ვულე-ვუს კოსმეტიკა
სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას
2013 წლის თებერვლის დასაწყისში მომხმარებელმა ვულე-ვუს კოსმეტიკის თაობაზე მოგვმართა.
როგორც გაირკვა, მომხმარებელს ვულე-ვუს მაღაზიაში საახალწლოდ, ე.წ. 1+1 აქციაზე შეუძენია რამოდენიმე კოსმეტიკური პროდუქტი. შემდეგ კი ნაცნობმა ასწავლა ვებ-გვერდი, რომლითაც შესაძლებელია დაადგინო კოსმეტიკური ნაწარმის გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. მომხმარებელმა მის მიერ შეძენილი პროდუქტების კოდები შეიყვანა ამ საიტზე და გაარკვია, რომ აქციაზე შეძენილი ყველა პროდუქტი ვადაგასული იყო! აქციის გარეშე შეძენილი პროდუქტების მოხმარების ვადები კი გასული არ იყო. სამწუხაროდ მომხმარებელს არც ერთი პროდუქტის შეძენის ქვითარი არ ჰქონდა შენახული, ამიტომ ვულე-ვუსთვის პრეტენზიის წაყენება შეუძლებელი იყო.
გარდა ამისა, მომხმარებლის მიერ მითითებულ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მომხმარებლებს ურჩევენ მეტი სიზუსტისთვის თავად კოსმეტიკის მწარმოებელს მიმართონ. ჩვენ გავგზავნეთ შეკითხვები კოსმეტიკის რამოდენიმე მწარმოებელთან, სადაც ვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოფიციალური პროცედურა აქვს დადგენილი ფირმას იმისთვის, რომ მომხმარებელმა მათი პროდუქტის გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადა გაარკვიოსსამწუხაროდ როგორც ევროკავშირის, ასევე უმეტესი ქვეყნების კანონმდებლობა არ ითხოვს, რომ კოსმეტიკური პროდუქტის გამოშვების და ვარგისიანობის თარიღები თავად პროდუქტზე იყოს მითითებული. არც საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს ამას .
კომპანია Givenchy-სგან მივიღეთ პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ პროდუქციის ამ მახასიათებლების დასადგენად ისინი მომხმარებელს ანალოგიური საიტის გამოყენებას ურჩევენ, სადაც ვადების გარკვევა მომხმარებელს კონკრეტულ პროდუქტზე მითითებული სერიული ნომრის აკრეფით შეუძლია.
2013 წლის 1 მარტს ჩვენ მივაკიხეთ მაღაზია ვულე-ვუს (ვაჟა-ფშაველას 35), სადაც 8 მარტთან დაკავშირებით კვლავ გამოცხადებული იყო 1+1 აქცია. ამ აქციაზე ჩვენ გვინდოდა შეგვეძინა Givenchy-ს ფირმის ერთი პროდუქტი და მეორე მიგვეღო საჩუქრად. ამისათვის მაღაზიის კონსულტანტის დახმარებით შევარჩიეთ ორი დაახლოვებით ერთიდაიგივე ფასიანი პრდუქტი ორივე Givenchy-ს ფირმის : ტუჩის საცხი (ღირებულება 73 ლარი) და თვალის ჩრდილი (ღირებულება 70 ლარამდე). გაირკვა რომ აქცია "1+1"-ს ფარგლებში "ნაჩუქარ" საქონელზე მაღაზია არ იძლევა სასაქონლო ზედნადებს, ამიტომ ჩვენ შევიძინეთ მხოლოდ ერთი პროდუქტი - ტუჩის საცხი, რომელიც ფასდაკლებით მაღაზიამ 66 ლარად მოგვყიდა.
პროდუქტზე დატანილი სერიული ნომერი 9N01 შევიყვანეთ Givenchy-ს წარმომადგენლის მიერ მითითებულ საიტზე, პროდუქტის გამოშვების თარიღისა და ვარგისიანობის ვადის დასადგენად.
როგორც ხედავთ, checkcosmetic.net საიტის მიხედვით პროდუქტი წარმოებულია 2009 წლის იანვარში და ვარგისია 36 თვე - 2012 წლის იანვრამდე. ანუ პროდუქტი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, ვადაგასულია.
გაიგზავნა კითხვა Givenchy-ში იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა ვადაგასული ტუჩის საცხი .
მაღაზია "ვულე-ვუში" (შპს "სტაილი") კი გაიგზავნა პროდუქტის უკან დაბრუნების მოთხოვნა. შედეგებს აქ შეგატყობინებთ.
2013 წლის 4 მარტს შპს "სტაილმა" გამოგვიგზავნა საპასუხო წერილი:
ჩვენი ელექტრონული წერილის პასუხად Givenchy-დან მივიღეთ საპასუხო წერილი, რომელშიც ფირმის წარმომადგენელი გვატყობინებს რომ ტუჩის საცხს 9N01 ნომრით ვადა გაუვიდა 2012 წლის იანვარში და გვირჩევს, რომ არ გამოვიყენოთ.
ჩვენ თხოვნით მივმართეთ "ჟივენშის" გამოეგზავნა ოფიციალური წერილი პროდუქტის ვადაგასულობის თაობაზე, რომლითაც "ვულე-ვუს" მოვთხოვდით ტუჩის საცხის ეს პარტია გაყიდვიდან ამოეღო. თუმცა ჟივენშისგან უარი მოგვივიდა (იხ. ქვემოთ). კერძოდ, როგორც კომპანიის წარმომადგენელი წერილში განმარტავს, იგი გვირჩევს არ გამოვიყენოთ ვადაგასული პროდუქტი, ვინაიდან ფერი და სუნი შესაძლოა ამ პროდუქციისთვის დამახასიათებელი აღარ იყოს, მაგრამ ამავე დროს გვარწმუნებს, რომ ვადაგასული პროდუქცია მავნე არ არის და მომხმარებლისთვის რისკს არ წარმოადგენს, ამიტომ გაყიდვიდან მისი ამოღება სავალდებულო არ არის.
აქვე დავამატებთ, რომ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია მეორე კოსმეტიკური ფირმის - Guerlain-ის ნაწარმზე, რომელიც მომხმარებელს ასევე ფასდაკლების აქციაზე ჰქონდა შეძენილი და ზემოთ მითითებული ვებ-გვერდზე შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ყველა ისინი ვადაგასულია. ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ მწარმოებელთან და მივიღეთ პასუხი, რომ პროდუქცია მართლაც ვადაგასულია:
ჩვენ დაბეჯითებით ვურჩევთ მომხმარებლებს, გადაამოწმონ კოსმეტიკის ვარგისობა და შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ვადაგასული კოსმეტიკური ნაწარმის მოხმარებისგან.
10.05.2017
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია