გასაყიდად გამოტანილი სასურსათო პროდუქტი პირველ რიგში უვნებელი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაზიაში არათუ არ უნდა მოგვყიდონ ცუდი სასურსათო პროდუქტი, არამედ ასეთი პროდუქტი დახლზეც კი არ უნდა განათავსონ. სასურსათო პროდუქტი ითვლება უვნებლად, თუკი ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ეს მოთხოვნები ბევრ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტში შეიძლება იყოს გაფანტული. ესენია: კანონები,  ტექნიკური რეგლამენტები, სანიტარული წესები და ნორმები, სხვა ნორმატიული აქტები. მათი დაცვა ნიშნავს, რომ, ბაქტერიების, მავნე ნივთიერებების ან სამკურნალო საშუალებების (ანტიბიოტიკების),პესტიციდებისა, თუ საკვებდანამატების შემცველობა პროდუქტში შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ ნორმას უნდა აკმაყოფილებდეს. 

გარდა ამისა, ვინაიდან სურსათი იოლად ფუჭდება, რაც უნდა კარგი შემადგენლობა ჰქონოდა სასურსათო პროდუქტს, მისი დამზადების მომენტში, მისი უვნებლობა უზრუნველყოფილია მხოლოდ მისი ვარგისიანობის ვადის განმავლობაში, და ისიც მხოლოდ სათანადო შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში. თუ შენახვის ვადა გადაცილებულია, ან შენახვის პირობები დარღვეულია, სურსათი უვნებელი აღარ არის და მაღაზია ვალდებულია ასეთი სურსათი გაყიდვიდან ამოიღოს.  პროდუქტის შენახვის ვადა და პირობები, როგორც წესი, პროდუქტის ეტიკეტზეა მითითებული. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისთვის კი ისინი ამ სანიტარული ნორმებით არის დადგენილი. 

მეორე სავალდებულო მოთხოვნა სავაჭრო ქსელში არსებული სასურსათო პროდუქტებისადმი არის საკმარისი თანდართული ინფორმაციის არსებობა იმისათვის, რომ მომხმარებელმა სწორად აირჩიოს მისთვის სასურველი სურსათი. ეს იმას ნიშნავს, რომ სურსათის შეფუთვაზე, ან ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს:

ეს ინფორმაცია უნდა იყოს გასაგები, ადვილად წასაკითხი, მოცემული ქართულ ენაზე და განთავსებული შესამჩნევად. და რაც მთავარია, იგი უნდა იყოს სწორი. ეტიკეტზე არსებულ წარწერებს მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს!

იგივე ინფორმაცია დაუფასოებელი სურსათის შესახებ მოცემული უნდა იყოს თანმხლებ დოკუმენტაციაში, რომელიც მომხმარებელს მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდონ. ეტიკეტირების ეს მოთხოვნები არ ეხება დაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, როგორიცაა ნედლი ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, ქათამი.