სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რძის ნაწარმის ფალსიფიკაციისთვის

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ახდენს. წელიწადში რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმება ხდება. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სეს ავალებს მეწარმეებს სურსათის შესაბამისი პარტიები სავაჭრო ქსელიდან ამოიღონ და მწარმოებლებს/დისტრიბუტორებს აჯარიმებს ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო 200-დან 500 ლარამდე.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობას წლების მანძილზე ჩვენც ვამოწმებდით. ბოლო წლებში ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6737?f=2, https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6715?f=2, https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6709?f=2 სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, სეს-ისა, თუ ჩვენი ყოველი შემოწმების შედეგად, რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმი რიგ პროდუქტებში მაინც ფიქსირდებოდა (სეს-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები იხ. https://nfa.gov.ge/Ge/StateControl - მონიტორინგი). განსაკუთრებით საგულისხმო ის იყო, რომ ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქციაში ეს დარღვევა განმეორებითაც არაერთხელ დაფიქსირდა. როგორც ჩანს, კანონით გათვალისწინებული სანქციები და სეს-ის მიერ განხორციელებული კონტროლის მასშტაბი არ იყო საკმარისი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

2021 წელს სეს-ის მიერ გამოქვეყნებული კონტროლის შედეგების გაცნობისას, შევამჩნიეთ, რომ რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების გამოვლენის შემთხვევებს მიწერილი ჰქონდა, რომ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნა.

როგორც აღმოჩნდა, 2021 წლიდან სეს-ს დაუწყია რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების გამოვლენის შემთხვევებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება (იხ. სეს-ის 25.08.21-ის წერილი). ეს უწყება პასუხისმგებელია ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

სეს-ის ეს ნაბიჯი მისასალმებელია. თუმცა, პირველი კითხვა რაც გაჩნდა, ის იყო, თუ რატომ არ ხდებოდა საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება 2021 წლამდე. ამაზე სეს-მა მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ „პრაქტიკა შეიცვალა“ (იხ. სეს-ის 16.09.21.-ის წერილი).

გარდა ამისა, შევამჩნიეთ, რომ სეს-მა ზემოაღნიშნული ყველა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით არ მოახდინა საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება. კერძოდ, 16 სექტემბრის მდგომარეობით, გამოვლინდა 10 დარღვევა, თუმცა, მხოლოდ 7 დარღვევასთან დაკავშირებით მიეწოდა ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურს.

განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ინფორმირება არ მოხდა შპს რესპუბლიკის პროდუქციაში გამოვლენილ დარღვევებზე, მაშინ როდესაც ამ კომპანიის რძის ნაწარმში 2019-2021 წლებში მცენარეული ცხიმი 11-ჯერ გამოვლინდა, როგორც ჩვენი, ისე სეს-ის მიერ ჩატარებული შემოწმებების დროს.

მას შემდეგ, რაც სეს-ს დავუსვით კითხვა, თუ რატომ არ მოხდა ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება, დარჩენილ 3 ფაქტზე შეტყობინებები დამატებით გაიგზავნა საგამოძიებო სამსახურში (იხ. სეს-ის 04.10.21-ის წერილი დანართით და სეს-ის 07.10.21-ის წერილი დანართით).   

რთულია სეს-ის ზემოთ აღწერილი პრაქტიკის ახსნა. ერთი რამ აშკარაა, რომ სეს-ის მიერ სავარაუდო სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება სათანადოდ არ ხდებოდა.

ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წელს ვწერდით, რომ სეს-ის ზედამხედველი უწყებები (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური) არ ახდენენ იმის მონიტორინგს, თუ როგორ ხორციელდება სეს-ის მიერ გადაწყვეტილებების მიღება სამართალდამცავი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნასთან დაკავშირებით და ამ პრაქტიკის შეცვლას მოვითხოვდით (იხ. ჩვენი სტატია).

ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ შეტყობინებებზე მისი რეაგირების შესახებ. თავდაპირველად (25 აგვისტოთი დათარიღებული წერილით) სამსახური მხოლოდ 2 საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე იუწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის სეს-ს უკვე 7 შემთხვევასთან  დაკავშირებით ჰქონდა სამსახურში შეტყობინება გაგზავნილი.

მხოლოდ სეს-იდან მისი შეტყობინებების გამოთხოვისა და მათი საგამოძიებო სამსახურში გაგზავნის შემდეგ, ამ უკანასკნელმა გვაუწყა, რომ ათივე შემთხვევასთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება (3 ნოემბრის წერილი): 4 შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, 5 შემთხვევაში ინფორმაცია დაერთო უკვე წარმოებაში არსებულ საქმეებს, ხოლო 1 შემთხვევაში გამოძიება არ დაწყებულა, ვინაიდან სავარაუდო ფალსიფიცირებული საქონლის მწარმოებელი სხვა სახელმწიფოში მოქმედი კომპანია იყო და აღნიშნული საქონელი უკვე ამოღებული იყო სავაჭრო ქსელიდან.

იმედი გვაქვს, რომ რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხელს შეუწყობს ამ დარღვევის აღმოფხვრას.

როგორც ვხედავთ, ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობის საზოგადოებრივ მონიტორინგს თავისი შედეგები გამოაქვს.  ასე რომ, ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალს ამ საკითხზე სახელმწიფოს ქმედებებს და ამის შესახებ ინფორმაციას გავავრცელებთ.

------------

2022 წლის იანვარში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან კვლავ გამოვითხოვეთ ინფორმაცია რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებზე. სამსახურის ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარეობით, გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება და დასკვნითი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

------------

2022 წლის აპრილში, გამოძიებების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად კვლავ მივმართეთ საგამოძიებო სამსახურს, საიდანაც გვაცნობეს, რომ 3 შემთხვევაში არ დადასტურდა ფალსიფიცირებული პროდუქტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტი, 3 შემთხვევაში სავაჭრო ქსელში აღარ ხდებოდა კონკრეტული, სავარაუდოდ ფალსიფიცირებული პროდუქტის რეალიზაცია, 1 შემთხვევაში გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურდა ფალსიფიკაციის ფაქტი, საწარმოს მფლობელის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ფალსიფიკაციის მუხლით და შესაბამისი საქმე არსებითი განხილვის მიზნით წარიმართა სასამართლოში, ხოლო 2 შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

მიღებულ პასუხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს შემდეგი კითხვებით მივმართეთ:

  1. როგორ შეიძლებოდა არ დადასტურებულიყო 3 შემთხვევასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებული პროდუქტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტი, როდესაც გამოძიებები დაიწყო სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) შეტყობინებების საფუძველზე, ან სეს-ის შეტყობინებები დაერთო უკვე მიმდინარე საქმეებს? კერძოდ, შეტყობინებებს წინ უძღოდა სეს-ის მიერ სავაჭრო ქსელიდან, ან საწარმოდან სურსათის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევების შედეგად, მცენარეული ცხიმის გამოვლენა? ანუ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს მიერ უკვე იყო დადასტურებული შესაბამისი პროდუქტების დამზადება-რეალიზაცია, ხოლო სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ უკვე დადასტურებული იყო, რომ მოცემული პროდუქტები მცენარეულ ცხიმს შეიცავდა.
  2. რატომ არ გაგრძელდა დანარჩენ 3 შემთხვევაში გამოძიება, თუკი სავაჭრო ქსელში აღარ ხდებოდა კონკრეტული სავარაუდოდ ფალსიფიცირებული პროდუქტის რეალიზაცია, მაშინ, როდესაც, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე უკვე მომხდარი იყო მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების დამზადება-რეალიზაცია? ანუ სავარაუდო დანაშაული უკვე ჩადენილი იყო.

ამაზე საგამოძიებო სამსახურმა შემდეგი გვიპასუხა: „ვინაიდან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში თქვენ არ სარგებლობთ მხარისა და დაზარალებულის სტატუსით, საგამოძიებო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ არსებული დეტალური ინფორმაცია.“

ვთვლით, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პასუხი დაუსაბუთებელია. ეს აჩენს ეჭვს, რომ ზემოხსენებული საქმეების სათანადო გამოძიება არ ხდება, რაც ზიანს აყენებს მომხმარებლებისა და იმ მეწარმეების ინტერესებს, რომლებიც კანონის დაცვით ახდენენ რძის ნაწარმის ეტიკეტირებას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (idfi.ge) დახმარებით მოვამზადეთ განცხადება საქართველოს გენერალური პროკურატურისადმი,  როგორც საგამოძიებო საქმიანობაზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოსადმი და  ვთხოვეთ, ზემოხსენებულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. განცხადება 2022 წლის 3 ივნისს გაიგზავნა.

------------

2022 წლის 13 ივლისს საგამოძიებო სამსახურიდან მივიღეთ პასუხი პროკურატურაში წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით. პასუხი ძალზე ზოგადია. მასში აღნიშნულია, რომ რძის პროდუქტების შესაძლო ფალსიფიკაციის შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიებების პროცესში გადაწყვეტილებების მიღება მოხდა მოპოვებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

თუმცა, როგორც წერილშიცაა აღნიშნული, მანამდე საგამოძიებო სამსახურში მიგვიწვიეს და დაწვრილებით აგვიხსნეს საკუთარი პოზიცია. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ეს ახსნა-განმარტება წერილში არ ასახულა, ამიტომ ჩვენ თვითონ მოკლედ გადმოგცემთ საუბრის შინაარსს:

სისხლის სამართლებრივი დევნა საჭიროებს მტკიცებულებების ძალიან მაღალ სტანდარტს, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, საქმე ეხება ადამიანის თავისუფლების აღკვეთას. თუკი გამოძიების პროცესში ასეთი მტკიცებულებები ვერ შეგროვდა, სასამართლო არ დააკმაყოფილებს ბრალდების მოთხოვნას.

„რძის ნაწარმის“ მცენარეული ცხიმით დამზადებას რაც შეეხება, ხშირად ხდება, რომ ერთი და იმავე ჭურჭლისა და დანადგარების გამოყენებით ამზადებენ სუფთა რძის ნაწარმს და მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქციასაც. თუკი სათანადო რეცხვა არ მოხდა, მცენარეული ცხიმი მცირე ოდენობებით ერევა რძის ნაწარმში და ლაბორატორიული კვლევის შედეგად ეს პროდუქცია მცენარეული ცხიმის შემცველი გამოდის. იმისათვის, რომ გამოიკვეთოს ანგარება, რაც ფალსიფიკაციის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, მცენარეული ცხიმის ისეთი ოდენობაც უნდა დაფიქსირდეს პროდუქტში, რაც იმის მტკიცების საშუალებას მოგვცემს, რომ მეწარმემ ეს ხარჯების დასაზოგად გამოიყენა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომლებსაც სურსათის სააგენტო აწვდის საგამოძიებო სამსახურს, საფუძვლად ედება ახალი გამოძიებების დაწყებას ან უკვე მიმდინარე გამოძიებებისათვის გამოიყენება, როგორც ინფორმაცია. თუმცა, გამოძიების პროცესში სათანადო მტკიცებულებების მოსაპოვებლად, სამსახური, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გაწერილი პროცედურების შესაბამისად, თავად იღებს ნიმუშებს და ატარებს ექსპერტიზას, რომელიც ჩვეულებრივი ლაბორატორიული კვლევისაგან განსხვავდება. მაგალითად, ექსპერტი ხელს აწერს დოკუმენტს, რომ გაფრთხილებულია ცრუ ჩვენების შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

პრაქტიკაში საგამოძიებო სამსახური რამდენჯერმე იღებს და იკვლევს ნიმუშებს. ერთხელ ფაქტის არდადასტურების გამო, გამოძიება არ წყდება.

საგამოძიებო სამსახურის ახსნა-განმარტება დამაჯერებლად გვეჩვენება. თუმცა, გამოძიების პროცესის კონფიდენციალობის გამო, ცხადია ჩვენთვის შეუძლებელია სრული ინფორმაციის მიღება. მიუხედავად ამისა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაგრძელებთ იმის მონიტორინგს, თუ რამდენად ხდება რძის ნაწარმის შესაძლო ფალსიფიკაციის შემთხვევების გამოძიება.

საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ბოლო ინფორმაციით კი, 2022 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, ორ საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა, რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული.

 

22.11.2021


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები