სურსათის საცალო ვაჭრობის პუნქტები სწორედ ის ადგილია, სადაც სურსათის მომხმარებლის უფლებების დაცვა პრაქტიკულად ხორციელდება: სავაჭრო ობიექტებში გასაყიდად გამოტანილი სურსათი უნდა იყოს უსაფრთხო და თან ახლდეს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მომხმარებელმა სასურველი პროდუქტი სწორად აირჩიოს.

სურსათით მოვაჭრე ობიექტის ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს გასაყიდი სურსათის უვნებლობა. ანუ მაღაზიამ არ უნდა გამოიტანოს გასაყიდად სურსათი, რომელიც უვნებელი არ არის. სურსათი ითვლება უვნებლად, თუკი ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მაღაზია ვალდებულია, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რეგულარულად ამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება გასაყიდი სურსათი კანონმდებლობის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მაღაზიამ სურსათის ლაბორატორიული კვლევა უნდა ატაროს. მაღაზიას უფლება აქვს ენდოს სურსათის ეტიკეტს და თანმდევ დოკუმენტებს, მაგრამ ვალდებულია ისინი წაიკითხოს და მათ შესაბამისად მოიქცეს. მაგალითად, დაიცვას მითითებული ვარგისიანობის ვადა და ვადაგასული სურსათი გასაყიდად არ გამოიტანოს. გარდა ამისა, თუ, მაგალითად, სურსათის თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი საკვებდანამატებს შეიცავს, მაღაზიამ უნდა გადაამოწმოს, დაშვებულია თუ არა ეს საკვებდანამატები საქართველოში. სურსათი, რომელიც საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს შეიცავს, გასაყიდად არ უნდა იქნეს გამოტანილი.

გარდა ამისა, მაღაზია ვალდებულია დაიცვას სურსათის შენახვის პირობები, რომლებიც მითითებულია სურსათის შეფუთვაზე, ან თანდართულ დოკუმენტებში, ან დოკუმენტებში „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესი“, ან ცალკეული სახეობის სურსათისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებში. თუკი სურსათის შენახვის პირობები დაირღვა, სურსათი უვნებელი აღარ არის და მაღაზია ვალდებულია ამოიღოს ასეთი სურსათი გაყიდვიდან. მაგალითად, თუკი მაცივარი, რომელშიც მალფუჭებადი პროდუქტებია განთავსებული, გამოირთო და სამაცივრო კამერაში ტემპერატურა შესაბამისი სურსათის შენახვის მოთხოვნებს არ შეესაბამება, ასეთი სურსათი უვნებელი აღარ არის. ასევე არ არის უვნებელი, მაგალითად, გაყინული სურსათი, რომელიც შენახვის პერიოდში გალღვა და ხელახლა გაიყინა. არ არის უვნებელი კვერცხი, რომელიც მზეში დევს და ისე იყიდება.

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით მაღაზიამ უნდა უზრუნველყოს სავაჭრო ფართის და საწყობების სისუფთავე. აგრეთვე რეგულარულად ამოწმოს თანამშრომლების ჯანმრთელობა და გადამდები დაავადებების მატარებელი ადამიანები სურსათთან კონტაქტისთვის არ დაუშვას. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ ჭურჭლის სისუფთავე, რომელშიც დაუფასოებელი სურსათია მოთავსებული და მათი დაფასოების და მომხმარებლისთვის მიწოდების ისეთი პირობები, რომელიც სურსათის დაბინძურებას გამორიცხავს. მაგალითად, დაუშვებელია გამყიდველმა შეუფუთავი პური მოგაწოდოთ იმ ხელით, რომლითაც ფულს იღებს. დაუშვებელია შეუფუთავი პური განთავსებული იყოს მაღაზიის დახლზე ან თაროზე, მაგალითად, სარეცხი ფხვნილის გვერდით.

გარდა უვნებლობისა, სურსათის გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელი აუცილებელი ინფორმაციით, რათა მომხმარებელმა მისთვის სასურველი სასურსათო პროდუქტის სწორად შერჩევა შეძლოს. ამისთვის მაღაზიამ უნდა შეამოწმოს, რომ დაფასოებულ სურსათს გააჩნია ქართული ეტიკეტი, რომელზეც მითითებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. დაუფასოებელი სურსათის შემთხვევაში ეს ინფორმაცია მომხმარებელს მაღაზიამ უნდა მიაწოდოს.