კლასიკური ლიმონათი ნატურალური ხილის წვენის ან ნაყენის და ვაჟინისაგან მზადდება. ასე მომზადებულ ლიმონათს ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედი ქიმიური შემადგენლობა აქვს: მასში უხვადაა სხვადასხვა ორგანული მჟავები, მინერალური ნაერთები, ვიტამინები, არომატული ნივთიერებები, ნახშირწყლები და სხვა, რომლებიც არეგულირებს ადამიანის ორგანიზმის წყლის რეჟიმს და ნივთიერებათა ცვლას. ლიმონათები მატონიზირებელი (ტონუსის ამწევი) თვისებებითაც ხასიათდება.

თუმცა, ასეთი ნატურალური ლიმონათები დღესდღეობით სამწუხაროდ იშვიათობაა. ამჟამად, ლიმონათის წარმოების დროს, ძალიან ხშირად ხელოვნური საღებავები, შაქრის შემცვლელი დამატკბობლები და არომატიზატორები გამოიყენება, რომელთა უმეტესობა ჯანმრთელობისთვის მავნეა. სამწუხაროდ, ამ გზით მიღებული სასმელები ნატურალურ ლიმონათზე ბევრად იაფია და ბუნებრივია უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე სწორედ მათ უკავიათ ძირითადი ადგილი.

შაქრის შემცვლელი დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული სასმელები რეკონემდებულია მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის. ჯანმრთელი ადამიანისთვის კი მსგავსი დამატკბობლების ხშირი მიღება საზიანოა, ვინაიდან იგი კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციასა და ორგანიზმში ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას იწვევს. განსაკუთრებით არასასურველია დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული ლიმონათის მოხმარება ზაფხულში, ვინაიდან ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი, ასპარტამი, 30ºC ან მეტ ტემპერატურაზე პროდუქტის შენახვისას იშლება და წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებას (მეთანოლს). რაც შეეხება ხელოვნურ საღებავებს, დადასტურებულია, რომ ისინი ბავშვებში იწვევს ყურადღების დეფიციტს, ჰიპერაქტიურობას, ნევროზებს და ტვინის დისფუნქციასაც კი.

იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა არ დააზიანოთ, ლიმონათის შეძენისას უნდა შეეცადოთ აირჩიოთ ისეთი ბრენდი, რომელშიც ხელოვნური საღებავები ან დამატკბობლები მინიმალურად არის გამოყენებული. ამისთვის ეს რჩევები გამოგადგებათ:

სახლის პირობებში შესაძლებელია იმის შემოწმება შაქარს შეიცავს ლიმონათი, თუ სხვა დამატკბობლებს. ამისთვის გადმოასხით ცოტაოდენი ლიმონათი ჭიქაში და დატოვეთ რამდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე. თუ პროდუქტი ნამდვილ შაქარზეა დამზადებული, იგი „დუღილს“დაიწყებს, ამჟავდება. ხელოვნური დამატკბობლები კი ასეთ ეფექტს არ იძლევა.