საფრთხის შემცველი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში

გამოქვეყნდა ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის 2022 წლის ანგარიში. სისტემა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აერთიანებს. მისი მეშვეობით ხდება ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ. მონაცემები ყველასათვის ხელმისაწვდომია ვებსაიტზე https://ec.europa.eu/safety-gate/#/screen/home.

2022 წელს გამოვლენილი ყველაზე გავრცელებული საფრთხე იყო იმ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, რომელსაც სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდა (შემთხვევების 35%). ამას მოსდევდა ფიზიკური დაზიანებისა (შემთხვევების 25%) და გაგუდვის საფრთხე (შემთხვევების 14%), რომელიც, როგორც წესი, უკავშირდება მცირეწლოვანი ბავშვებისათვის განკუთნილი სათამაშოებიდან, ან ტანსაცმლიდან პატარა ნაწილების მოძრობას, დაშლას, რომლებსაც ბავშვი პირში ჩაიდებს).

იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებშიც ყველაზე მეტი საფრთხეები იყო გამოვლენილი, მეორე წელია სათავეში უდგას სათამაშოები (შემთხვევების 23%) და ავტომობილები (შემთხვევების 16%). მათ მოსდევს კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის საშუალებები (შემთხვევების 10%), აგრეთვე, ელექტრომოწყობილობები (შემთხვევების 8%).

2022 წელს კოსმეტიკასა და პირადი ჰიგიენის საშუალებებში გაცილებით მეტი საფრთხე გამოვლინდა, ვიდრე წინა წლებში. ეს გამოწვეული იყო დამატებითი ქიმიური ნივთიერებების აკრძალვით ევროკავშირში. 

თუმცა, ასევე ნიშანდობლივია სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების - ფტალატების გადაჭარბებული ოდენობების ხშირი აღმოჩენა, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემასა და თირკმელებს აზიანებს.

აღსანიშნავია, რომ კონტროლის მაღალი დონის მიუხედავად, ევროკავშირში პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი რეგულაციის გადახედვა იგეგმება. ახალმა რეგულაციამ უკეთ უნდა უპასუხოს ტექნოლოგიების განვითარებითა და ონლაინგაყიდვების გაზრდით გამოწვეულ რისკებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გასულ წელს ევროკომისიამ უკვე აამოქმედა ელექტრონული ზედამხედველობის ინსტრუმენტი, ე.წ. “web crawler”. მისი მეშვეობით ხდება ონლაინმაღაზიების მიერ შეთავაზებული საფრთხის შემცველი პროდუქტების გამოვლენა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სწრაფი განგაშის სისტემითაა გავრცელებული. გასული 6 თვის მანძილზე ამ ინსტრუმენტის მეშვეობით 616 ათასი ვებსაიტის ინსპექტირება მოხდა.

წყარო: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_23_1608.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტურ უმრავლესობასთან დაკავშირებით არ არის დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები და სახელმწიფო კონტროლი. მაგალითად, კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, ასევე, ელექტრომოწყობილობები კონტროლს არ ექვემდებარება.

სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი 2021 წლის შუიდან დაიწყო. თუმცა, კონტროლის მასშტაბები მცირეა. 2022 წელს ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე  მხოლოდ 110 ნიმუში შემოწმდა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA-ის) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, გვ. 24, https://dcfta.gov.ge/assets/uploads/implimentation/DCFTA%20AP%202022%20Report%20%28GE%29.pdf?_t=1676012584 

გარდა ამისა, საქართველოში არ არის რეგლამენტირებული სათამაშოებში ბევრი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენება, მათ შორისაა, ისეთი ფართოდ გავრცელებული ნივთიერებები, როგორებიცაა ფტალატები, რომელთა შესახებაც ევროკომისიის ანგარიშში იყო აღნიშნული.

24.04.2023


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია