მომხმარებელის უფლებები ევროკავშირში

ევროკავშირში 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ცხოვრობს. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ თანამეგობრობის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია მოხმარებელი ევროკავშირის ბაზარს ენდობოდეს. ამიტომ ევროკავშირის ყველა კუთხეში მომხმარებელს ერთნაირი უფლებები აქვს. მომხმარებელთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების ეფექტურ დაცვას ევროკავშირის ერთიანი კანონმდებლობა უზრუნველყოფს.

ევროკავშირში მომხმარებლის ძირითადი უფლებები შემდეგია  იხ. აგრეთვე ეს პუბლიკაცია  და ბმული 

1. მომხმარებელს უფლება აქვს მოელოდეს, რომ გასაყიდად გამოტანილი საქონელი უსაფრთხოა. ეს უფლება უზრუნველყოფილია ორი ვალდებულებით:

- მეწარმე (იმპორტიორი) ვალდებულია ბრუნვაში მხოლოდ უსაფრთხო საქონელი გაუშვას 2001/95/EC დირექტივა . ასეთი მოთხოვნა საქართველოშიც არის დადგენილი  'პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' მე-9 მუხლის 1 პუნქტი ;

- სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს მეწარმეების მიერ ამ ვალდებულების შესრულება და თუკი დარღვევას აღმოაჩენს, მეწარმე ცალკე დააჯარიმოს და ცალკე - ასეთი საქონლის ბაზრიდან ამოღება და მომხმარებლებისგან უკან გამოთხოვა აიძულოს 2001/95/EC დირექტივა  . საქართველოში პროდუქტების უმრავლესობასთან დაკავშირებით ეს არ ხდება  ასეთი მოთხოვნები არ არსებობს და სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დანამდვილებით ცნობილი გახდა, რომ იყიდება საფრთხის შემცველი საქონელი, ლეგალური გზა ამ საქონლის ბაზრიდან ამოსაღებად (მითუმეტეს მომხმარებლისგან გამოსათხოვად) არ არსებობს. უფრო მეტიც, შემომტანის/დისტრიბუტორის უბრალო დაჯარიმებაც კი შესაძლოა არ მოხდეს, კანონმდებლობა ისეა ჩამოყალიბებული. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ''სისხლის სამართლის კოდექსის'' 198 მულის 1 პუნქტის მიხედვით ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე, მეორე კანონით, ''პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით'' მწარმოებელი/შემომტანი/რეალიზატორი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ''წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, თუ ამ პროდუქტს ზიანი არ გამოუწვევია'' (მუხლი 8, პუნქტი 3. ამ კანონში საფრთხის შემცველ პროდუქციას ''წუნდებული პროდუქტი''  ეწოდება, იხ. მუხლი 5, პუნქტი ''ა  

2. თუკი საფრთხის შემცველი საქონელი მაინც მოხვდა ბაზარზე, იგი მომხმარებელმა შეიძინა და ზიანი მიადგა გულისხმება ჯანმრთელობისთვის ან პირადი ქონებისთვის მიყენებული ზიანი (ეს უკანასკნელი უნდა აღემატებოდეს 500 ევროს) ან გარდაცვალება. იხ. დირექტივა 85/374/EEC.  , მიუხედავად იმისა, თუ სად და რა დროს წარმოიშვა საქონლის ეს დეფექტი და იყო თუ არა ეს ვისიმე ბრალი, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის სრული ანაზღაურება საქონლის მწარმოებლისგან ან იმპორტიორისგან, ან თუ ესენი უცნობია ან მიუწვდომელია - რეალიზატორისგან  მომხმარებელმა უნდა ამტკიცოს, რომ დეფექტი არსებობდა, რომ ზიანი ნამდვილად მიადგა და რომ ეს ზიანი სწორედ ამ დეფექტით იყო გამოწვეული. პირს, რომელიც აუნაზღაურებს მომხმარებელს მიყენებულ ზიანს, შეუძლია შემდგომ ე.წ. ''რეგრესის წესით'' მოსთხოვოს გადახდილი თანხის ნაწილი ამ საქონლის წარმოება-დისტრიბუციაში ჩართულ სხვა პირებს (მაგ. რეალიზატორმა - იმპორტიორს და მეწარმეს). იხ. დირექტივა 85/374/EEC  . ეს უფლება მომხმარებელს საქართველოშიც აქვს  იხ. ''სამოქალაქო კოდექსის'' 1009-1016 მუხლები და ''პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' მე-5 - მე-8 მუხლები  .

3. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ზუსტად ისეთი საქონელი, როგორსაც შეჰპირდნენ. "შეპირებაში" იგულისხმება ამ საქონლის თვისებების თაობაზე მისთვის შექმნილი შთაბეჭდილება - რეკლამის, ეტიკეტის, ინსტრუქციის, ზეპირი აღწერის ან სხვა გზით. თუ საქონელს ეს შეპირებული თვისებები არ გააჩნია, ეს ნიშნავს რომ მას ნაკლი აქვს. გამყიდველი (მაღაზია) ვალდებულია გამოასწოროს ეს ნაკლი ნივთის შეკეთების ან გამოცვლის საშუალებით, ან, თუკი ეს შეუძლებელია, დაიბრუნოს საქონელი ან, თუ მომხმარებელი თანახმაა, შეამციროს მისი ფასი. ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ მომხმარებელს არ მოუწიოს ხარჯების გაღება და ამ პროცესმა არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის ზედმეტი შეწუხება ან მისი საქმიანობის შეფერხება იხ. 99/44/EC დირექტივის მე-2 - მე-3 მუხლები . ეს უფლება მომხმარებელს საქართველოშიც აქვს იხ. ''სამოქალაქო კოდექსის'' 487-492 მუხლები, თუმცა მას თან არ ერთვის შემდეგი მნიშვნელოვანი დამატებები:

1. ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს ნივთის შეძენიდან (მიღებიდან ) სულ ცოტა 2 წლის განმავლობაში. ამას ეწოდება "კანონისმიერი გარანტია" (Legal guarantee იხ. 99/44/EEC დირექტივის მოკლე აღწერა.), რომელიც ევროპაში 2-წლიანია. მეწარმის ან მაღაზიის მიერ დადგენილი გარანტიით ან სხვა ხელშეკრულებით ამ ვადის შემცირება შეუძლებელია. მომხმარებლის დაცვის ეს მექანიზმი საქართველოში არ არსებობს.

2. ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მოქმედებს ე.წ. "მომხმარებლის უდანაშაულობის პრეზუმპცია" - მომხმარებელს არ სჭირდება ამტკიცოს, რომ ნაკლი მას არ გამოუწვევია. ითვლება, რომ თუკი ნაკლი აღმოჩნდა, იგი ნივთს გაყიდვის მომენტშიც ჰქონდა (თუკი გამყიდველი საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს)  rიხ. 99/44/EC დირექტივის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი . საქართველოში მომხმარებელს ეს უფლება არ გააჩნია.

შენიშვნა: ევროკავშირის ნორმატიული აქტების ბოლო ვერსიების სანახავად ეწვიეთ საიტს https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en

 


05.11.2018


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია