სასამართლო დავები - ხარჯები და დრო
მომხმარებლებს, რომლებიც მეწარმეებთან წარმოქმნილი დავების მოგვარებას ვერ ახერხებენ, ხშირად მხოლოდ ერთი გზა აქვთ დარჩენილი საკუთარი ინტერესების დასაცავად - სასამართლო. თუმცა, ბევრი თავს იკავებს სასამართლოსადმი მიმართვისაგან, ვინაიდან ეს მათთვის დიდ ხარჯებთან და დროსთან ასოცირდება.
ამ სტატიაში ვეცდებით უფრო ზუსტი წარმოდგენა შეგიქმნათ, იმის შესახებ, თუ რა თანხებსა და დროს შეიძლება საჭიროებდეს მომხმარებლის უფლებების დასაცავად სასამართლო დავა. ასევე, გაგაცნობთ იმ შეღავათებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ აღნიშნული ხარჯების გაწევა აიცილოთ თავიდან.
სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს ადვოკატის მომსახურების, სახელმწიფო ბაჟის, სვადასხვა სპეციალისტისა ან/და ექსპერტიზის, მოწმეების დასასწრებად საჭირო თანხებს.
ეს ხარჯები, თითოეული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან და დაახლოებითი რიცხვების დასახელება რთულია. ადვოკატის მომსახურების ტარიფები არ არის დადგენილი და თითოეული ადვოკატი თვითონ განსაზღვრავს თავისი მომსახურების ღირებულებას. დანარჩენი ხარჯებიდან ძირითადია სახელმწიფო ბაჟი და ექსპერტიზა. მოქალაქეს შეუძლია საორიენტაციოდ გაეცნოს შესაბამის ტარიფებს და თავისი საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტული ხარჯებიც დაიანგარიშოს.
სახელმწიფო ბაჟი
სახელმწიფო ბაჟი არის შენატანი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური პირები (მოქალაქეები) და იურიდილი პირები იხდიან, რათა სახელმწიფომ შეასრულოს მათ სასარგებლოდ იურიდიული მოქმედებები ან გასცეს სათანადო საბუთები. ბაჟს ვიხდით სასამართლოში სარჩელის შეტანისას, რათა სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყოს.
არსებობს ბაჟის გამოთვლის მარტივი და პროპორციული მეთოდები.
მარტივი მეთოდი ნიშნავს რომ კანონი წინასწარ განსაზღვრავს ბაჟის ოდენობას. მაგალითად, ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში:
- ბაჟი სარჩელისათვის ქონებრივ მოთხოვნაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს შეადგენს 50 ლარს;
- ბაჟი სარჩელისათვის არაქონებრივ მოთხოვნაზე შეადგენს 100 ლარს.
პროპორციული მეთოდით კი გამოითვლება მაგალითად, ბაჟი ფიზიკური პირისათვის, თუკი ქონებრივი მოთხოვნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ამ შემთხვევაში ბაჟის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულების 3%, 4% ან 5 %-ით, სასამართლოს ინსტანციის მიხედვით.
სახელმწიფო ბაჟის გამოსათვლელად არსებობს ონლაინპროგრამა, რომლის დახმარებითაც თავად შეგიძლიათ გაარკვიოთ თუ რა თანხა დაგჭირდებათ, რათა სასამართლოს მიმართოთ, იხ. http://library.court.ge/fee/index.php?cat=2&id=1.
ექსპერტიზა
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფების ნახვა შესაზლებელია ბმულზე http://expertiza.gov.ge/source/20192019.pdf.
მაგალითისათვის, ბიუროს ზოგიერთი ექსპერტიზის ღირებულება ასეთია:
- საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროაპარატურის, დანადგარის, ხელსაწყოს ან მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა - 60 ლარი,
- ტექნიკური საშუალებით შესრულებული (გაყალბებული) ხელმოწერის კვლევა - 60 ლარი,
- ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა - 0-500 მ3 – 200 ლარი.
სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლება
ნიშანდობლივია, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა უფასოდ მიიღოს როგორც ადვოკატის მომსახურება, ისე სრულად გათავისუფლდეს სასამართლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისაგან. თუმცა, ცხადია ამისთვის ის გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ხარჯებისაგან გათავისუფლების შემდეგი შესაძლებლობები არსებობს:
- ამჟამად, ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს სამომხმარებლო დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას.
- სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას გარკვეულ საკითხებზე და ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე აქვს უფასო საადვოკატო მომსახურება. შესაძლოა თქვენი შემთხვევა მათ შერჩევის კრიტერიუმებს მიესადაგოს.
- გადახდისუუნარო იმ პირთა კატეგორიები, რომლებიც გადახდისუუნაროდ ითვლება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №424 დადგენილებით „პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ“. აღნიშნულ პირთა სია იხ. http://www.legalaid.ge/ka/p/122/service-for-insolvent-persons მოქალაქეს, რომელსაც სურს სასამართლოში სარჩელის შეტანა, დასაბუთებული მოთხოვნით შეუძლია მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს, რომელიც ორი დღის ვადაში განიხილავს საქმეს და დაადგენს შეძლებს თუ არა მას სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატი დაუნიშნოს. აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის კომპეტენცია ყველა ტიპის საქმეებზე არ ვრცელდება. იგი მხოლოდ ნაწილობრივ მოიცავს მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მიმართულებები, რომლებსაც იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საადვოკატო მომსახურება ფარავს იხ. ბმულზე http://www.legalaid.ge/ka/p/123/general-conditions
- საერთო სასამართლოებში რიგი კატეგორიის მოქალაქეები და, ზოგიერთი კატეგორიის საქმეზე, ყველა მოქალაქე კანონმდებლობით მთლიანადაა გათავისუფლებული სასამართლო ხარჯებისაგან. ასეთებია, მაგალითად,
- სარჩელები ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით;
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი და სხვა. გამონაკლისების სრული ჩამონათვალი იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, მ. 46.
ცალკეა განსაზღვრული ის საქმეები და მხარეები, რომლებიც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან. ზემოაღნიშნული 2 შემთხვევის გარდა, ამ კატეგორიას განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. გამონაკლისების სრული ჩამონათვალი იხ. საქართველოს კანონში სახელმწიფო ბაჟის შესახებ, მ. 5.
მოქალაქეს, ასევე, შეუძლია უშუალოდ სასამართლოს მიმართოს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნისა და სხვა სასამართლო ხარჯების სახელმწიფოს მიერ დაფარვის მოთხოვნით. მან ეს მოთხოვნა სასამართლო სარჩელში უნდა დააფიქსიროს, შესაბამისი დასაბუთებით და მტკიცებულებების წარდგენით. თუ სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია მოქალაქის მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდება. ამისათვის შემდეგი პირობების ერთობლივად არსებობაა საჭირო:
- დასაბუთებული უნდა იყოს, რომ მოქალაქეს, ქონებრივი მდგომარეობის გამო, არ შეუძლია ხარჯების ანაზღაურება.
- ადვოკატის მომსახურებასთან დაკავშირებით, საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოქალაქეს გაუჭირდება ადვოკატის გარეშე დაიცვას თავი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მ. 47.
სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის
სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. თუმცა, ამის შესახებ მოსარჩელემ (ვინც სასამართლოში სარჩელი შეიტანა) სარჩელში, ანდა მოპასუხემ (ვის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი) შეგებებულ სარჩელში უნდა მიუთითონ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მ. 53.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს.
თუმცა, იმის რისკიც არსებობს, რომ საქმის მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაფარვა მომხმარებელს მოუწიოს.
მიუხედავად ამისა, მოგებული მხარის ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მეორე მხარეს ეკისრება გონივრულ ფარგლებში. კანონი განსაზღვრავს იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც წაგებულ მხარეს შეიძლება დაეკისროს. თანხამ შეიძლება შეადგინოს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4 %, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - 2000 ლარამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მ. 53. ამ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო გაითვალისწინებს საქმის სირთულეს, პირის ქონებრივ მდგომარეობას, შემოსავლების ოდენობას და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების „გონივრულ ფარგლებს“ განსაზღვრავს. ასეთი წესი ქმნის ამ ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს წაგებული მხარის ინტერესებს, რომელსაც ხარჯების ანაზღაურება მოუწვს.
სასამრთლო პროცესის ვადები
სასამართლო პროცესი, როგორც წესი, დიდ ხანს გრძელდება, იმართება არაერთი განხილვა, რაც შეიძლება თვეები, ან წლებიც კი გაგრძელდეს. თუმცა, მოქალაქის სარჩელი, რომელიც მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევას შეეხება, სამოქალაქო საქმეთა კატეგორიაში გადის. ამ კატეგორიის საქმეებზე კი სასამართლომ პირველი მოსმენა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვეში უნდა დანიშნოს, განსაკუთრებით რთულ საქმეებზე კი - არაუმეტეს 5 თვეში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მ. 59, პ. 3. შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ პირველი მოსმენის შემდეგვე მიიღოს.
ამავე დროს, სულაც არ არის საჭირო უშუალოდ მომხმარებელი - მოსარჩელე ესწრებოდეს ყველა სასამართლო სხდომას. მას შეუძლია თავის ადვოკატს მიანიჭოს უფლებამოსილება სასამართლოზე მისი ინტერესები წარმოადგინოს, თავად კი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოცხადდეს სასამართლოში.
ასე რომ, სასამართლო დავა შესაძლებელია სულაც არ მოითხოვდეს მიუწვდომელი ხარჯების გაღებასა და დიდი დროის დახარჯვას.
სასამართლო სისტემა არაა მორგებული მხოლოდ „გადახდისუანარიან მომჩივნებზე“. კარგად მომზადებული სარჩელის შემთხვევაში, კანონის წინაშე თავი შეუძლია დაიცვას სასამართლო ხარჯების გადახდისუუნარო პირმაც.
იმედია თქვენი უფლებების დაცვას სასამართლოს გარეშეც შეძლებთ, მაგრამ თუკი ამ დაწესებულებისადმი მიმართვის საჭიროება დადგა, ალბათ ჩვენი განმარტებები გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
15.05.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია