სურსათის მიკრობიოლოგიური ნორმები

სურსათის უვნებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მასში მიკროორგანიზმების იმ შემთხვევაში მიკროორგანიზმად მიიჩნევა არა მხოლოდ ბაქტერიები და ვირუსები, არამედ სხვა მიკროსკოპული ორგანიზმებიც (მაგ. პარაზიტები) და მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინები ან მეტაბოლიტები (ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი „შლაკები“ არსებობა. უვნებელია მხოლოდ ის სურსათი, რომელშიც ადამიანისთვის მავნე მიკროორგანიზმები არ არის ან არის ისეთი (მცირე) ოდენობით, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი იოლად ერევა .

სურსათის მიკრობიოლოგიური უვნებლობის ერთიან ნორმებზე მსოფლიოს ქვეყნები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ პირველ რიგში იმის გამო, რომ ადამიანთა მგრძნობელობა ერთსა და იმავე მიკრობისადმი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია.  - ანუ ერთიანი საერთაშორისო ნორმები დადგენილი არ არის. ასეთ პირობებში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ითხოვს, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული ნორმები თავად ამ ქვეყნებმა დაასაბუთონ. ანუ, ქვეყანას უნდა შეეძლოს განმარტოს, თუ ადამიანთა რომელი დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული ესა თუ ის მიკრობიოლოგიური ნორმა და მოსახლეობის ავადობის რა დონეს იგულისხმება ქვეყანაში (ფიტო)სანიტარიული დაცვის დონე. იხ.: სასურსათო რისკების ანალიზი.]  უზრუნველყოფს ამ ნორმის დაცვა. თუ ნორმა ამგვარად დასაბუთებული არ არის, ამ ქვეყანაში სურსათის შემომტან ქვეყანას შეუძლია იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების განხილვის ორგანოში გაასაჩივროს.

დღეისათვის საქართველოში სურსათის უვნებლობის ნორმები რეგულირდება ურსათის  მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტითა“ (ამოქმედდა 2016 წ. ივლისიდან) და სანიტარული ნორმებით და წესებით. პირველი ევროკავშირის შესაბამისი ნორმების ანალოგია, ხოლო მეორე  ყოფილი საბჭოთა „სანპინების“ გადმოქართულებული ვერსი და არც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს ასახავს და არც სურსათის წარმოება-დისტრიბუციის თანამედროვე ტექნოლოგიებს და რეალობებს. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტი 2016 წლამდე სურსათის უვნებლობის ნორმების განმსაზღვრელი ერთადერთი დოკუმენტი იყო და თანამედროვე ნორმებით ბოლომდე ჯერ კიდევ არ ჩანაცვლებულა.  

აუცილებელია, რომ სურსათის უვნებლობის ნორმები რომელიმე ქვეყნის ან თუნდაც ევროკავშირის ნორმების უბრალო თარგმანი კი არ იყოს, არამედ ამ კონკრეტული ქვეყნის რეალობაზე, ადამიანთა ავადობის დინამიკაზე და კვების თავისებურებებზე იყოს მორგებული და პრაქტიკულად ემსახურებოდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუმცა, საქართველოში სურსათით გამოწვეული დაავადებების ზუსტი აღრიცხვა და კვების თავისებურებების შესწავლა ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს. 

ევროკავშირში დადგენილი სურსათის მიკრობიოლოგიური ნორმები აქ მხოლოდ იმის სამაგალითოდ მოგვყავს, თუ რამდენად არის ისინი მორგებული ევროკავშირის მოსახლეობის ჯანმრთელობის კონკრეტულ საფრთხეებს და სურსათის წარმოებისა თუ გადამუშავების სპეციფიკას.

-------------------------------------------------------

1990-იანი წლების ბოლოს ევროკომისიამ თავის დამხმარე სამეცნიერო კომიტეტებს დაავალა გამოეყოთ ის დაავადებები, რომელთა გავრცელების წყაროსაც სურსათი წარმოადგენდა და რომელიც ევროკავშირისთვის (იმ პერიოდისთვის) პრიორიტეტული იყო. 2000 წელს ერთ-ერთმა კომიტეტმა ასეთი დასკვნა წარმოადგინა იგულისხმება ე.წ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვასთან დაკავშირებული ვეტერინარული სამეცნიერო კომიტეტის“ 2000 წლის დასკვნა სურსათით გადატანილი ზოონოზური დაავადებების შესახებ, რომელშიც ევროკავშირისთვის პრიორიტეტული 4 ბაქტერია მიუთითა:

  1. სალმონელა ბაქტერია Salmonella-ს სხვადასხვა სახეობები, რომლებიც ადამიანის ან ცხოველების ნაწლავებში იბუდებენ. სალმონელას ორი სახეობა (S.typhi და S.paratyphi) სპეციალიზებულია მხოლოდ ადამიანებზე და იწვევს საკმაოდ მძიმე დაავადებებს - მუცლის ტიფსა და პარატიფს; სალმონელას რამდენიმე სახეობა ბუდობს მხოლოდ ცხოველებში და ადამიანზე საერთოდ არ გადადის. სალმონელას სხვა სახეობები კი (20-ზე მეტი), რომლებიც კონკრეტულ „პატრონზე“ სპეციალიზებული არ არის, ადამიანებში კუჭ-ნაწლავის შედარებით მსუბუქ დაავადებას - სალმონელოზს იწვევს. დაავადება იწყება დაბინძურებული პროდუქტის მიღებიდან 12-24 საათში და გრძელდება 2-7 დღე. ახასიათებს კუჭის აშლილობა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა. სიკვდილიანობის მაჩვენებელია 1-2%. სალმონელით დაავადების ყველაზე ხშირი წყაროა კვერცხი და ქათმის ხორცი. ბაქტერია აგრეთვე შეიძლება იყოს სხვა ხორცში, ნედლ რძეში, არაპასტერიზებულ წვენებში, გაღვივებულ თესლებში. თერმული დამუშავება (70-75ºC) ბაქტერიას კლავს. 
    მუცლის ტიფი და პარატიფი ევროკავშირისთვის აქტუალური დიდი ხანია აღარ არის, სალმონელოზი კი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. 2004 წელს ევროკავშირში სალმონელოზის 196 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა (42/100000 მოსახლეზე). ამის შემდეგ დაავადების სიხშირემ იკლო და 2011 წელს 95,5 ათასზე ჩამოვიდა (20/100000 მოსახლეზე).
     
  2. კამპილობაქტერია ბაქტერია Campylobacter-ის სხვადასხვა სახეობები. ეს ბაქტერიები თანამედროვე ეტაპზე განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა ნაწლავური ინფექციების ძირითად გამომწვევ აგენტად მიიჩნევა. დაავადება იწყება ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრიდან 2-5 დღეში და როგორც წესი, საკმაოდ მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ძირითადი სიმპტომებია: გულის რევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი, თავისა და მუცლის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება. დაავადება გრძელდება 3-6 დღე და, როგორც წესი, სპეციალური მკურნალობის გარეშე გადის. გართულებების ალბათობა 1%. ლეტალური შედეგი ძალზე იშვიათია და მხოლოდ ჩვილ, მოხუც ან იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებში დგება. 2011 წელს ევროკავშირში კამპილობაქტერიოზის 190 ათასი შემთხვევა იყო რეგისტრირებული. თუმცა შეფასებულია, რომ ეს მაჩვენებელი დაავადებულთა რიცხვის მხოლოდ მცირე ნაწილია და რეალურად ამ დაავადებით ევროკავშირში ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება (ანუ ყოველი 50 მოსახლიდან ერთი) და საზოგადოებას დაავადება წელიწადში დაახლოებით 2,4 მილიარდი ევრო უჯდება (იგულისხმება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ხარჯები და ადამიანთა შრომისუნარიანობის დაქვეითებით გამოწვეული დანაკარგი). 
    ბაქტერია სითბოსმოყვარულია, მისი განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 42ºC. ბაქტერია ბუდობს შინაური ფრინველებისა და ცხოველების ნაწლავებში, ხშირად რაიმე გამოვლინების გარეშე. ადამიანის საკვებში იგი ძირითადად ხვდება მზა საჭმელების ფრინველის უმ ხორცთან ერთად შენახვისას, ე.წ. „ჯვარედინი დაბინძურების“ შედეგად ან საკვების მომზადებისას უმ ხორცთან შეხების შედეგად დაბინძურებული ხელებიდან. ბაქტერიის განადგურება შესაძლებელია პროდუქტის თერმული დამუშავებით ან ხანგრძლივი გაყინვით.
     ;
  3. ვეროტოქსინის წარმომქმნელი „ე-კოლი“ Verotoxin-producing Escherichia coli (VTEC), იგივეა რაც enterohemorrhagic E. coli (EHEC), shiga-like toxin-producing E. coli (STEC or SLTEC), hemolytic uremic syndrome–associated enterohemorrhagic E. coli (HUSEC). ეს არის ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში მცხოვრები უვნებელი ბაქტერიის, ეშერიქია კოლის, რამდენიმე სეროტიპი (ნაირსახეობა), რომელიც ადამიანისათვის მომწავლელ ძლიერ ტოქსინს - ვეროტოქსინს გამოიმუშავებს. ტოქსინი აზიანებს სხვადასხვა ორგანოს (პირველ რიგში ნაწლავების, მაგრამ ხშირად აგრეთვე თირკმელების, ზოგჯერ ფილტვის) წვრილ სისხლძარღვებს და სისხლდენას იწვევს. ამიტომ დაავადების ყველაზე საყურადღებო სიმპტომია სისხლიანი ფაღარათი. ხშირია დაავადების ორფაზიანი განვითარება, როცა რამდენიმე დღიან იოლ ფაზას (მუცლის ტკივილი და ფაღარათი) მოსდევს 1-2 დღიანი გაუმჯობესება და შემდეგ იწყება მეორე, სისხლიანი ფაღარათის ფაზა. 8%-10% შემთხვევებში (რისკის ჯგუფია ბავშვები და მოხუცები) დამატებით ვითარდება ძალზე მძიმე გართულება - ჰემოლითურ-ურემიული სინდრომი , რომელიც ხასიათდება ანემიით, სისხლდენით, თირკმლის მწვავე უკმარისობით (დამახასიათებელია სისხლი შარდში), ნევროლოგიური დარღვევებით და 5% შემთხვევებში სიკვდილით მთავრდება. 
    ბაქტერია ადამიანის სხეულში წყლით, სურსათით ან დაუბანელი ხელებიდან ხვდება. დაავადებისთვის საკმარისია ბაქტერიის ძალზე მცირე რაოდენობა (10 ცალი ბაქტერიული უჯრედი). დაავადება იწყება ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრიდან 3-4 (იშვიათად 8) დღეში. ცხოველებში ეს ბაქტერიები დაავადებას არ იწვევს და აღმოჩენილია ბევრი სხვადასხვა ცხოველის ნაწლავში (მ.შ. ჩლიქოსნები, კატები, ძაღლები). როგორც ყველა ეშერიქია კოლი, ბაქტერიის ეს ნაირსახეობაც სწრაფად იღუპება წყლის ადუღებით ან სურსათის თერმული დამუშავებით. ამიტომ საშიშია ის პროდუქტები, რომლებიც სათანადო თერმულ დამუშავებას არ გადის: ნედლი რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები (ხაჭო, ჭყინტი ყველი), უმი ხორცისგან დამზადებული პროდუქტები (მაგ., ძეხვი „სალიამი“), ხილისა და ბოსტნეულის არაპასტერიზებული წვენები, გაღვივებული თესლები და სხვა.
    2007-2010 წლებში დაავადების წლიური მაჩვენებელი ევროკავშირში 3,2-3,6 ათას კაცს შეადგენდა. 2011 წელს კი გერმანიაში დაავადების დიდ აფეთქებას ჰქონდა ადგილი, რომელმაც 3,8 ათასი ადამიანი მოიცვა. ამ აფეთქებას ჰქონდა ჰემოლითურ-ურემიული სინდრომით გართულებისა და სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი (845 და 54 შემთხვევა შესაბამისად). სულ ევროკავშირის მასშტაბით დაავადების მაჩვენებელმა 2011 წელს 9,5 ათასი შეადგინა, გართულებების რაოდენობამ 1004, ხოლო სულ გარდაიცვალა 56 ადამიანი.
    ;
  4. ლისტერია გარემოში მცხოვრები ჩხირისმაგვარი ბაქტერია Listeria monocytogenes, რომელიც ადამიანის ორგანიზმში დიდი ოდენობით მოხვედრის შემთხვევაში იწვევს დაავადება ლისტერიოზს. ინფექცია გადადის ლისტერიის შემცველი სურსათის მოხმარებით ან ავადმყოფთან შეხებით. ლისტერია იღუპება 65ºC ტემპერატურაზე სურსათის გაცხელების შედეგად, თუმცა შესაძლებელია მეორეული დაბინძურება (ბაქტერიის გადასვლა პროდუქტზე სხვა პროდუქტებთან კონტაქტის შედეგად). მარილი ამ ბაქტერიას არ კლავს, მაცივარში კი ის მრავლდება კიდეც. ბაქტერია ცხოვრობს ნიადაგში, წყალში, ცხოველებსა და მცენარეებზე. შესაძლოა დააბინძუროს ნებისმიერი პროდუქტი. დაავადების გავრცელების წყარო ყველაზე ხშირად არის ცივად შებოლილი თევზი ან ხორცი, რბილი ყველი ან უმი ბოსტნეული. ადამიანთა დაავადება საკმაოდ იშვიათია. რისკის ჯგუფია ფეხმძიმეები, ახალშობილები, მოხუცები და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები. დაავადების გამოვლინება ვარირებს გულისრევა-პირღებინება-კუჭაშლილობიდან მენინგიტამდე. საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2011 წელს ევროკავშირში ლისტერიოზით დაავადდა 1470 ადამიანი, მათგან 12% გარდაიცვალა .

საგულისხმია, რომ 2005 წელს ევროკავშირის მიერ დადგენილ სურსათის უვნებლობის მიკრობიოლოგიურ ნორმებში ამ ოთხი პრიორიტეტული ბაქტერიიდან მხოლოდ ორი - სალმონელა და ლისტერია მოხვდა 2013 წლიდან უვნებლობის ნორმებს „ე-კოლის“ რამდენიმე პათოგენური სეროტიპიც დაემატა.. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დანარჩენ ორ ბაქტერიასთან დაკავშირებით (იმ ეტაპზე) მეცნიერებმა ვერ შესთავაზეს ევროკომისიას ისეთი ნორმები, რომელთა დაცვა, ადამიანთა ავადობის შემცირების თვალსაზრისით, რეალურ შედეგს მოიტანდა. რა თქმა უნდა, ეს დროებითი მდგომარეობაა და ამ ორი ბაქტერიისგან მოსახლეობის დაცვის ზომების მოძიება გრძელდება. 2011 წელს ევროპის სურსათის უვნებლობის უწყებამ  ფუნქციურად ეს არის სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც სასურსათო რისკების შეფასებაზე არის სპეციალიზებული  კამპილობაქტერიოზის რისკების ძალზე დეტალური და საინტერესო სამეცნიერო შეფასება მოამზადა და ევროკომისიას დაავადების შემცირების სხვადასხვა ზომები შესთავაზა კერძოდ, დაავადების შესამცირებლად რეკომენდებულია ძალისხმევის კონცენტრირება ბროილერების ფერმებზე. აქ ეფექტურ ღონისძიებად არის მიჩნეული მაგალითად ბუზებისგან დამცავი ბადეების დამონტაჟება (დაბინძურების რისკი მცირდება 2-10-ჯერ), ფრინველის დასაკლავი ასაკის შემცირება 28 დღემდე (დაბინძურების რისკი მცირდება 2-ჯერ) და ქათმების პარტიის ე.წ. „შეთხელების“ (პერიოდული გამოხშირვა) პრაქტიკის შეწყვეტა (დაბინძურების რისკი მცირდება 1,3-ჯერ). დაკვლის შემდგომ, სასაკლაოებში ბაქტერიის სრული მოსპობა შესაძლებელია უკლებლივ მთელი ხორცის მოხარშვით ან დასხივებით, ხოლო დაბინძურების 10-ჯერ შემცრება შესაძლებელია მისი 2-3 კვირიანი გაყინვით. უფრო მოკლევადიანი (2-3 დღე) გაყინვა, ხორცის დამდუღვრა ან ქიმიური დამუშავება ნაკლებად ეფექტურია და დაბინძურებას 2-ჯერ ან ცოტა მეტჯერ ამცირებს. იმისთვის, რომ ასეთი დამუშავება არა ყველა დაკლულ ქათამს, არამედ მხოლოდ დაბინძურებულ პარტიებს ჩაუტარდეს, რეკომენდებულია დასაკლავი ქათმების პარტიების სავალდებულო წინასწარი შემოწმება (დაკვლამდე 4 დღით ადრე) . ამჟამად ევროკომისიაში მიმდინარეობს კამპილობაქტერით დაბინძურების შემცირების ამ შემოთავაზებული ზომების ხარჯთეფექტურობის შეფასება, რაც გადაწყვეტილების მიმღებებს ყველაზე ეფექტური ზომის არჩევისა და მისი განხორციელების განრიგის დადგენის საშუალებას მისცემს. ამის შემდეგ მოხდება სათანადო სამართლებრივი მექანიზმის შერჩევა და დაწესება.

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

  

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.

11 ნოემბერი, 2019