მრგვალი მაგიდა „პროდუქტის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი“
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, 2021 წლის 24 თებერვალს გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა „პროდუქტის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი“.
მონაწილეები გაეცნენ მოხსენებებს შემდეგ საკითხებზე:
- „სამომხმარებლო (არასასურსათო) პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის კუთხით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2020 წელს განხორციელებული საქმიანობა და 2021 წლის გეგმები“ - რამაზ (რატი) ობოლაძე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი (იხილეთ პრეზენტაცია).
- „სამომხმარებლო (არასასურსათო) პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში - ზოგადი მდგომარეობა და გამოწვევები“ - CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე (იხილეთ პრეზენტაცია).
საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი არ მოქმედებს, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაუცველია. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა აღნიშნული პრობლემის დასაძლევად ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები, CSRDG-ის ინიციატივები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.
შეხვედრა გახსნეს:
- ეკა ურუშაძემ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.
- მააიკე ვან კოლდამმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესის, მედიის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ეტაპობრივად ხდება უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის გავრცელება სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტზე და ამ მიმართულებით გრძელვადიანი გეგმებიც არსებობს. ეს, რა საკვირველია, მისასალმებელია, თუმცა:
- იმ ფონზე, რომ საქართველოში, ათწლეულების განმავლობაში სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების კონტროლი არ ფუნქციონირებს, დღემდე გატარებული ღონისძიებები სრულიად არასაკმარისია.
- სახელმწიფო არ გეგმავს ყველა სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვას.
- ამ მიმართულებით სამთავრობო გეგმებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება არ ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის ამოქმედებას, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.
ასე რომ, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ როდის ამოქმედდება საქართველოში პროდუქტის უსაფრთხოების სახელწმიფო კონტროლის ქმედითი სისტემა, რათა მოსახლეობის ჯანმრთელობა სათანადოდ იყოს დაცული სამომხმარებლო ნაწარმიდან მომდინარე საფრთხეებისაგან. თუმცა, ეს შედეგი მით უფრო სწრაფად დადგება, რაც უფრო მალე გახდება სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოება საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამიტომაც, საჭიროა, რომ თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ეცადოს საკუთარი წვლილის შეტანას ამ საჭირბოროტო საკითხის მოსაგვარებლად.
აქტიურობის ერთ-ერთი საშუალება კი არის სამოქალაქო პეტიციის მხარდაჭერა, რომლითაც CSRDG გეგმავს ხელისუფლებას მიმართოს.
გთხოვთ იხილოთ პეტიციის ბმული http://bit.ly/petition2021.
პეტიციის ხელმოწერის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 თებერვალი.
ღონისძიება მოეწყო ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
24.02.2021
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია