ტვირთების გადაზიდვა
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს მომხმარებელს ტვირთის გადაზიდვას, ვალდებულია დადოს ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილი იქნება შესაბამისი ვადები, ტარიფები, ტვირთის მოცემულობა თუ მისი თვისებები და ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები. ასეთ საკითხებზე შეთანხმება ონლაინ მომსახურების გზითაც შეიძლება მოხდეს, როდესაც მომხმარებელი გადამზიდავის მიერ შეთავაზებულ პირობებს დაეთანხმება. ინფორმაცია მომხმარებლისთვის მიწოდებული უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად. მოხმარებლისათვის ცხადი უნდა იყოს, რომ შეკვეთის განთავსება გადახდის ვალდებულებას წარმოშობს. თუ მოვაჭრემ ამ პირობის შესრულება არ უზრუნველყო, მომხმარებელს გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ სრული ინფორმაციისათვის იხილეთ კანონი და სამოქალაქო კოდექსის თ. 12 კანონის მიხედვით, მომხმარებელს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც მან მიიღო ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვითა თუ დაზიანებით, ასევე ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებით. ზიანის ანაზღაურებაზე, პირველ რიგში, გადამზიდავია პასუხისმგებელი და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემისას მომხმარებელმა მას უნდა მიმართოს.
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ნივთის დაზიანების შემთხვევაში, თუ ნივთის დაზიანებამ გამოიწვია მისი მხოლოდ ნაწილის გაუფასურება, მაშინ ანაზღაურება მოიცავს მხოლოდ გაუფასურებული ნაწილის ფარგლებს.
ხოლო თუ ნივთის ნაწილის დაზიანებამ მისი მთლიანად გაუფასურება გამოიწვია, ანაზღაურება იგივე უნდა იყოს, რაც ნივთის განადგურების შემთხვევაში იქნებოდა.
თუ ნივთის მიწოდების ვადა წინასწარ არ ყოფილა დათქმული, მაშინ გადასაზიდად „ჩვეული ვადის“ გადაცილება ჩაითვლება პირობის დარღვევად, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან ხდება ნივთის ტრანსპორტიდება. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, „ჩვეული ვადა“ განსხვავებული იქნება, თუმცა მისი გაანგარიშება ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
პრეტენზიების წარდგენა
თუ მომხმარებელი ტვირთის მიღებისას მას გადამზიდავის წარმომადგენლის თანდასწრებით არ შეამოწმებს, ხელს მოაწერს მიღება-ჩაბარების აქტს და გადამზიდავს მაშინვე არ წაუყენებს პრეტენზიას გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, ჩაითვლება, რომ გადამზიდავმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების დროს პრეტენზიის მოგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ნაკლის მქონე ნივთი ჩაიბარა.
თუმცა, ამასთან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
რაც შეეხება პრეტენზიებს გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანების თაობაზე, ისინი წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდავთან ტვირთის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 7 დღისა; რადგან ფარული დანაკარგებისა და დაზიანებების აღმოჩენა გარკვეულ დროს მოითხოვს.
გადამზიდავი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან თუ იგი დაამტკიცებს, რომ:
ტვირთის ნაკლი ან მიწოდების დაგვიანება ფორსმაჟორული გარემოებებითაა გამოწვეული, მაგალითად, როგორებიცაა ომი, სტიქიური უბედურება, კარანტინი და სხვა; ანუ ისეთი გარემოებები, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო.
გამყიდველმა გადამზიდავს არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადაზიდვის დროს, ნივთი შესაძლოა დაზიანდეს და მას დამატებითი შეფუთვა სჭირდება. მაგალითად, მსხვრევადი ნივთების გადაზიდვის დროს.
ნივთი გადაზიდვის დროს არ დაზიანებულა და მას უკვე გააჩნდა ესა თუ ის ნაკლი, როდესაც იგი გამყიდველმა მიაწოდა.
უკანასკნელ ორ შემთხვევაში მომხმარებელს ზიანი გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს.
თუკი ნივთს გადაზიდვამდე გააჩნდა ნაკლი, მაშინ მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს პრეტენზია წაუყენოს, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა (ცხადია, თუ საქონლის ვარგისიანობის ვადა არ არის გასული).
22.06.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია