ლაბორატორიული კვლევების გასაგრძელებლად საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება

სურსათში სიცოცხლისთვის საშიში საღებავი „სუდანი“ ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოვაჩინეთ. მაშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაბინძურების სავარაუდო წყაროდ იმპორტირებული დაფქული წითელი წიწაკა მიიჩნია და მისი კონტროლის გასამკაცრებლად საგანგებო ბრძანებაც გამოსცა. ამის შემდეგ, 2020 წელს კიდევ ორჯერ ჩავატარეთ სურსათის კვლევა სუდანის შემცველობაზე და ორივეჯერ ჯამში 8 ნიმუშში აღმოჩნდა სუდანი (ბოლო კვლევის შედეგები იხილეთ აქ  https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6740). ამ საღებავით დაბინძურებული საკვები 2020 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც აღმოაჩინა (34-დან 9 ნიმუშში). წელს სააგენტოს 33 ნიმუშის შემოწმება აქვს დაგეგმილი. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა.

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას (მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ევროკავშირის ოფიციალური საიტი https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/MEMO_05_61).

აქამდე პროდუქციის კვლევას ძირითადად უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ვახორციელებდით. ბოლო ერთი წელია ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო დაფინანსება არ გვაქვს. მხოლოდ მცირე მხარდაჭერა მოვიპოვეთ კამპანიის საწარმოებლად, რათა მოქალაქეებისაგან შევაგროვოთ კვლევებისათვის განკუთვნილი სახსრები. ინიციატივის წარსამართად საჭირო ადმინისტრაციული და საკომუნიკაციო ხარჯები კი დონორების მხარდაჭერით დაიფარება. 

პროდუქციის უვნებლობა პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენი და ჩვენი ახლობლების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ უცხოური ქველმოქმედებისა და სახელმწიფოს იმედად ვერ ვიქნებით. სანამ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, შეძლებისდაგვარად არ ვიაქტიურებთ და, მათ შორის, შეძლებისდაგვარად არ გავიღებთ თუნდაც მცირე თანხას, მავნე პროდუქციისაგან საკმარისად დაცულები ვერ ვიქნებით. ამაზე მიუთითებს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, სადაც პროდუქციის უვნებლობის ეფექტიანი სახელმწიფო სისტემების მოქმედების მიუხედავად, სამოქალაქო ინიციატივები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.  

ასე რომ, ვიწყებთ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც 1 ლარით დააფინანსოს იმ სურსათის გამოკვლევა, რომელიც საღებავ „სუდანით“ დაბინძურების რისკის ქვეშაა.

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთი პროდუქტია წითელი წიწაკა (დაფქული, დამსხვრეული) და სხვა სურსათი, რომელშიც წითელი წიწაკა ინგრედიენტის სახით არის ხოლმე გამოყენებული: წითელი ტყემალი, აჯიკა, პომიდვრის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. 

შეგროვილი თანხით შევიძენთ და შევამოწმებთ საქართველოში გაყიდულ იმ მეწარმეთა პროდუქციას, რომლის ნიმუშებშიც 2019-2020 წლებში სუდანი აღმოჩნდა, ისევე, როგორც სხვადასხვა ადგილობრივ და იმპორტირებულ ნაწარმს.  ზოგადი სურათის სანახავად საკმარისი იქნება სულ მცირე 40 ნიმუშის შემოწმება, რისთვისაც ჯამში 17 000 ლარამდეა საჭირო.

ჩვენი წინა ინიციატივების დროს საქართველოში საღებავ „სუდანის“ ლაბორატორიული კვლევა არ ტარდებოდა. ამიტომაც ნიმუშების გაგზავნა საზღვარგარეთ მოგვიხდა. პრობლემისადმი გაზრდილი ყურადღების შედეგად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ახლა უკვე დანერგა აღნიშნული კვლევა. ასე რომ, ამჯერად ადგილობრივი ლაბორატორიის მომსახურებით ვისარგებლებთ. 

თითო ნიმუშის კვლევა 400 ლარი ღირს. მინიმუმ 50 გ პროდუქტი უნდა იყოს წარდგენილი და სათადარიგო მასალა შენახული, თუკი განმეორებითი კვლევის ჩატარება გახდება საჭირო.

შემოწირული თანხების დეტალურ ანგარიშგებას, ლაბორატორიული კვლევის შედეგებსა და სხვა სიახლეებს ჩვენს საიტზე და ფეისბუქის გვერდზე გამოვაქვეყნებთ. 

კამპანიის მსვლელობისას იგეგმება, ასევე, ონლაინშეხვედრები საზოგადოებასთან, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ ორგანიზატორებისაგან მიიღონ პასუხები.  საიტი და ფეისბუქ გვერდი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება კითხვების დასმა. 

კამპანიის წარმატების შემთხვევაში:

  • მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას შემოწმებული სურსათის უვნებლობის შესახებ, რაც მათ დაეხმარება, უკეთ დაიცვან თავი მავნე სურსათისაგან.
  • სუდანით დაბინძურებული პროდუქტების შესახებ შეტყობინებები გაეგზავნება შესაბამის მეწარმეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც ჩვენი და კამპანიის მონაწილე ყველა მოქალაქის სახელით მოვთხოვთ სათანადო ზომების მიღებას, რათა პრობლემა სიღრმისეულად აღმოიფხვრას.
  • მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენს მომავალ ინიციატივებში, სურსათისა თუ სხვა პროდუქციის უვნებლობის შესამოწმებლად.

შემოწირულობის გაღება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, ბმულზე https://www.momxmarebeli.ge/me/sponsor

ან თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეტანით: 

თი-ბი-სი ბანკი:  GE53TB7606836020100005

საქართველოს ბანკი: GE65BG0000000161129735. 

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: შემოწირულობა პროდუქციის კვლევისათვის.


შემომწირველთა სახელები და მათ მიერ გაღებული თანხები საიტზე გამოქვეყნდება. თუკი კონფიდენციალურობის შენარჩუნება გსურთ, საბანკო ბარათის მეშვეობით ჩარიცხვის შემთხვევაში შეგიძლიათ, სახელი არ დაწეროთ, ხოლო საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვის დროს, დანიშნულების ველში მიუთითოთ „კონფიდენციალური“.

 

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“

ქრაუდფანდინგ კამპანია #იცოდერასჭამ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტს ახორციელებს  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

"სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და  გამოცდილებას.

























15.09.2021


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები