მომხმარებელი: განმარტება

„მომხმარებლის“ საერთაშორისოდ აღიარებული განმარტება შემდეგია: მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც პირადი, ოჯახის, ან შინამეურნეობის მოხმარებისათვის იძენს პროდუქტს, ან მომსახურებას, ან სარგებლობს პროდუქტითა და მომსახურებით გაეროს მომხმარებელთა დაცვის სახელმძღვანელო, თავი II, პ. 3, http://unctad.org/en/PublicationsLibrary/ditccplpmisc2016d1_en.pdf.

ამავე დროს, ტერმინი „მომხმარებელი“ გამოიყენება იურიდიული პირების მიმართაც, ან პროფესიული საქმიანობის (ვთქვათ, ხელოსანი, მხატვარი) ფარგლებში პროდუქციის ან მომსახურების შემძენი პირის მიმართაც. თუმცა, ამ კატეგორიის „მომხმარებლებზე“ მომხმარებლის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები გაეროს მომხმარებელთა დაცვის სახელმძღვანელო, თავი III, http://unctad.org/en/PublicationsLibrary/ditccplpmisc2016d1_en.pdf., როგორც წესი, არ ვრცელდება. მიზეზი ის არის, რომ ფიზიკური პირი, მოქალაქე, რომელიც პირადი, ან ოჯახის მოხმარებისათვის იძენს გარკვეულ პროდუქციასა თუ მომსახურებას არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება იმ მეწარმესთან შედარებით, რომელიც ამ პროდუქციასა თუ მომსახურებას ყიდის. მეწარმეს გაცილებით უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ თავისი საქმიანობით ზიანი მოუტანოს მოქალაქეს, ვიდრე პირიქით. 

პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციისა თუ მომსახურების შეძენას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში, მყიდველს გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია აქვს მისთვის საინტერესო პროდუქტზე და მომსახურებაზე და მას უკეთ შეუძლია თავისი ინტერესები დაიცვას.

ასე რომ, „მომხმარებელი“, როგორც ფიზიკური პირი არის ყველაზე მოწყვლადი და მის დასაცავად სახელმწიფოს საგანგებო მექანიზმები უნდა ჰქონდეს შემუშავებული.  

შესაბამისად, ჩვენც „მომხმარებლის“, როგორც ფიზიკური პირის უფლებებს ვიცავთ.

11 ნოემბერი, 2019