ელექტროჩაიდანი ლილოში

2012 წლის 23 აპრილს მომხმარებლის ცხელ ხაზზე დარეკა მომხმარებელმა და გვთხოვა დახმარება იმასთან დაკავშირებით, რომ ლილო-მოლში შეიძინა ელექტრო-ჩაიდანი, რომლის წყლის დონის მაჩვენებელი ინდიკატორი არაფერს აჩვენებდა და ამის გამო სურდა მისი დაბრუნება. თუმცა გამყიდველმა ჩაიდნის უკან მიღებაზე უარი უთხრა. 2012 წლის 1 მაისს ჩვენ შევხვდით მომხმარებელს და გადავიღეთ ჩაიდანი, რომელსაც ეხებოდა პრეტენზია:

ჩვენ აგრეთვე შევამოწმეთ, საფუძვლიანი იყო თუ არა მომხმარებლის პრეტენზია. როგორც აღმოჩნდა, ჩაიდნის სახელურის ქვეშ მართლაც იყო წყლის დონის ინდიკატორი, რომელიც წლის დონეს არ აჩვენებდა. არადა როგორც ჩაიდნის ყუთზე, ასევე ინსტრუქციაშიც მითითებული იყო, რომ ჩაიდანს აქვს წყლის დონის ინდიკატორი. არსად არ იყო მითითებული, რომ ეს ინდიკატორი ბუტაფორიაა.

მომხმარებელს აღნიშნული ჩაიდანი შეძენილი ჰქონდა 22 ლარად, რისი დამადასტურებელი ჩეკიც წარმოგვიდგინა: 

მომხმარებლის დახმარების მიზნით ჩვენ მას წავყევით ლილო-მოლში, იმ მაღაზიაში, სადაც მან შეიძინა ეს ჩაიდანი. გამყიდველი არ უარყოფდა იმას, რომ გაყიდული ჩაიდნის წყლის დონის ინდიკატორი ბუტაფორიაა და წყლის დონეს არ აჩვენებს. თუმცა მან განაცხადა, რომ ეს ფაქტი მხოლოდ მომხმარებლის პრეტენზიის შემდეგ აღმოაჩინა. მომხმარებლის მოთხოვნაზე, გადაეცვალა ეს ჩაიდანი ისეთ ჩაიდანში, რომლის ინდიკატორიც წყლის დონეს აჩვენებს, გამყიდველმა განაცხადა, რომ მას ასეთი ჩაიდნები გაყიდვაში არ აქვს. ჩაიდნის უკან მიღებაზე კი მან უარი თქვა, ვინაიდან ჩაიდანი უკვე ნახმარია და მისი შიდა ზედაპირის ფერი შეცვლილიაო. 

საბოლოოდ, დაახლოებით 20-წუთიანი საუბრის შედეგად, შევთანხმდით, რომ სამართლიანი იქნებოდა ჩაიდნის ფასი შემცირებულიყო იმ თანხამდე, რაც ლილო-მოლში ღირდა იგივე ტიპის ჩაიდნები, რომლებზეც არ არის დატანილი მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი, ბუტაფორული ინდიკატორი. ასეთი ჩაიდნები ლილო-მოლში დაახლოებით 15 ლარი ღირს. შესაბამისად, გამყიდველმა აუნაზღაურა მომხმარებელს ფასთა სხვაობა - 7 ლარი. 

18.11.2013


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია