მაწონი, იოგურტი და კეფირი რძეში სხვადასხვა მიკროორგანიზმების შეტანისა და ცხოველქმედების შედეგად მიღებული რძემჟავა პროდუქტებია. ყველა მათგანი სასარგებლო და გემრიელია, თუმცა, თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ ცალ-ცალკე ვისაუბროთ თითოეულზე.

მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი, ანუ არაპასტერიზებული პროდუქტი ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა. თუმცა, თუკი ნედლი რძე დაავადებული, ან დაბინძურებულია, რომლისგანაც პროდუქტი მზადდება, იგი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.

მაწონი

მაწონი ქართული ნაციონალური რძემჟავა პროდუქტია. დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული მაწონი მთლიანად საქართველოში დამზადებულია. მაწონი „ცოცხალი” რძემჟავა პროდუქტია - შემადედებელი ბაქტერიები მასში ცოცხალია და ის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

ბაზარზე იყიდება როგორც ქარხნული, ასევე კუსტარული წესით მომზადებული მაწონი. რომელია უკეთესი? რთული სათქმელია. მეტი გარანტიაა, რომ ქარხნული მაწონი სუფთა კულტურით და შესაბამის ჰიგიენურ პირობებშია მომზადებული და ამდენად უფრო უვნებელია. რა თქმა უნდა, ქარხნული მაწონის ძირითადი მასა არა ნატურალური რძისგან, არამედ რძის ფხვნილისგან (ანუ მშრალი რძისაგან) არის დამზადებული. კანონის მიხედვით, ეს ინგრედიენტების ჩამონათვალში უნდა იყოს მითითებული”.

სხვათა შორის, სრულებით არ არის გამორიცხული, რომ რძის ფხვნილი კუსტარულად მომზადებული მაწვნის დამზადებისასაც იყოს გამოყენებული. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, თუ კუსტარულად მომზადებულ მაწონს ყიდულობთ, შეიძლება მისი მომზადებისას ჰიგიენური მოთხოვნები დაცული არ იყოს.

ამიტომ გირჩევთ, სოფლის მაწონი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინოთ, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ მისი მომზადება საკმარისად სუფთად ხდება. არ გირჩევთ, ბაზარში უცნობი ადამიანებისგან მაწვნის შეძენას.

სამწუხაროდ, კუსტარულად მომზადებული მაწვნის ფალსიციფირების შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია. ყველაზე ხშირად მაწვნისათვის წყლით განზავებულ რძეს იყენებენ, შემდეგ ამ ნაკლის დასაფარად და მაწვნისათვის სისქის მისაცემად კი პროდუქტს სახამებელს უმატებენ. ამ ფალსიფიკაციის აღმოჩენა ძალიან იოლია - ჩააწვეთეთ მაწონში ერთი წვეთი იოდის ხსნარი. თუ ის გალურჯდა, ესე იგი, მაწონი ფალსიფიცირებულია.

გაითვალისწინეთ: ვინაიდან მაწონი ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს შეიცავს, შენახვისას იგი თანდათან სულ უფრო მჟავდება. ძალიან მჟავე მაწონი კი ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის (განსაკუთრებით მომატებული მჟავიანობის, წყლულების, ეროზიული გასტრიტის, პანკრეატიტისა და ჰეპატიტის დროს). ამიტომ გადამჟავებულ მაწონს ნუ მიირთმევთ. თუმცა ის შესაძლებელია გამოიყენოთ საკონდიტრო ან ფქვილოვანი ნაწარმის მოსამზადებლად

ვადაგასულმა და არასათანადო პირობებში შენახულმა მაწონმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. ნუ გამოიყენებთ დაძველებულ ან გაფუჭებულ მაწონს.

იოგურტი

თანამედროვე იოგურტის სამშობლო ბალკანეთის ნახევარკუნძულია. თუმცა იგი დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია - მას დედამიწის მოსახლეობის 30% მოიხმარს.

„ცოცხალი” იოგურტის (ანუ მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი პროდუქტის) შენახვის ვადა მაცივრის პირობებში არ აღემატებს 2 კვირას. თუ იოგურტის შეფუთვაზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა 2-3 თვეა, ან რომ მისი შენახვა 5-15ºC პირობებში შეიძლება, ეს ნამდვილად პასტერიზებული პროდუქტია. ამ პროდუქტების შენახვის ვადა ხშირად 6 თვემდეა. ასეთი პროდუქცია ნაკლებად სასარგებლოა.

კეფირი

კეფირის სამშობლოდ იალბუზის მისადგომები ითვლება. დღესდღეობით ეს პროდუქტი ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იწარმოება და მოიხმარება. კეფირი ძალიან გემრიელი პროდუქტია, რომელიც, ისევე როგორც მაწონი, ძირითადად არაპასტერიზებულ მდგომარეობაში იყიდება. კეფირის უმნიშვნელოვანესი უპირატესობა პრობიოტიკების (ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე და ნივთიერებათა ცვლაზე) მაღალი შემცველობაა.

მართალია კეფირი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ მოხმარებისას, მისი თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ:

მასალის გამოყენებისას ვებსაიტის მითითება სავალდებულოა!