კვერცხის შემოწმების შედეგები

ანტიბიოტიკების შემცველობის შემოწმება

კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად ჩვენი კამპანიის ფარგლებში (მეტი ინფორმაციისთვის იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6794), თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა ფერმის მიერ წარმოებული კვერცხის 8 ნიმუში და შევამოწმეთ სამი, სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკის შემცველობაზე. საბედნიეროდ, ამ ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლინდა.

შესამოწმებლად შევარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამ დროისათვის ხელმისაწვდომია მაღაზიებში, დიდი ფერმების მიერ არის წარმოებული, მასობრივად იყიდება საქართველოს სავაჭრო ქსელში და ეტიკეტირებულია.

ნიმუშები შემოწმდა 3 ანტიბიოტიკის შემცველობაზე (მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი (იგივე ლევომიცეტინი) და ნიტროფურაზონი), რომლებსაც არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს და მიუხედავად ამისა, ჩვენი ინფორმაციით, მეცხოველეობაში მაინც გამოიყენება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სულ რეგლამენტირებულია (ანუ გარკვეული ოდენობებით დაშვებულია) ასეულობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება (მათ შორის ანტიბიოტიკის) შემცველობა სურსათში, ხოლო 9 ნივთიერება საერთოდ აკრძალულია.

შემოწმება ჩატარდა ლაბორატორია გლობალტესტში (https://www.globaltest.ge/), რომელსაც გააჩნია სახელმწიფო აკრედიტაცია ცხოველური წარმოშობის სურსათში ანტიბიოტიკების შემოწმებაზე. სურსათის ეროვნული სააგენტო წლების მანძილზე აღნიშნული სახის კვლევებს სწორედ ამ ლაბორატორიაში ახორციელებს. მომსახურების ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია.

სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ შემოწმებული ნივთიერებები კვერცხში არ აღმოჩნდა. თუმცა, ანტიმიკრობული პრეპარატებით (მათ შორის, ანტიბიოტიკებით) სურსათის დაბინძურება პრობლემად რჩება და ამ საკითხს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, კვლავაც თვალს მივადევნებთ.

ეტიკეტირების დარღვევები

ეტიკეტირების დარღვევები აღმოჩნდა ორ ნიმუშზე. ესენია:

  1. „ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი“, შპს „მწვანე ფერმა“;
  2. „რა კარგია“ კვერცხი, შპს „ეკო კვერცხი“.

საქართველოს კანონმდებლობის თანხმად, სურსათის ეტიკეტზე ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციით დასატანად, პროდუქტი ბიოწარმოების სპეციალური წესის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიიღოს. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და/ან ლოგო. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, პ. 18,3; საქართველოს მთავრობის დადგენილება №198 ბიოწარმოების შესახებ, პარაგრაფი 15,10. 

ზემოაღნიშნული პროდუქტების ეტიკეტებზე არ იყო სერტიფიკაციის ორგანოს რეკვიზიტები მითითებული. ასე რომ, გაურკვეველია რამდენადაა ეს პროდუქცია მართლაც „ორგანული“, ან „ეკოლოგიური“.

გაიგზავნა წერილები სეს-ში (წერილი სეს-ს) და მეწარმეებთან (წერილი "მწვანე ფერმას";  წერილი "გუდვილს").

მოქალაქეთა შემოწირულობები

სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევების ორგანიზებას 2011 წლიდან ვახდენთ. ეს ძირითადად უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ხდება, თუმცა, ეს დაფინანსება შეზღუდულია, ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ მოქალაქეთა შემოწირულობებსაც სისტემატურად ვაგროვებთ.   

2023 წლის 15 იანვრისათვის, ბოლო ერთი წლის მანძილზე შემოსულმა მოქალაქეთა შემოწირულობებმა 2831 ლარი შეადგინა. ამას ჩვენი ორგანიზაციის რეზერვიდან 42 ლარიც დავამატეთ და ამ თანხებით შევძელით ზემოაღნიშნული შემოწმების ჩატარება (იხ. ლაბორატორიაში თანხის გადარიცხვის დოკუმენტი და ნიმუშების შეძენის ქვითრები).

გულითად მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც ამ კვლევის ჩასატარებლად თანხა შემოგვწირა და თავისი წვლილი შეიტანა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად! ჩვენთვის თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა დიდი სტიმულია! 

შემოწმებული სურსათის სია იხილეთ ქვემოთ:

 

1. 

პროდუქტის დასახელება: დილა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "დილის პროდუქტები"/საქართველო

კვერცხის დადების/ვარგისიანობის თარიღი: 16.01.2023-15.02.2023

შესყიდვის ადგილი: შპს "მასპინძელი", თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტალი, კორპუსი 4, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

__________________________________________________________________________________________

2.  

პროდუქტის დასახელება:  კოდა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "პოულტრი ჯორჯია"/საქართველო

კვერცხის დადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.01.2023-05.02.2023

შესყიდვის ადგილი: გუდვილი საბურთალო, შპს "ჰიპერმარკეტი საბურთალო", თბილისი, პეტრე ქავთარაძის 1, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

______________________________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: კუმისი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კუმისი XXI"/საქართველო

კვერცხის დადების/ვარგისიანობის თარიღი: 12.01.2023-02.02.2023

შესყიდვის ადგილი: კარფური ვაკე, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია", თბილისი, ჭავჭავაძის 37, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

______________________________________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "მწვანე ფერმა"/საქართველო

კვერცხის დადების თარიღი: 14.01.2023

შესყიდვის ადგილი: კარფური ვაკე, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია", თბილისი, ჭავჭავაძის 37, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

______________________________________________________________________________

5.

პროდუქტის დასახელება: პატარძეული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "პატარძეული"/საქართველო

კვერცხის დადების თარიღი: 11.01.2023 

შესყიდვის ადგილი: სს "ნიკორა თრეიდი", თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 6, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

_______________________________________________________________________________

6.

პროდუქტის დასახელება:  "რა კარგია" კვერცხი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ეკო კვერცხი" (სპეციალურად გუდვილისთვის)/საქართველო

კვერცხის დადების/ვარგისიანობის თარიღი: 10.01.2023-10.02.2023

შესყიდვის ადგილი: გუდვილი საბურთალო, შპს "ჰიპერმარკეტი საბურთალო", თბილისი, პეტრე ქავთარაძის 1,   შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

_______________________________________________________________________________

7.

პროდუქტის დასახელება: სავანეთი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "სავანეთი 99"/საქართველო

კვერცხის დადების/ვარგისიანობის თარიღი: 16.01.2023-05.02.2023

შესყიდვის ადგილი: კარფური ვაკე, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია", თბილისი, ჭავჭავაძის 37, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

_______________________________________________________________________________

8.

პროდუქტის დასახელება: კვერცხი "ზოგე გონივრულად"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კუმისი XXI" (ექსკლუზიურად შპს "ორი ნაბიჯისთვის")/საქართველო

კვერცხის დადების/ვარგისიანობის თარიღი: 13.01.2023-03.02.2023

შესყიდვის ადგილი:  შპს "ორი ნაბიჯი", #096 თბილისი, ვაჟა-ფშაველას I ჩიხი, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

-------

2023 წლის 7 მარტს მივიღეთ სეს-ის პასუხი, რომლის თანახმადაც სეს-მა შპს „მწვანე ფერმაში“ განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება. დადგინდა, რომ შპს-ში დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული იყო „ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი'', რაც ვერ დასტურდებოდა შესაბამისი სერტიფიკატით. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და დაევალა სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

რაც შეეხება შპს „ეკო კვერცხს“, სეს-ის მიერ განხორციელებული კონტროლისას 6 თებერვალს, შპს „ეკო კვერცხი“ სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა და ბაზარზე აღნიშნული სურსათი არ იყო განთავსებული. 17 თებერვალს, ბიზნესოპერატორის მომართვის საფუძველზე ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, აღიარების მინიჭების მიზნით. აღიარება ნიშნავს ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 2, ჩ).   სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 13,3. აქვე გარკვეული გამონაკლისებია დათქმული.  როგორც აღმოჩნდა, შპს ეკო კვერცხს სავალდებულო აღიარების პროცედურა გავლილი არ ჰქონდა. ბიზნესოპერატორს მიენიჭა პირობითი აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს. პირობითი აღიარების ვადაა 1 თვე. ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, მუხლი 3,7. 

გარკვეული დროის შემდეგ გადავამოწმებთ აღმოფხვრილია, თუ არა ჩვენს მიერ გამოვლენილი დარღვევები.

27.01.2023


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები