მობილური ტელეფონი I Phone 4
სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას
2013 წლის 06 ივნისს მომხმარებელი დაგვიკავშირდა ტელეფონით და დახმარება გვთხოვა. მისი პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა: მომხარებელმა მაღაზია I Land-ში შეიძინა მობილური ტელეფონი IPhone 4. შესყიდვისას მაღაზიამ მომხარებელს გადასცა საგარანტიო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მაღაზია იღებდა პასუხისმგებლობას: 7 დღის ვადაში ტელეფონის ახლით შეცვლის, თუ ტელეფონს აღმოაჩნდებოდა ქარხნული წუნი; 30 დღის ვადაში ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში მისი უფასოდ შეკეთების; და 1 წლის განმავლობაში ტელეფონის დაზიანებისას შეკეთებას 50 %-იანი ფასდაკლებით.
ყიდვიდან 2 თვეში მწყობრიდან გამოვიდა ტელეფონის Wi-Fi ანტენა, რომელიც მაღაზიამ შეაკეთა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგივე ნაწილი ტელეფონს კვლავ გაუფუჭდა და ამ შემთხვევაშიც მაღაზიამ შეუკეთა მომხარებელს ტელეფონი. მესამედ იმავე ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ მომხარებელმა უარი განაცხადა ტელეფონის კიდევ ერთხელ შეკეთებაზე და მაღაზიას ტელეფონის გამოცვლა მოსთხოვა. თუ მაღაზია უარს იტყოდა მომხარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ის აპირებდა თავისი უფლებების დაცვას სასამართლოში.
სანამ მაღაზიიდან მიიღებდა პასუხს, მომხარებელი ჩვენ დაგვიკავშირდა და კონსულტაცია გვთხოვა - ნამდვილად ჰქონდა თუ არა მას კანონიერი უფლება მაღაზიისაგან მოეთხოვა მრავალჯერ გაფუჭებული და შეკეთებული ტელეფონის ახლით შეცვლა. მომხარებელს დაუკავშირდა ჩვენი იურისტი ანა პარანიჩევა, რომელმაც გასაუბრების და დეტალების დაზუსტების შემდეგ მომხარებელს მოუმზადა განცხადება, რომლითაც მას შეეძლო მაღაზიისთვის მიემართა. თუმცა განცხადების გამოყენება მომხმარებელს აღარ დასჭირდა, რადგან მომხარებელს დაუკავშირდნენ მაღაზიიდან და მისვლა სთხოვეს. ადგილზე აღმოჩნდა, რომ მაღაზიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა მომხარებლის მოთხოვნა და მას ნაკლიანი ტელეფონი ახლით შეუცვალეს.
09.01.2017
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია