მრგვალი მაგიდა „სურსათის კონტროლი სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე“
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, 2021 წლის 16 თებერვალს გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა „სურსათის კონტროლი სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე“.
შეხვედრა გახსნეს:
- ეკა ურუშაძემ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.
- ლუს ლამერტსმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ.
- თენგიზ კალანდაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა.
გაკეთდა შემდეგი მოხსენებები:
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობის თაობაზე - ვახტანგ კობალაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი.
- სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავების კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან - მიღწევები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები - გიორგი მიქაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესის, მედიის, აკადემიური წრეების, ლაბორატორიების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა.
2019-2020 წლებში CSRDG-ს ინიციატივით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში გაყიდულ სურსათში აკრძალული, ჯანმრთელობისათვის მავნე სუდანის ჯგუფის საღებავები გამოვლინდა. შედეგები გამოქვეყნდა, ეცნობა შესაბამის მეწარმეებსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც რიგი ღონისძიებებისა განახორციელა (მეტი ინფორმაცია ამ საკითხებზე იხ. ბმულებზე https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6740 და https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6737). მრგვალ მაგიდაზე მოხდა სახელმწიფო უწყებების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა.
სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების კონტროლთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, 2020 წელს მოხდა 34 ნიმუშის გამოკვლევა, მაშინ როცა 2019 წელს მხოლოდ 10 ნიმუში შემოწმდა.
2020 წელს, 34 ნიმუშიდან 9-ში აღმოჩნდა სუდანის ჯგუფის საღებავები, ხოლო 2019 წელს, 10 ნიმუშიდან 9 ნიმუშში. ასევე, მიკვლეულ იქნა პროდუქციის უმეტესი ნაწილის დაბინძურების წყაროები და ყველა შემთხვევაში ეს იმპორტირებული წითელი წიწაკა (დაფქული, დამსხვრეული) აღმოჩნდა.
შესაბამისად, 2019 წლის ოქტომბერში სურსათის სააგენტომ გამოსცა ბრძანება საგანგებო ზომების შესახებ, რომლის თანახმადაც წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას (გარდა განვითარებული ქვეყნებიდან იმპორტისა), ყოველ პარტიას უნდა ახლდეს ლაბორატორიული კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც საქონელში სუდანის ჯგუფის საღებავები არ გამოვლინდა.
კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ის იყო, რომ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ ჰქონდათ სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევა დანერგილი. ამის გამო, ნიმუშების შემოწმება საზღვარგარეთის ლაბორატორიებში იყო საჭირო. თუმცა, დღეისათვის სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ მიიღო აკრედიტაცია სუდანის ჯგუფის საღებავების შემოწმებაზე, რამაც უნდა გააადვილოს ამ რისკის მონიტორინგი.
CSRDG მიესალმება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოცემული პრობლემის დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებს და იმედი აქვს, რომ ეს მოცემულ რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.
ამავე დროს, CSRDG თვლის, რომ, ზოგადად, სააგენტოს საქმიანობას ჩრდილს აყენებს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ არასაკმარისი კომუნიკაცია და განსაკუთრებით, გამოვლენილი მავნე პროდუქციის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გაუვრცელებლობა. ეს პრობლემები სურსათში სუდანის კონტროლთან მიმართებაშიც გამოვლინდა.
იმისათვის, რომ უკეთ იყოს დაცული საზოგადოების ჯანმრთელობა, გაიზარდოს სააგენტოს ცნობადობა და ნდობა საზოგადოებაში, ხოლო მეწარმეებს კანონის დაცვის მეტი სტიმული გაუჩნდეთ, აუცილებელია სააგენტოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და, პირველ ყოვლისა, საზოგადოების ოპერატიული ინფორმირება გამოვლენილი საფრთხეების შესახებ.
CSRDG გააგრძელებს იმაზე დაკვირვებას, თუ როგორ ხდება სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან და ამ საკითხებზე ინფორმაციას საზოგადოებას კვლავაც მიაწვდის.
ღონისძიება მოეწყო ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
16.02.2021
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია