ვიტამინები, მინერალები და სხვა სასურსათო დანამატები
სასურსათო ან დიეტური დანამატები დღეისათვის ფართოდაა გავრცელებული და ადვილადაა ხელმისაწვდომი. მათ შევხვდებით აფთიაქებში, სპეციალურ მაღაზიებში, ინტერნეტმაღაზიებში და სუპერმარკეტებშიც კი. გამოდის სხვადასხვა დოზებისა და კომბინაციების სასურსათო დანამატები. ისინი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ენზიმებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც მომხმარებელს მიეწოდება აბების, კაფსულების, ფხვნილების ან სითხეების სახით. განსაკუთრებით გავრცელებულია D ვიტამინი, კალციუმი, თევზის ზეთი და სხვა.
რა სარგებლობა მოაქვს სასურსათო დანამატებს? ისინი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივი კვების დროს შესაძლოა საკმარისი ოდენობით ვერ იღებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება დაავადებების რისკ-ფაქტორები შეამცირონ. ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, გონების მუშაობის ან იმუნური სისტემის ხელშესაწყობად, ან სპორტული დატვირთვის გადასატანად. ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს ორსულებისათვის, ჩვილებისათვის, მოხუცებისათვის, ვეგანებისათვის და სხვა.
თუმცა, სასურსათო დანამატები წამლები არ არის და კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის არ არის გამიზნული.
ამავე დროს, სასურსათო დანამატების უვნებლობა, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერულად უნდა იყოს დადგენილი. ამის საფუძველზე უნდა იყოს შედგენილი მათი ეტიკეტები და ინსტრუქციები, რომლებმაც მათ სწორ მოხმარებას უნდა შეუწყოს ხელი. მაგალითად, ევროკავშირში სასურსათო დანამატების ზემოქმედებას ევროპის სურსათის უვნებლობის უწყება (EFSA) შეისწავლის.
ბევრ სასურსათო დანამატს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა, ევროკავშირშიც კი ზოგიერთი მათგანის უვნებლობასა და ხარისხზე გარკვეული ეჭვები არსებობს. მთავარ პრობლემებად მიჩნეულია ქიმიური ან მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უსაფრთხო ზღვრების არსებობა.
უნდა ვიცოდეთ, რომ სასურსათო დანამატები არ გამოდგება ჯანსაღი, ბალანსირებული კვების ჩამანაცვლებლად. ადამიანების უმრავლესობას არც სჭირდება სასურსათო დანამატები, თუკი ისინი ყველა საჭირო ნივთიერებას საკვებით იღებენ. თითოეული საკვები ნივთიერების მხოლოდ გარკვეული ოდენობაა საჭირო ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის და გადამეტებული მოხმარება შეიძლება უკეთესი სულაც არ იყოს. დიდი დოზებით, ზოგიერთმა ნივთიერებამ შეიძლება უკუჩვენებები და ჯანმრთელობის დაზიანებაც კი გამოიწვიოს.
ასე რომ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მოვერიდოთ სასურსათო დანამატების მიღებას. ჯანმრთელობის საწინდარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და ბალანსირებული, უვნებელი საკვები.
წყარო: ევროპის სურსათის უვნებლობის უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული მასალები.
30.01.2024
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია