GWP-მ მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილა
როგორც ცნობილია, 2024 წლის ივნისში, სოფელ წიწამურთან მომხდარი ავარიის გამო, 8 დღის განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა 60 ათასზე მეტ აბონენტს. მიუხედავად ამისა, შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (GWP) მომხმარებლებს, რომლებიც მომსახურების გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიან, ივნისის სრული თვის გადასახადი დაარიცხა. ასეთ აბონენტებს შორის აღმოჩდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე.
ვახტანგ კობალაძემ კომპანიას განცხადებით მიმართა და ითხოვა გადასახადიდან ჩამოჭრილიყო იმ პერიოდის თანხა, რომლის დროსაც წყალი არ მიეწოდებოდა. თუმცა, დაუსაბუთებელი უარი მიიღო.
ამის შემდეგ მომხმარებელმა საჩივარი (გვერდი 1, გვერდი 2) გაუგზავნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რის საპასუხოდაც ამ უკანასკნელმა წერილით მიმართა GWP-ს. საბოლოოდ, GWP-მ დააკმაყოფილა მომხმარებლის მოთხოვნა და თვიურ ჯამურ გადასახადს 22.59 ლარს 7.29 ლარი მოაკლო. თუმცა, ამისათვის კომისიასა და GWP-ში დამატებითი მიმართვები (მიმართვა GWP-ს: გვერდი 1, გვერდი 2) გახდა საჭირო.
მაშინ, როდესაც ასეთ შემთხვევებში გადასახადი ავტომატურად უნდა კორექტირდებოდეს, მომხმარებელს 4 თვე და არაერთი წერილის გაგზავნა დასჭირდა დარღვეული უფლებების აღსადგენად.
მიუხედავად იმისა, რომ კორექტირებული თანხა სიმბოლურია, მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში და გაწეული მომსახურების ხარისხი გააუმჯობესონ.
მოვუწოდებთ ყველა მომხმარებელს, ვინც წყალმომარაგებისათვის სულადობრივ გადასახადს იხდის, სოფელ წიწამურის ავარიის შედეგად წყალმომარაგება შეეზღუდა და GWP-იმ შესაბამისად არ შეუმცირა ივნისის გადასახადი, მიმართოს კომპანიას. ერთი და ორი აბონენტის თანხის კორექტირება კომპანიისათვის სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა, თუკი მას ბევრი მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს, მაშინ მომავალში უფრო ფრთხილად იქნება და მეტად ეცდება წყალმომარაგების შეწყვეტა არ დაუშვას.
GWP-ში განცხადების გაგზავნა შესაძლებელია ელფოსტის მეშვეობით. უნდა შეივსოს კომპანიის საიტზე განთავსებული განაცხადის ფორმა https://gwp.ge/storage/wysiwygs/files/gancxadebebi_27.11.23/9._daricxuli_Tanxis_koreqtireba.pdf, დაერთოს პირადობის მოწმობის ასლი და გაიგზავნოს მისამართზე online@gwp.ge. შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ნიმუში.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც ელფოსტის მეშვეობითაა შესაძლებელი საჩივრის გაგზავნა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ნიმუში და შევსებული ფორმა გააგზავნოთ მისამართზე mail@gnerc.org.
ვიაქტიუროთ და ვაიძულოთ მეწარმეები და სახელმწიფო, რომ ჩვენი, როგორც მომხმარებლების უფლებები დაიცვან!
05.11.2024
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია