პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი

2019 წელს ჩვენს მიერ ხორციელდებოდა სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების შემოწმება. გამოვლინდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი ათობით პროდუქტი - პარფიუმერია-კოსმეტიკისა და ბიჟუტერიის ნაწარმი (დაწვრილებითი ინფორმაცია ამ საკითხზე იხილეთ შემდეგ ბმულებზე http://momxmarebeli.ge/?menu=140&rec=8359http://momxmarebeli.ge/?menu=140&rec=8358http://momxmarebeli.ge/?menu=&rec=8395).

შემოწმების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებასაც ვატყობინებდით და მოვითხოვდით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჩვენი მიმართვის საპასუხოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ შემუშავებული აქვს „საქართველოში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის სტრატეგიისა და ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმის“ პროექტი, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა ტყვიისაგან თავისუფალი სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება და მიწოდება. აღნიშნული ამოცანის ფარგლებში გათვალისწინებულია პროდუქციის ქიმიური შემადგენლობის მარეგლამენტირებელი (არა მხოლოდ ტყვიის კუთხით) დოკუმენტების შექმნა და შესაბამისი მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის ამოქმედება. ნავარაუდევია კონტროლის გავრცელება შემდეგ საქონელზე: კოსმეტიკა, ჰიგიენის საშუალებები, კერამიკა, ფაიფური, სათამაშოები, წყალმომარაგებაში გამოყენებული მასალები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს: 
• სხვა სამომხმარებლო პროდუქციის ბაზრის სკრინინგს ტყვიაშემცველი პროდუქციის არსებობაზე და შედეგების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას.
• იმ საგამომცემლო და ბეჭდვითი საწარმოების გამოვლენას, შეფასებასა და მონიტორინგს, სადაც ტყვიაშემცველი საღებავები გამოიყენება.

ზემოაღნიშნული ზომები, რა თქმა უნდა მისასალმებელია, თუმცა, თუკი ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი არ ამოქმედდება, მოსახლეობის ჯანმრთელობა სათანადოდ ვერ იქნება დაცული.

მნიშვნელოვანია აგრეთვე საბოლოოდ რა ვალდებულებებს აიღებს თავზე საქართველოს ხელისუფლება, რამდენად მოცულობითი და ეფექტიანი იქნება პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლის სისტემა, რა ვადებში მოხდება მისი დანერგვა.

ჩვენ კვლავაც მივადევნებთ თვალს ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას რაც შეიძლება სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული სამომხმარებლო პროდუქციიდან მომდინარე საფრთხეებისაგან. 

22.01.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები