კოლიბაქტერიები

კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი (იგივე კოლიფორმები) აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა ვითარდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში, კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად.

კოლიბაქტერიების ერთ-ერთი წარმომადგენელი, Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი) ადამიანის ნაწლავებში ჩნდება დაბადებიდან პირველსავე დღეებში და ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მართალია ამ ბაქტერიების რაოდენობა ნაწლავის საერთო მიკროფლორაში არ აღემატება 1%, მაგრამ ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ნაწლავის ჩხირი შთანთქავს ნაწლავებში არსებულ ჟანგბადს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებზე, გამოიმუშავებს B ჯგუფისა და K ვიტამინებს, მონაწილეობას იღებს ქოლესტერინის, ბილირუბინის, ქოლინის, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლაზე, გავლენას ახდენს რკინისა და კალციუმის შეწოვაზე.

ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ. ისინი ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავე არე), შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა წყალში, ნიადაგსა და სხვადასხვა ნივთებზე. ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები მრავლდებიან, როგორ აერობულ ასევე ანაერობულ პირობებში, განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებიან 37გრადუს C-ზე, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს ოთახის ტემპერატურაზეც. თუმცა ამ ბაქტერიების განადგურება საკმაოდ იოლია - საკმარისია პროდუქტის (წყლის) 15 წუთით 60ºC-ზე გაცხელება.

სასურსათო პროდუქტების დაბინძურება კოლიბაქტერიებით შეიძლება მოხდეს შემდეგი დარღვევებისას:

საკვებ პროდუქტში მოხვედრისას, თუ ტემპერატურული პირობებიც ხელშემწყობია, კოლიბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება. კოლიბაქტერიების ინტენსიური გამრავლებისას ხდება პროდუქტის სუნისა და გემოს მკვეთრი გაუარესება. გარდა ამისა, პროდუქტში გროვდება ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც კი შეიძლება მომწამვლელი იყოს ადამიანისთვის.

კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს: ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით: გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან მადის დაკარგვით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.

სახლის პირობებში კოლიბაქტერიების მოშორება პროდუქტიდან შესაძლებელია მისი ინტენსიური და საგულდაგულო გარეცხვით (თუ კოლიბაქტერიები პროდუქტის ზედაპირზეა) ან თერმული დამუშავებით (მოხარშვით, შეწვით). თუმცა, ვიმეორებთ, თერმული დამუშავებით პროდუქტს არ შორდება კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები. ამიტომ, თუკი ეჭვი გაქვთ, რომ კოლიბაქტერიებით პროდუქტი არა მხოლოდ დაბინძურდა, არამედ ისინი მასში გამრავლდნენ კიდეც (მაგალითად, თუკი დაბინძურებული პროდუქტი დიდხანს იდო სითბოში), მოერიდეთ ასეთი პროდუქტის მოხმარებას.

საგულისხმოა, რომ კოლიბაქტერიის არსებობა სასურსათო პროდუქტებში პროდუქტის ფეკალური დაბინძურების ინდიკატორად არის მიჩნეული. მისი აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტში სხვა ფეკალური მიკრობები, ვირუსები, პარაზიტებიც შეიძლება იყოს. სურსათის/სასმელის ფეკალური დაბინძურება კი ადამიანის შემდეგი დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს:

ამიტომ მომხმარებელს დაბეჯითებით ვურჩევთ: მოერიდეთ კოლიბაქტერიებით დაბინძურებული სურსათს!

11 ნოემბერი, 2019