სტანდარტი ნიშნავს კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებულ და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებულ დოკუმენტს, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით. თუ პროდუქციის წარმოებისას ეს მახასიათებლები დაცულია, ამბობენ, რომ პროდუქცია სტანდარტს შეესაბამება.

საქართველოში სტანდარტების შემუშავებას, რეგისტრაციას და გავრცელებას ახორციელებს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

სტანდარტების ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებას სხვადასხვა ტიპის საქონლის ტექნიკური შეთავსებადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მაგალითად, ელექტროსაქონლის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა, თუ წინასწარ არ იქნებოდა დადგენილი საცხოვრებელ ბინებში მიწოდებული დენის ერთიანი მახასიათებლები (ძაბვა, სიხშირე, მაქსიმალური დენის ძალა).

სტანდარტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საქონლის, მომსახურების, პროცესის  უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იგივე მაგალითი რომ გავაგრძელოთ, ნებისმიერი ელექტროსაქონლის სტანდარტი ადგენს, რომ ამ საქონლის ყველა ნაწილი ან პანელი, რომელსაც ადამიანი შეიძლება შეეხოს, დაფარული უნდა იყოს ისეთი საიზოლაციო ფენით, რომელიც აი იმ სტანდარტული დენისგან ადამიანის დაცვას უზრუნველყოფს.

საქართველოში მოქმედი სტანდარტები სახეებია:

საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც საერთაშორისო ან რეგიონული სტანდარტის საფუძველზეისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ.

საერთაშორისო/რეგიონული ორგანიზაციის სტანდარტი - სტანდარტიზაციის საერთაშორისო/რეგიონული ორგანიზაციის (ISO, IEC/CEN, CENELEC) მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მიღებულ იქნეს საქართველოს სტანდარტად.

სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი (გოსტ) რომელიც საქართველოში გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1995 წლის შეთანხმების სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ საფუძველზე.

საწარმოს შიდა სტანდარტი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად საწარმოს შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს, ამტკიცებს და აღრიცხავს თვით საწარმო. ასეთი სტანდარტი სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციას არ საჭიროებს. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული საწარმოს შიდა სტანდარტის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველოს ქართულენოვანი სტანდარტების ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე http://geostm.ge/cms-images/katalogi..pdf

24 მაისი, 2020