო ნიშნით "დეშელი", ხაზი "Diamond Treasures" და სახლში გამოისტუმრეს.

ფირმის ოფისიდან გამოსვლისთანავე მომხმარებელი გონს მოეგო და თავი მოტყუებულად იგრძნო. მეორე დღეს მომხარებლის შვილი მივიდა ფირმაში ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ფირმამ იგი მტკიცე უარით გამოისტუმრა. ამის შემდეგ მომხარებელი დახმარებისთვის ჩვენ დაგვიკავშირდა.

ჩვენ მომხარებელს ვურჩიეთ დაუყოვნებლივ წარედგინა თავისი პრეტენზიები (წერილობით!) როგორც კოსმეტიკურ ფირმაში, ასევე ბანკში და ამ განცხადებების მომზადებაში დავეხმარეთ (განცხადება დეშელს, განცხადება საქართველოს ბანკს). საბედნიეროდ, მომხმარებლის სწრაფი მოქმედების გამო, განცხადების შეტანის მომენტისთვის ბანკიდან კრედიტის თანხა კოსმეტიკურ ფირმაში ჯერ გადარიცხულიც კი არ იყო, ამიტომ ხელშეკრულებების გაუქმება საკმაოდ იოლად მოხერხდა.

რჩევა მომხმარებელს: თუ თქვენ დაგიდეს გარიგება ისეთ პირობებში, როცა არ გაგაჩნდათ შესაძლებლობა სრულად გაგეაზრებინათ მისი შინაარსი, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას გარიგება სადავო გახადოთ (ანუ მოითხოვოთ მისი გაუქმება). ასეთ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეტენზია დააფიქსიროთ წერილობით და რაც შეიძლება მალე! სასურველია იმავე, ან შემდეგ დღეს. გამოიყენეთ მაგალითისთვის ეს განცხადებები: განცხადება ფირმასგანცხადება ბანკს.

განცხადების ჩაბარებისას შეეცადეთ გქონდეთ მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითად ასე: მოამზადეთ განცხადების ასლი და განცხადების ჩაბარებისას მიმღებ პირს მოსთხოვეთ ასლზე მიაწეროს: "ჩავიბარე (თარიღი)" და ხელი მოგიწეროთ. თუ მეორე მხარემ განცხადების ასეთ ჩაბარებაზე უარი განაცხადა, გაუგზავნეთ იგი მას დაზღვეული საფოსტო წერილი "შეტყობინებით".