ტელევიზიის მომხმარებლების პირველი გამარჯვება

ტელეკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სტუდია ”მონიტორის” საჩივარი დააკმაყოფილა.

სტუდია ”მონიტორმა” საჩივრით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რუსთავი-2 და იმედის  ტელეგადაცემებში რეკლამების გადაჭარბებული ხანგრძლივობის გამო. 24 დეკემბერს კომისიამ თავის სხდომაზე ეს საჩივარი განიხილა. ”კომერსანტის” ინფორმაციით კომისიამ ეს საჩივარი სამართლიანად სცნო და პირველ ეტაპზე ტელეკომპანიებს გაფრთხილება მისცა. განმეორების შემთხვევაში კი სანქციებით დაემუქრა. კომისია დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონმდებლობა რეკლამების ხანგრძლივობას და სარეკლამო ჭრების რაოდენობას ზღუდავს (რატომღაც - გარდა სერიალებისა და დოკუმენტური ფილმებისა კომერციულ არხებზე).

კანონი ”ტელემაუწყებლობის შესახებ”, მუხლი 64:

”4. იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:
ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;
ბ) რელიგიური ცერემონია;
გ) პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;
დ) ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინა- საარჩევნო დებატების პროგრამა ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია;
ე) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე ნაკლებია.
5. პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.
6. რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა.
7. ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარ პროგრამაში, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარ სპორტულ ან მხატვრულ წარმოდგენაში და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილ პროგრამაში რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ბუნებრივი ინტერვალის დროს.
8. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 45 წამით.
9. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით.
10. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 45 წუთში ერთხელ.
11. ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 15%-ს. ტელეშოპინგს, გარდა სპეციალიზებული ტელეშოპინგის არხისა, ეთმობა არა უმეტეს 15 წუთისა. ტელეშოპინგის საერთო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.
12. დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება.  დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 7%-ს”.

მოგიწოდებთ ტელეკომუნიკაციების მომხმარებლებს: უფრო გაბედულად გამოიყენეთ კომისიაში ჩივილის შესაძლებლობა!

18.11.2013


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია