თაფლის შემოწმების შედეგები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) თაფლის შემდეგ ნიმუშებში სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკები გამოავლინა:

1. პროდუქტის დასახელება: სამეფო თაფლი - წაბლის თაფლი, 700გ

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს სამეფო თაფლი, საქართველო

დამზადების თარიღი: 14.12.2023

ნიმუშის აღების ადგილი: გუდვილი, ფარნავაზ მეფის გამზ. 1, თბილისი

ანალიზის შედეგი: მეტრონიდაზოლი 2.1 მკგ/კგ

 

2. პროდუქტის დასახელება: გაზაფხულის თაფლი - AGRIAPI, 620გ

მწარმოებელი/ქვეყანა:  შპს აპიპროდაქშენი, საქართველო

დამზადების თარიღი: 31.05.2024

ნიმუშის აღების ადგილი: გუდვილი, ფარნავაზ მეფის გამზ. 1, თბილისი

ანალიზის შედეგი: ქლორამფენიკოლი 0.54 მკგ/კგ

 

3. პროდუქტის დასახელება: თაფლი მაისის, 600გ

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს თაფლი სახლში, საქართველო

დამზადების თარიღი: 25.05.2024

ნიმუშის აღების ადგილი: მადაგონი, აღმაშენებლის 89, ქ. რუსთავი

ანალიზის შედეგი: ქლორამფენიკოლი 0.25 მკგ/კგ; ტეტრაციკლინითაფლში ამ ნივთიერების შემცველობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ზუსტდება 242 მკგ/კგ

 

4. პროდუქტის დასახელება: ზაფხულის თაფლი ATND

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს ATND თაფლი, საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 04.02.2021/04.02.2026

ნიმუშის აღების ადგილი: ევროპროდუქტი, ლისის მ/ტ, ამაშუკელის 17, თბილისი

ანალიზის შედეგი: მეტრონიდაზოლი 44მ კგ/კგ

 

5. პროდუქტის დასახელება: წაბლის და ცაცხვის თაფლი, 660 გ

მწარმოებელი/ქვეყანა:  შპს ბახმაროს თაფლი, საქართველო

დამზადების თარიღი: 21.10.2023

ნიმუშის აღების ადგილი: ნიკორა, ტაშკენტის 7, ქ. რუსთავი

ანალიზის შედეგი: ქლორამფენიკოლი 12 მკგ/კგ

 

სეს-ის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში სულ თაფლის 100 ნიმუში შემოწმდა და დარღვევები ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებში გამოვლინდა.

შემოწმებული ნიმუშების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

ეს მონაცემები ჩვენ სახელმწიფოს მიერ თაფლის უვნებლობის კონტროლის სისტემის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში გამოვითხოვეთ სეს-ისგან.

მონიტორინგი ტარდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ  დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.  პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.

სამწუხაროდ, სეს, როგორც წესი, ოპერატიულად არ აქვეყნებს ინფორმაციას მის მიერ გამოვლენილი მავნე სურსათის შესახებ. ეს მონაცემები, ძირითადად, კონტროლის კვარტალური შედეგების გამოქვეყნების დროს ხდება საზოგადოებისათვის ცნობილი და, უმეტესად, დაგვიანებით - თითოეული კვარტლის გავლიდან 1 თვის შემდეგ, რაც სეს-ის საზოგადოების ინფორმირების სტანდარტული საოპერაციო პროცედურის დარღვევაცაა. 2024 წლის მესამე კვარტლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები, მაგალითად, სეს-ს დღემდე არ გამოუქვეყნებია. 

ამას ისიც ემატება, რომ 2024 წელს სეს-ს თაფლის ნიმუშები უკვე ივნის-აგვისტოში, შემდეგ კი ოქტომბერ-ნოემბერში აუღია. თუმცა, ლაბორატორიის კვლევის ოქმები 25-27 დეკემბრითაა დათარიღებული, ანუ ლაბორატორიული კვლევის ჩატარება რამდენიმე თვის დაგვიანებით მოხდა და მთელი ამ ხნის მანძილზე მავნე პროდუქტების პარტიები დაუბრკოლებლად იყიდებოდა და მოიხმარებოდა მოქალაქეთა მიერ. ამგვარად, დარღვევების გამოვლენის შემდეგ, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს სეს-ის მიერ გატარებული ღონისძიებები სურსათის მავნე პარტიების სავაჭრო ქსელიდან ამოსაღებად, საკმარისი არ არის მოქალაქეებისათვის ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

ანტიბიოტიკებით თაფლის დაბინძურებას რაც შეეხება, ეს საკითხი წლებია ქვეყნის წინაშე დგას და იგი სხვა სურსათსაც ეხება. თაფლთან მიმართებაში, ბოლო წლების მანძილზე პროგრესი შეინიშნება. მაგალითად 2023 წელს სეს-მა 100-დან მხოლოდ 1 ნიმუშში გამოავლინა აკრძალული ანტიბიოტიკი. 2024 წლის დასაწყისში ჩვენი პროექტის ფარგლებში ანტიბიოტიკების შემცველობაზე თაფლის 36 ნიმუში შემოწმდა და დარღვევა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლენილა (შედეგები იხილეთ მოცემულ ბმულზე). თუმცა, როგორც ვხედავთ, წლის ბოლოს შემოწმებული ნიმუშების 5% საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. თავისთავად ეს მაღალი რიცხვი არ არის, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ დარღვევები საკმაოდ გავრცელებული ბრენდების პროდუქციაშია გამოვლენილი, რომელიც ასევე, დიდ სავაჭრო ქსელებში იყიდება.

აქვე ისიცაა, გასათვალისწინებელი, რომ თაფლს ბევრი საოჯახო მეურნეობა აწარმოებს და ყიდის, ისე, რომ რეგისტრირებულიც არ არის და სეს-ის კონტროლის ქვეშ საერთოდ არ ექცევა.

შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თაფლის ანტიბიოტიკებით დაბინძურების საკითხი საქართველოში კვლავ აქტუალურია. 

 

ანტიბიოტიკების შესახებ

ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. ისინი ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციების, ვირუსებისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თუმცა, ამ ტიპის მედიკამენტებზე წლების მანძილზე მიმდინარე დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მათი მიღება არც თუ უსაფრთხოა. მათ სხვადასხვა უკუჩვენებაც გააჩნიათ და ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულება შეიძლება გამოიწვიონ.

გარდა ამისა, ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა. კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი, ამ პრეპარატებს უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ მოვლენას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას უწოდებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება და იგი თანამედროვე ჯანდაცვის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადაა მიჩნეული.

ამიტომაც, რეკომენდებულია ანტიმიკრობული პრეპარატები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნოს, როცა სხვა საშუალებებით პაციენტის განკურნება ვერ ხერხდება, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი საფრთხე ემუქრება. აქ დოზირებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს ძლიერმოქმედი და შედარებით სუსტი ანტიმიკრობული ნივთიერებები.

რა კავშირი აქვს ანტიბიოტიკებს თაფლთან?

ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველებისა და ფუტკრების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვისაც გამოიყენება. ამ ნივთიერებების ნარჩენები თაფლში, კვერცხში, რძესა თუ ხორცში გადადის.  ასეთი სურსათის მოხმარების შედეგად კი ამ ნივთიერებებს  უკვე ადამიანიც იღებს.

ამიტომაც, ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება მესაქონლეობაშიც (მათ შორის, მეფუტკრეობაშიც) მკაცრადაა შეზღუდული. კანონმდებლობითაა დადგენილი სხვადასხვა ნივთიერების მაქსიმალური ოდენობები, რომლებსაც ესა თუ ის სურსათი შეიძლება შეიცავდეს. ზოგიერთი ნივთირება კი საერთოდ აკრძალულია.

ამასთანავე, საქართველოში ჯერჯერობით არ არის რეგლამენტირებული ყველა იმ ანტიბიოტიკის გამოყენება, რომლებიც ევროკავშირში რეგულირდება.

საქართველოს მეურნეობებში, მათ შორის, მეფუტკრეობებში ანტიბიოტიკების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

30.01.2025


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია