არბიტრაჟი და მედიაცია

მეწარმეებთან დავის დროს ბევრი მომხმარებელი თავს იკავებს სასამართლოსადმი მიმართვისაგან. ამას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს, რაზეც ამჯერად არ შევჩერდებით. საგულისხმოა, რომ, სასამართლოს გარდა, დავის სხვა გზებით გადაწყვეტის საშუალებებიც არსებობს, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია არბიტრაჟი და მედიაცია.

არბიტრაჟი და მედიაცია, სასამართლოსთან შედარებით, როგორც წესი, ნაკლებ ხარჯებსა და დროს მოითხოვს. ამასთანავე, არბიტრი ან მედიატორი შეიძლება არა იურისტი, არამედ იმ დარგის სპეციალისტი იყოს, რომელსაც დავა ეხება და მოსამართლეზე უკეთ გაერკვეს საქმეში.

გარდა ამისა, მოსამართლისაგან განსხვავებით, მოდავე მხარეებს თავად შეუძლიათ არბიტრისა და მედიატორის შერჩევა. ამ ფუნქციების შესასრულებლად შესაძლებელია არჩეული იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც მხარეები ენდობიან და ვის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმშიც ეჭვი არ ეპარებათ.

არბიტრაჟი და მედიაცია, ჩვეულებრივ, დახურულია საზოგადოებისთვის. სასამართლო პროცესი კი, უმეტესწილად - ღია. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში მხარეებისთვის უფრო კომფორტული სწორედ არბიტრაჟი და მედიაცია შეიძლება გახდეს.

არბიტრაჟი

მხარეებს შორის კერძო ხასიათის ქონებრივი დავა ექვემდებარება არბიტრაჟს, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ და ხელშეკრულებაში სათანადო მუხლი ჩაამატეს, ან თუ ისინი ცალკე ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ამაზე. არბიტრაჟი, გადაწყვეტილების გამოტანის დროს, კანონმდებლობას ეფუძნება. არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შესასრულებლად, უმეტესად, სავალდებულოა. მისი გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შემთხვევების სრული ჩამონათვალი იხ. საქართველოს კანონში არბიტრაჟის შესახებ, მუხლი 45.

არბიტრის სავარაუდო კანდიდატის შერჩევა შესაძლებელია სხვადასხვა კომპანიების ან საქართველოს არბიტრთა ასოციაციის დახმარებით.

არბიტრი უნდა იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამავე დროს, არბიტრი არ შეიძლება გახდეს პირი, რომელიც არის:

ა) შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები;

ბ) სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ან საჯარო მოსამსახურე;

გ) მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლეობა;

დ) ან იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.

კანონი არ განსაზღვრავს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არბიტრების მიმართ. ამას თავად არბიტრთა ასოციაცია მეტი ინფორმაცია არბიტრთა ასოციაციის შესახებ იხ. საიტზე gaa.ge. და არბიტრის დამსაქმებელი კომპანიები წყვეტენ.

არბიტრთა ასოციაციას გააჩნია ეთიკის კოდექსი, რომლის დარღვევისთვისაც არბიტრის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სანქციები, მაგალითად:  საჯარო გაფრთხილება;  წევრობის შეჩერება;  ასოციაციიდან გარიცხვა.

არბიტრთა დანიშვნის წინაპირობებს განსაზღვრავს კანონი. საქართველოს კანონი არბიტრაჟის შესახებ, მუხლი 11. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისგან. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არბიტრს სასამართლო ნიშნავს.

სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თითოეული მხარე ნიშნავს თითო არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს.   

მედიაცია

მედიაციის დროს მოდავე მხარეები მიმართავენ შუამავალს - მედიატორს, რომელიც მათ დავის მოგვარებაში ეხმარება. მედიატორი სწავლობს ორივე მხარის პოზიციას, ცდილობს ორივე მხარემ კარგად მოუსმინოს ერთმანეთს, ერთმანეთის პრეტენზია გაიაზროს, კანონმდებლობიდან გამომდინარე შეხედოს საკუთარ პოზიციას და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. საბოლოოდ, მედიატორმა ისეთი გამოსავალი უნდა მოძებნოს, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნება. მიღწეული შეთანხმება შესაძლოა წერილობითაც გაფორმდეს, რომელსაც ორივე მხარე მოაწერს ხელს და რომლის შესრულებაც სავალდებულოა.

მედიაცია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითაა დარეგულირებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, თავი XXI სასამართლო მედიაცია. არსებობს კერძო და სასამართლო მედიაცია. კერძო მედიაციის შესახებ მხარეებს შეუძლიათ გარიგების დადებისას, ან დავის წარმოშობის შემდეგ შეთანხმდნენ.

სასამართლო მედიაცია კი შესაძლებელია სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ დაიწყოს.  სასამართლო მედიაცია შესაძლებელია გავრცელდეს შემდეგ საქმეებზე: სრული ჩამონათვალი იხ.: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 187.

  • ქონებრივ დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება;
  • საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან) გამომდინარე დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 10000 ლარს არ აღემატება;
  • არაქონებრივ დავებზე;
  • ნებისმიერ სხვა დავაზე − მხარეთა თანხმობის შემთხვევაშიდა სხვა.

სასამართლო მედიაციის შედეგად, მხარეებს შორის დადებული მორიგება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილი და სწორედ ესაა მისი აღსრულების გარანტია.

ზემოთ უკვე აღნიშნეთ, არბიტრაჟისა და მედიაციის უპირატესობების შესახებ. ამის გარდა, მედიაციას შემდეგი დამატებითი დადებითი მხარეები გააჩნია:

  • ხარჯი - ჩვეულებრივ, მედიაციისთვის გაღებული თანხები ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე არბიტრაჟის დროს.
  • დრო - როგორც წესი, მედიაცია ერთ ან ორ დღეს გრძელდება. კერძო მედიაცია შეიძლება შაბათ-კვირას ან საღამოს დაიგეგმოს, სამსახურის შემდგომ საათებში, რათა ადამიანი თავის საქმიანობას ნაკლებად მოცდეს.
  • ადგილი - კერძო მედიაციის გამართვა ყველგანაა შესაძლებელი. ამისათვის საჭირო არ არის სასამართლოში ან არბიტრაჟში მისვლა, ან საცხოვრებელი ადგილიდან შორს წასვლა. მართალია, სასამართლო მედიაციის დროს მხარეები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ  მედიატორის მიერ დანიშნულ ადგილზე, თუმცა, ეს მათი საცხოვრებელი ან საქმიანობის არეალიდან შორს არ იქნება.
  • მედიაციის არაოფიციალური გარემო მხარეებისათვის დამთრგუნველი არ არის. ისინი გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიან, ვიდრე სასამართლო პროცესისას შეიძლება განეცადათ.
  • მხარეეებს შეუძლიათ ურთიერთობა და თანამშრომლობა შეინარჩუნონ, ვინაიდან მედიაცია მათ მორიგების შესაძლებლობას აძლევს.
  • მხარეები თავად აკონტროლებენ დავის მიმდინარეობას, თავად წყვეტენ მოლაპარაკება ხომ არ არის დროის ფუჭი ხარჯვა, რაზე არიან თანახმა და რაზე არა...
  • მედიაცია გაცილებით მოქნილია, ვიდრე სასამართლო ან არბიტრაჟი. მხარეებს მეტი თავისუფლება აქვთ პრობლემის გადაწყვეტის გზების მოსანახად. ისინი შესაძლოა ისეთ მორიგებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიღწევაც სასამართლოს ან არბიტრაჟის გზითშეუძლებელი იქნებოდა.
  • მედიაცია ხელს უწყობს საზოგადოებაში იძულების კულტურის ნაცვლად, მოლაპარაკებისა და კომპრომისის კულტურის დამკდვიდრებას.

თუმცა, მედიაციას თავისი ნაკლოვანებებიც გააჩნია, მაგალითად: ძლიერმა მხარემ შესაძლოა დაშინებისა და ზეწოლის გზით მიაღწიოს შეთანხმებას. ასეთ შემთხვევაში სუსტი მხარე სასამართლო პროცესის პირობებში გაცილებით დაცული იქნებოდა.

მხარეები მედიატორს ირჩევენ „მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან.“ მედიატორთა სრული სია იხილეთსაიტზე https://napr.gov.ge/p/715. მედიატორთა ასოციაციის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ საიტზე mediation.ge სასამართლო მედიაციის დროს, მედიატორის შერჩევა ხდება მისი საქმიანობის გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, ხოლო კერძო მედიაციის დროს გეოგრაფიული შეზღუდვები არ მოქმედებს, თუ, რა თქმა უნდა, მედიატორი თანახმაა თავისი ფუნქცია საცხოვრებელი ადგილიდან შორს განახორციელოს.

მედიატორთა ერთიანი რეესტრის წარმოებას მედიატორთა ასოციაცია უზრუნველყოფს.  რეესტრში რეგისტრაცია შეუძლია ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელიც:

  • არ არის ნასამართლევი;
  • გავლილი აქვს მედიაციის სპეციალური ტრეინინგი;
  • ფლობს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს.

მედიატორთა ეთიკის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, ასოციაციას  მედიატორის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლია, მაგალითად წევრობის შეჩერება, ასოციაციიდან გარიცხვა, თუ სხვა.

 

ასე რომ, დავის მრავალი გზით გადაწყვეტაა შესაძლებელი. შესაბამისი მეთოდის არჩევამდე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რისი მიღწევა გვსურს და რა არის ჩვენი პრიორიტეტი.

 

წყაროები:

  1. განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მედიაციის შესახებ“.
  2. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, „მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში“, თბილისი, 2013 წ.
  3. საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“.
  4. საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“.
  5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, თავი XXI სასამართლო მედიაცია.
  6. სტივენ მ. ოსტერმილერი, დილეინ რ. სვენსონი, „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები საქართველოში“ (საბაზისო სახელმძღვანელო), 2014 წ.

26.06.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია