საჯარო მიმართვა საქართველოს მთავრობას

სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) გამოდის ინიციატივით გადავადდეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვა. გადავადების შემთხვევაში, დიდი ზიანი მიადგება საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმასა და ამ მიმართულებით ევროკავშირთან დაახლოების პროცესს.[1]

საქართველოს კანონმდებლობით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გათვალისწინებულია, რომ სურსათის ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს  სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.[2]

გამონაკლისს წარმოადგენს პირველადი წარმოება და ალკოჰოლური სასმელების წარმოება.[3]

HACCP-ის დანერგვის მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობაში 2006 წელს შევიდა[4]! ეს ვალდებულება, ასევე, გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, როგორც ერთ-ერთი პირველი, საბაზისო ნაბიჯი სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმირებისათვის. ევროკავშირის შესაბამის ნორმატიულ აქტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ჯერ კიდევ 2015 წელს იყო დაგეგმილი.[5]

მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის სანქციებს არ ითვალისწინებდა და ეს მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ, 2015 წლიდან[6] სხვადასხვა ტიპის ბიზნესოპერატორებისათვის დგინდებოდა. პროცესი ჯერაც არ არის დასრულებული. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ HACCP-ის დანერგვა არასოდეს ყოფილა და არც დღესაა ყველა მეწარმისათვის სავალდებულო (გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა).

ამჟამად HACCP-ის დანერგვის ვალდებულება მეწარმეთა შემდეგ ჯგუფებზე ვრცელდება:

  • ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;
  • ბიზნესოპერატორები, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებენ სურსათის წარმოებას/გადამუშავებას;
  • ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას.

ყველა სხვა ბიზნესოპერატორისათვის კი HACCP 2023 წლის 1 ივნისიდან უნდა გამხდარიყო სავალდებულო, ესენია მაგალითად შემდეგი პროდუქციის მწარმოებლები:

  • პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის;
  • ნატურალური და მინერალური წყლის;
  • უალკოჰოლო სასმელების;
  • მცენარეული პროდუქტებიდან დამზადებული კონსერვების;
  • მცენარეული ნედლეულიდან მზა სურსათის წარმოების და სხვა.

HACCP-ის სავალდებულობის გადავადება 16 წლის მანძილზე სწორედ იმიტომ ხდებოდა, რომ მეწარმეებს საკმარისი დრო ჰქონოდათ მისი მოთხოვნებისათვის მოსამზადებლად. ასეთი ხანგრძლივი დროის მიუხედავად, შემდგომი გადავადების ერთადერთ არგუმენტად სეს კვლავ იმას ასახელებს, რომ HACCP-ის დანერგვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, მიზანშეწონილია ბიზნესოპერატორებს კიდევ მიეცეთ ვადა სისტემის დანერგვისათვის.

HACCP-ის საყოველთაო დანერგვის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემა შეიქმნას. პროცესის ასეთი გაჭიანურება მნიშვნელოვნად აფერხებს მთელ იმ გრძელვადიან რეფორმას, რომელიც სურსათის უვნებლობის სფეროში უკვე წლებია მიმდინარეობს, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უკეთ დაცვასა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.         

HACCP-ის შემდგომი გადავადება არც ბიზნესის ინტერესებს შეესაბამება და არც საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ეს ახდენს კანონისადმი დაუმორჩილებლობის წახალისებას, თავად მეწარმეებისათვის ართულებს ახალი მოთხოვნების ამოქმედების რეალური ვადების პროგნოზირებას და ამცირებს მათ მოტივაციას ახალი რეგულაციების ამოქმედებისათვის დროულად მოემზადონ. ის მეწარმეები, რომლებიც რეფორმებს უწყობენ ფეხს და საამისოდ საჭირო ხარჯებსაც გაიღებენ, არაკონკურენტულ მდგომარეობაში დგებიან, მათთან შედარებით, ვინც უპასუხისმგებლოდ იქცევა და თანამედროვე ტენდენციებს ანგარიშს არ უწევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას თანმიმდევრულად განახორციელოს სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში აამოქმედოს HACCP-ის დანერგვის ვალდებულება.

 

გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა  ასოციაცია

სტარ კონსალტინგი

ISO Consulting საქართველო

----------------

[1] კერძოდ, სეს-ის მიერ ინიცირებულია „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის

გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173

დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი,

რომელიც ითვალისწინებს დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გადავადებას 2025 წლის 1

ივნისამდე.

[2] სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“, მ. 171.

[3] სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესი, მ. 1,31; სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესი, მ. 1,2.

[4] კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ (შეიცვალა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“), მ. 17.

[5] საკანონმდებლო მიახლოების გეგმა სურსათის უვნებლობაში, პ.4-5, https://mepa.gov.ge/Ge/Page/DCFTAObligation

[6] საქართველოს მთავრობის დადგენილება №90 ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ, მ.4.

----------------

7 სექტემბერს მივიღეთ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი, რომელიც ჩვენი მიმართვის საპასუხოდ გაიგზავნა. წერილში ჩვენი მოთხოვნისადმი ცალსახა მხარდაჭერა არ არის გამოხატული. კომიტეტის თავმჯდომარე HACCP-ის დანერგვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მოუწოდებს სამინისტროს დაეხმაროს ბიზნესოპერატორებს სისტემის დანერგვაში.

----------------

22 სექტემბერს მივიღეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი, რომელშიც ახალი არაფერია ნათქვამი. წერია, რომ იგეგმება საკითხის განხილვები და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

19.08.2022


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები