უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
იმისათვის, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოგეშვათ, საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა აუცილებელი.
რეესტრში თავმოყრილია მონაცემები მიწის ნაკვეთებზე და შენობებზე საკუთრების, ყადაღის, საგადასახადო გირავნობის, იპოთეკის შესახებ და სხვა.
საკუთრების რეგისტრაციამდე ქონების საკადასტრო რეგისტრაციაა საჭირო, რითაც განისაზღვრება უძრავი ქონების საზღვრები, ფართობი და მდებარეობა. სწორედ ამ რეგისტრაციის შემდეგ ენიჭება მას საკადასტრო კოდი, რომელიც უნიკალურია.
ამ კოდით შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისი საკუთრებაა და რა უფლება-ვალდებულებითაა უძრავი ქონება დატვირთული.
გადასახადების და ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, სახელმწიფო იყენებს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, რათა პირს გადასახადების გადახდა აიძულოს. თუმცა, ეს არ ართმევს მესაკუთრეს ქონების გაყიდვის ან მისი სხვა გზით გასხვისების უფლებას. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდება ქონების ახალ შემძენზეც.
გარდა ამისა, ქონებაზე შესაძლოა სასამართლო დავა მიმდინარეობდეს და ამის გამო მას საჯარო რეესტრში ყადაღა ედოს, დავის საბოლოო დასრულებამდე.
ასე რომ, ქონების შემძენმა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს და მისთვის საინტერესო ქონებაზე საჯარო რეესტრში არსებული მონაცემები უნდა გადაამოწმოს, რათა შეცდომაში არ შევიდეს.
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამონაწერის ფორმით, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი სამართლებრივი აქტები და მიღებული გადაწყვეტილებები. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე სააგენტოსადმი მიმართვის საფუძველზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
საჯარო რეესტრში არსებული ონფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებსაიტებიდან my.gov.ge, psh.gov.ge და napr.gov.ge.
28.05.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია