გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი
საქართველოში ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ სავაჭრო ქსელში ბევრი გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი იყიდება და ასეთი სურსათი ადამიანისათვის მავნეა.
სურსათი, ძირითადად, იმ მცენარეებისა და ცხოველებისაგან მზადდება, რომელთა მოყვანასა და მოშენებას ადამიანი ათასწლეულების მანძილზე ახდენდა. დროთა განმავლობაში, ადამიანები სოფლის მეურნეობისთვის იმ მცენარეებსა და ცხოველებს ირჩევდნენ, რომლებიც ყველაზე სასურველ თვისებებს ავლენდნენ. ეს იყო, მაგალითად, მცენარეები, რომლებიც უკეთესად უძლებდნენ მავნებლებს, ან მოსავლიანობით გამოირჩეოდნენ. ეს „სასურველი თვისებები“ ბუნებრივად ვლინდებოდა ამ მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკურ შემადგენლობაში.
ბოლო ხანებში, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ცოცხალი უჯრედებისა და ორგანიზმების გენეტიკური შემადგენლობის შეცვლა (მოდიფიცირება). გენეტიკური მასალის მოდიფიცირება ხელოვნურად ხდება, მისთვის ახალი, სასურველი თვისებების მისაცემად. ასეთ ორგანიზმებს „გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს“ (გმო) უწოდებენ.
სურსათსა და ცხოველის საკვებს, რომელიც გმო-ს შეიცავს, ან გმო-სგან იწარმოება, გენმოდიფიცირებული (გმ) სურსათი ან ცხოველის საკვები ეწოდება.
გმ სურსათი ადამიანის მოხმარებისათვის პირველად აშშ-ში 1994 წელს იქნა დაშვებული. 2014-2015 წლებისათვის აშშ-ში დათესილი სიმინდის, ბამბისა და სოიოს დაახლოებით 90% გმ იყო, ხოლო მთელ მსოფლიოში გმ კულტურები 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო გავრცელებული, ძირითადად, ამერიკის კონტინენტზე.
გმ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შეუძლიათ მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში, მავნებლების წინააღმდეგ უფრო მდგრადები არიან და ნაკლები აგროქიმიკატი სჭირდებათ. სხვა გმ კულტურები, პირიქით, სარეველების საწინააღმდეგო აგროქიმიკატებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, ვინაიდან ასეთ ქიმიკატებს თავად სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზიანებაც შეუძლია. გმ სურსათის კიდევ ერთი ნიმუში - ბრინჯის სპეციალური სახეობა „ოქროს ბრინჯი“ იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანებში რკინის დეფიციტის დაძლევას შეუწყოს ხელი, რაც კაცობრიობის 30%-სათვის პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, სხვადასხვა გმ მცენარე იქმნება ექსტრემალური ამინდისადმი გამძლეობის უზრუნველსაყოფად.
მართალია, გმ სურსათს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციური სარგებელი მოაქვს, თუმცა, მასთან დაკავშირებულმა რისკებმა მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი სკეპტიკოსი მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც გმ პროდუქციამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნას. ისინი შიშობენ, რომ გენეტიკურმა მანიპულაციამ შეიძლება სურსათის ალერგიული მახასიათებლები შეცვალოს. ასევე, გმ სურსათიდან გენები შეიძლება ადამიანის ორგანიზმში გადავიდეს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. გმო-ის გარემოზე ზემოქმედებამაც კითხვები წარმოშვა. შესაძლოა მოდიფიცირებული გენები გარემოში გავრცელდეს, სხვა მცენარეებზე გადავიდეს და მათზე უარყოფითად იმოქმედოს; საბოლოო ჯამში კი სურსათიდან მომდინარე საფრთხეები გაიზარდოს და მოსავლიანობა შემცირდეს.
დაბოლოს, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ჯერჯერობით ნაადრევია გმ სურსათის ადამიანის ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ზემოქმედების შეფასება.
1990-იანი წლების ბოლოს ზემოაღნიშნულ საფრთხეებს ევროკავშირმა გმ სასოფლო-სამეურნეო კულტურების იმპორტსა და გამოყენებაზე მორატორიუმის გამოცხადებით უპასუხა. თუმცა, ამ აკრძალვამ აშშ-სთან სავაჭრო დავა გამოიწვია და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. ამის შედეგად ევროკავშირმა გარკვეული გმ კულტურების იმპორტი დაუშვა. თუმცა, ევროკავშირში მხოლოდ ერთი გმ კულტურის, მავნებლის გამძლე სიმინდის სახეობის მოყვანა ხდებოდა. ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის, აფრიკის რამდენიმე ქვეყანამაც უარი თქვა გმ პროდუქტებზე. თუმცა, მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, კანადაში, ჩინეთში, არგენტინასა და ავსტრალიაში გმ სურსათისადმი შეზღუდვები არ მოქმედებს.
2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირში გმო-ის ეტიკეტირების მკაცრი წესები იქნა შემოღებული. ყველა გმ სურსათსა და ცხოველის საკვებზე შესაბამისი აღნიშვნა უნდა ყოფილიყო დატანილი, იმ შემთხვევაში, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გმ კომპონენტები საერთო წონის 0,9%-ზე მეტი იქნებოდა. ითვლება, რომ ამაზე ნაკლები ოდენობა შესაძლოა პროდუქტში, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შემთხვევით აღმოჩნდეს, ან ტექნიკურად შეუძლებელი იყოს ამის თავიდან არიდება. ასე რომ, შესაძლოა, მომხმარებლები მცირე ოდენობით გმო პროდუქტებს მაინც იღებდნენ.
გმ სურსათის შესაბამისი ეტიკეტირების ვალდებულება მოგვიანებით აშშ-შიც ამოქმედდა. გარდა ამისა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს შექმნილი აქვს გმ (ანუ, როგორც ის უწოდებს, ბიოინჟინერიით შექმნილი) სურსათის განახლებადი ონლაინ სია, რომლის გაცნობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია და სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი მონაცემებია თავმოყრილი.
მომხმარებლის უფლებებისა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილების მიუხედავად, ჯერჯერობით, არც ერთ ავტორიტეტულ სამეცნიერო კომისიას ადამიანის ჯანმრთელობისათვის გმ სურსათის მავნეობა არ დაუდასტურებია. თუმცა, კვლევები გრძელდება.
ევროკავშირის მსგავსად, 2010-იან წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გმო-ს რეგულირებისათვის. მიღებულ იქნა კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, რომლითაც აიკრძალა გმო-ს გარემოში ინტროდუქცია, ანუ გარემოში შეტანა და საბაზრო ქსელში განთავსება. ასევე, სხვა ნორმატიული აქტებით გამკაცრდა გმო-სა და გმ პროდუქტების ეტიკეტირების კონტროლი. ისევე, როგორც ევროკავშირში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გმ პროდუქტებზე წარწერა „გმო“ ან „გმ“ თვალსაჩინოდ უნდა იყოს მითითებული.
სურსათის გმო შემცველობის სახელმწიფო კონტროლს საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. 2010-იან წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმაც საკმაოდ ბევრი პროდუქტი გამოიკვლია გმო-ს შემცველობაზე. წლების მანძილზე, შესაბამისი აღნიშვნის გარეშე გმ სურსათის გაყიდვის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი.
ასე რომ, საქართველოში გმ სურსათის სიმრავლის თაობაზე გავრცელებული შეხედულება ფაქტებით არ დასტურდება. ცხადია, მომხმარებლები ყურადღებით უნდა ვიყოთ სასურსათო ბაზარზე არსებულ ნებისმიერ დადგენილ და შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით. პირველ ყოვლისა კი ისეთ საფრთხეებზე, რომელთა მავნე ზემოქმედება უტყუარია.
გმ სურსათს რაც შეეხება, ყველაზე მარტივი, რაც მომხმარებლებს შეგვიძლია, ეს არის ეტიკეტზე დაკვირვება, თუ არის მითითებული, რომ სურსათი შეიცავს გმო-ს.
წყაროები:
- ბიოინჟინერიით შექმნილი სურსათის დეკლარირების სტანდარტი; ბიონჟინერიით შექმნილი სურსათის სია“, სოფლის მეურნეობის მარკეტინგის სამსახური, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი.
- გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, ევროკომისია
- „გმ-ის გარეშე“ სურსათის ეტიკეტირების სქემების კუთხით ევროკავშირში არსებული მდგომარეობა და ჰარმონიზაციის შესაძლო საჭიროების შეფასება, კომპანია ICF GHK, საბოლოო ანგარიში, ოქტომბერი, 2013.
- გმო-ები მედიცინასა და კვლევაში, ენციკლოპედია ბრიტანიკა.
- გმო კულტურები, ცხოველის საკვები და მის მიღმა, აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია, 03.05.2024.
- მიკვლევადობა და ეტიკეტირება/გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, ევროკომისია.
- საქართველოს კანონი „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“.
- საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“.
- სურსათი, გენეტიკურად მოდიფიცირებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კითხვა-პასუხი, 01.05.2014.
29.05.2025
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია