წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში

2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა „სუდანის“ ჯგუფის საღებავები. ეს არასაკვები საღებავებია, რომელთა სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი იყენებს სუდანის ჯგუფის საღებავებს სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. თუმცა, ამ საღებავებით ნედლეულის დაბინძურების შესახებ, მწარმოებელმა შესაძლოა არც იცოდეს.

საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი ჰქონდა სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება სუდანის ჯგუფის საღებავებზე (საზღვარგარეთის ლაბორატორიაში).

ამ სიტუაციაში ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა. შესაბამისად თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანულ ლაბორატორია ევროფინსში.

2019 წლის 15 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც 6 პროდუქტში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. შედეგები გაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა (სეს) და შესაბამის მეწარმეებს.

ჩვენი კვლევის შედეგების საფუძველზე სეს-მა განახორციელა შესაბამისი პროდუქტების მწარმოებლების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. სეს-მა, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. დადგინდა ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებდნენ და აღებულ იქნა წიწაკის ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისათვის. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, შემოწმებული 10 ნიმუშიდან 9-ში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. შესაბამისად, სეს-მა ამ წიწაკის პარტიების რეალიზაციაც აკრძალა.

ამავე დროს, გაირკვა, რომ 7 შემთხვევაში სუდანით დაბინძურებული წიწაკის პარტიები იმპორტირებული იყო. საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება.

ამგვარად, ჩვენს ინიციატივას შედეგად მოჰყვა:
1. მავნე სურსათის 15 პარტიის გამოვლენა და მათი გაყიდვის აკრძალვა;
2. სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა;
3. სისტემური ცვლილებების გატარება სურსათის დაბინძურების რისკების შესამცირებლად.

მოცემული შემთხვევა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და საჯარო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია და კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ, სამოქალაქო აქტივობის შედეგად, კონკრეტული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შედეგების მიღწევა შესაძლებელია.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სუდანით პროდუქციის დაბინძურების მონიტორინგს და შეძლებისდაგვარად შევუწყობთ ხელს იმას, რომ საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქცია უვნებელი იყოს.

დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე იხილეთ ამ ბმულზე

ინიციატივა განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

15.11.2019


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები