სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი

დაგვიკავშირდა მოქალაქე ლელა ქსოვრელი, რომელმაც სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცხელ ხაზს მიმართა მაღაზიაში სურსათის უვნებლობის პირობების დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა, არაადეკვატური პასუხი მიიღო (იხ. მოქალაქის მიმოწერა სეს-თან).

კერძოდ, მოქალაქის შეფასებით, მის მიერ შეძენილ ხიზილალაში არასაკვები ნივთიერებები იყო. სეს-მა მაღაზიაში არსებული შენახვის პირობები და პროდუქტის ვარგისიანობის ვადები შეამოწმა (რის შედეგადაც დარღვევები არ დაუფიქსირებია), მაგრამ პროდუქტის შიგთავსი არ შეუმოწმებია.

სეს-ის პასუხის მიღების შემდეგ, მოქალაქემ ჩვენ გვთხოვა აღნიშნული პროდუქტის შემოწმება, მაგრამ ეს უკანასკნელი მაღაზიაში უკვე აღარ აღმოჩნდა.

მოქალაქე თვლის, რომ სეს-მა არასწორი რეაგირება მოახდინა მის მიმართვაზე და არამიზნობრივად დახარჯა სახელმწიფო რესურსი.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეს მართლაც გააჩნია პრეტენზიის საფუძველი.

ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მოუწოდებს მოქალაქეებს სეს-ის ცხელ ხაზს მიმართონ. მიგვაჩნია, რომ სეს-სა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის ეს ინსტრუმენტი ძალზე მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად და სეს-ისადმი მოქალაქეთა ნდობის განსამტკიცებლად, რასაც ზემოთ აღწერილი ფაქტი ჩრდილს აყენებს.

აქედან გამომდინარე, მივმართეთ სეს-ის ხელმძღვანელობას, რათა მოცემული შემთხვევა შეისწავლოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, იმისათვის, რათა სეს-ის ცხელმა ხაზმა სერიოზული ხარვეზების გარეშე იმუშავოს. სეს-ის პასუხს ამავე გვერდზე გამოვაქვეყნებთ.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სურსათთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებებების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევებში მიმართოთ სურსათის ერონული სააგენტოს ცხელ ხაზს 15 01!

თუკი ჩათვლით, რომ სეს-ის რეაგირება არადამაკმაყოფილებელი იყო, მიმართეთ სეს-ის ხელმძღვანელობას.

შენიშვნა: ვინაიდან ჩვენ არ შეგვიმოწმებია მოქალაქის მიერ მითითებული პროდუქტი, მისი და მაღაზიის საიდენტიფიკაციო მონაცემებს არ ვასახელებთ. ეს ინფორმაცია, ისევე, როგორც მოქალაქის პირადი მონაცემები, დაფარულია ამ სტატიის თანდართულ მიმოწერაშიც.

03.10.2019


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია