კარაქი წარმოადგენს რძის ცხიმების კონცენტრატს. კონსისტენციით იგი ე.წ. „რბილ ცხიმებს“ მიეკუთვნება. კარაქი ძალიან კალორიული პროდუქტია და თან ძალიან კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ, ამიტომ იგი იოლად ასუქებს ადამიანს და ბევრი ერიდება მის მოხმარებას.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარაქი მაღალი ბიოლოგიური ღირებულების პროდუქტია (მარტივად რომ ვთქვათ, იგი სასარგებლოა). მაგალითად, ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის იგი უბრალოდ აუცილებელია. კარაქში შემავალი ნივთიერებები იცავენ ბავშვის ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისაგან, სძენენ კანს ელასტიურობას და შეუღწევადს ქმნიან მიკრობებისათვის, დადებითად მოქმედებენ მხედველობაზე. კარაქი აგრეთვე სასარგებლოა მეძუძური დედებისათვის. იგი აუმჯობესებს დედის რძის შემადგენლობას და აძლიერებს მის გამოყოფას. კარაქი აგრეთვე შეუცვლელია ავადმყოფობით დასუსტებული ადამიანებისათვის.

ხანშიშესულ ადამიანებს ხშირად ურჩევენ შეზღუდონ კარაქის მოხმარება მასში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის გამო. სინამდვილეში საშიშია არა თავად ქოლესტერინი, არამედ ორგანიზმში არსებული წონასწორობის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლძარღვთა კედლებზე ქოლესტერინის დანალექის წარმოქმნას. ზომიერების ფარგლებში მოხმარებისას (დღეში 20-40 გრ) კარაქი ორგანიზმში არსებულ წონასწორობაზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ ამარაგებს მას შეუცვლელი ცხიმმჟავებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.