როგორ მოვიხმაროთ ბიჟუტერია?
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც მრეწველობაში უამრავი მავნე ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, მომხმარებლები მუდმივად ვართ ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების რისკის წინაშე. თუმცა, საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობაზე უსაფრთხოების მოთხოვნები არ არის დაწესებული და სახელმწიფო კონტროლიც არ ხორციელდება. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც უკონტროლო და დიდი საფრთხის შემცველია, არის ბიჟუტერია.
ჩვენი ინიციატივით ჩატარებული კვლევების შედეგად, იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/211 საქართველოს მაღაზიებში ნაყიდი ბიჟუტერიის ბევრ ნიმუშში ტყვიისა და კადმიუმის დიდი ოდენობები აღმოჩნდა, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე ათასჯერაც კი აღემატებოდა ევროკავშირში დაშვებულ ზღვრებს!
სხეულთან სისტემატური შეხებისას, განსაკუთრებით კი სიცხის დროს, როცა კანში მდებარე ფორები იხსნება, ბიჟუტერიის შემცველი ლითონები ადამიანის ორგანიზმში გადადის და სხვადასხვა მძიმე დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, ან უკეთეს შემთხვევაში, ალერგიას იწვევს. ასეთ პირობებში, მოქალაქეებმა შეძლებისდაგვარად თავად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე ბიჟუტერიის მოხმარებისას. ამაში დაგვეხმარება დანიის მომხმარებელთა საბჭოს მიერ შემოთავაზებული მარტივი რჩევები:
- მაქსიმალურად შეზღუდეთ ბიჟუტერიის მოხმარება.
- ეცადეთ, რომ სამკაულებს რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეთ კანთან, ატარეთ ტანსაცმლის ზემოდან, რამდენადაც შესაძლებელია.
- მოიხსენით სამკაულები ძილის, ვარჯიშის, ან სხვა სახის ფიზიკური დატვირთვის წინ.
- მაქსიმალურად მოარიდეთ ბიჟუტერია ბავშვებს.
- არ ჩაიდოთ სამკაულები პირში და ბავშვებსაც დაუშალეთ ამის გაკეთება. ლითონები ამ გზითაც გადადის ორგანიზმში.
- აღარ გამოიყენოთ ისეთი ბიჟუტერია, რომელიც კანის ალერგიას გამოიწვევს.
წყარო: https://kemi.taenk.dk/bliv-groennere/test-cheap-jewellery-nickel-release-exceeds-limit-values
კოსმეტიკისა, თუ სხვა არასასურსათო პროდუქციის შერჩევაში ასევე დაგეხმარებათ ჩვენი სტატია, რომელსაც იხილავთ ამ ბმულზე.
23.12.2021
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია