საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაკონტროლებელი უწყებები არაერთ კოსმეტიკურ-პარფიუმერულ პროდუქტს ავლენენ, რომლებიც საფრთხის შემცველ ნივთიერებას butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს შეიცავს, რაც ამ საქონლის ეტიკეტებზეა მითითებული. მათ შორისაა ისეთი  ცნობილი ბრენდების ნიმუშები, როგორებიცაა პაკო რაბანი, კელვინ კლაინი, არმანი, ივ სან ლორანი, მოშინო და სხვა. 

butylphenyl methylpropional (BMHCA)-ის შემცველი კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქტის გაყიდვა ევროკავშირში ჯერ კიდევ 2022 წელს აიკრძალა. დადგინდა, რომ ნივთიერების სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მუცლად მყოფი ბავშვი. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საფრთხის შემცველი საქონელი ბაზარზე მაინც შეინიშნება.

ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე: https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/detail/10000228?lang=EN

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილი ან შესაძენი კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქციის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).

თუმცა, მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობით ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება. აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს პროდუქციის უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონეს!

ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებების მიერ გამოვლენილი საფრთხის  შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტზე https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport#weeklyReports.

 

 

22.11.2024


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია