მასიმო დუთის ფეხსაცმელი

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2013 წლის 10 იანვარს მომხმარებელმა ”მასიმო დუტიში” შეძენილ ფეხსაცმელთან დაკავშირებით დაგვირეკა.

როგორც გაირკვა, მომხმარებელმა 2012 წლის 22 დეკემბერს, ”თბილისი მოლში” განთავსებულ მაღაზია ”Massimo Dutti"-ში შეიძინა ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი:

ახალი ფეხსაცმელი მომხმარებელმა მხოლოდ ერთხელ ჩაიცვა - ახალი წლის ღამეს. უკვე მეორე დღეს კი აღმოაჩინა, რომ მარცხენა ფეხსაცმლის პირი ოდნავ გახეულიყო:

2 იანვარს მომხმარებელმა მიაკითხა მაღაზიას ფეხსაცმლის დასაბრუნებლად ან გამოსაცვლელად, თუმცა იქ განუცხადეს, რომ მას ფეხსაცმლის დაბრუნების უფლება გაყიდვიდან მხოლოდ 3 დღის განმავლობაში ჰქონდა და ეს დრო უკვე გასული იყო. მომხმარებელი აღშფოთდა, ფეხსაცმელი მაღაზიას დაუტოვა და მოითხოვა, მენეჯერს აჩვენეთ და იმან დამირეკოსო - მომხმარებელი ამ მაღაზიის ხშირი კლიენტი იყო და მენეჯერებისგან გულისხმიერ დამოკიდებულებას მოელოდა. მომდევნო დღეებში მაღაზიის მენეჯერებმა მომხმარებელს მართლაც ორჯერ დაურეკეს, მაგრამ ფეხსაცმლის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე კატეგორიული უარი უთხრეს - ვადები გასულია და ვერაფრით დაგეხმარებითო.

მაღაზიის მოპყრობით აღშფოთებულმა მომხმარებელმა საჩივარი უშუალოდ ”Massimo Dutti"-ს მისწერა, ფირმის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე, და მალე პასუხიც მიიღო:

2013 წლის 12 იანვარს ჩვენ მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ მაღაზიას, საქმის გარემოებებში გასარკვევად. პირველ რიგში ჩვენ დავინტერესდით, გააფრთხილეს თუ არა მომხმარებელი ფეხსაცმლის შეძენისას, რომ მაღაზიას ნაკლიანი ფეხსაცმლის დაბრუნებისათვის 3-დღიანი, ხოლო მისი გადაცვლისათვის 7-დღიანი ვადა ჰქონდა დაწესებული. მაღაზიის პერსონალმა განაცხადა, რომ შესაბამისი განცხადება, ქართულ და ინგლისურ ენაზე, განთავსებულია მაღაზიის სალაროსთან და ფეხსაცმლის შეძენისას მასზე მომხმარებელს უთითებენ. ჩვენ ამ განცხადებების ასლი მოვითხოვეთ. აი ისინი:

როგორც ხედავთ, განცხადებაში საუბარია არა ნაკლის მქონე პროდუქციის დაბრუნების ან გამოცვლის ვადების შეზღუდვაზე, არამედ კომპანიის პოლიტიკაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეძენილი საქონელი (გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა) ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააბრუნოს 3 დღის განმავლობაში ან გადაცვალოს 7 დღის განმავლობაში. ნაკლის მქონე საქონელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ეს განცხადება საერთოდ არ ეხება!

როგორც გაირკვა, თავად ”Massimo Dutti" სულაც არ გაურბოდა მის საქონელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას - მაღაზიაში დაგვხვდა ფირმის წარმომადგენელი, რომელიც მომხმარებლის მიერ ფეისბუქზე დაწერილ საჩივარს უკვე იცნობდა. მან ბოდიში მოუხადა მომხმარებელს ფეხსაცმლის არასათანადო ხარისხის გამო და აღუთქვა, რომ პირველივე სამუშაო დღეს (14 იანვარს) მას დაუკავშირდებოდნენ და პრეტენზიას დააკმაყოფილებდნენ.

14 იანვარს მომხმარებელს მასიმო დუთიდან მართლაც დაურეკეს და მაღაზიაში მისვლა სთხოვეს. დღის ბოლოს მან მიაკითხა მაღაზიას, სადაც ფეხსაცმელი ჩაიბარეს, მომხმარებელს კი გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნეს.

მომხმარებლებს ვურჩევთ, პროდუქციის შეძენამდე გულდასმით გაარკვიეთ ნაკლიანი საქონლის დაბრუნების ან გამოცვლის პირობები. კარგი იქნება, თუკი არ დაიზარებთ და მოითხოვთ მაღაზიის შესაბამისი შიდაგანაწესს და გულდასმით გაეცნობით მას _ არ არის გამორიცხული, ზემოთ აღწერილ გაუგებრობას პროდუქციის დაბრუნებისა თუ გადაცვლის პირობებთან დაკავშირებით, სხვა მაღაზიებშიც ჰქონდეს ადგილი. სასარგებლოა აგრეთვე გაარკვიოთ, იძლევა თუ არა მწარმოებელი ან მაღაზია უნაკლო საქონლის დაბრუნება-გამოცვლის შესაძლებლობას - მოგეხსენებათ, ეს შესაძლებლობა სავალდებულო სულაც არ არის და მას მხოლოდ მომხმარებელისადმი განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ფირმები იძლევიან. 

და კიდევ ერთი რჩევა: პროდუქციის ნაკლის აღმოჩენისას ყოველთვის შეეცადეთ დაუკავშირდეთ არა მხოლოდ მაღაზიას, არამედ უშუალოდ მეწარმესაც! როგორც ზემოთ ვნახეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეწარმის ჩარევის გარეშე მომხმარებლის ინტერესები სერიოზულად შეილახებოდა.

10.05.2017


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია