კვერცხი „ეკო“

2023 წლის 27 იანვარს გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჰიპერმარკეტების ქსელ გუდვილის დაკვეთით დამზადებული „რა კარგია“ კვერცხის ეტიკეტს შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებელი.

საქართველოს კანონმდებლობის თანხმად, სურსათის ეტიკეტზე ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციით დასატანად, პროდუქტი ბიოწარმოების სპეციალური წესის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიიღოს. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და/ან ლოგო.

ზემოაღნიშნული პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი იყო ტერმინი „ეკო“ (შპს „ეკო კვერცხი“), თუმცა, არ იყო სერტიფიკაციის ორგანოს რეკვიზიტები მითითებული.

ამ ფაქტის შესახებ ვაცნობეთ გუდვილს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს. თუმცა, ამ უკანასკნელის მიერ კონტროლის განხორციელებისას შპს „ეკო კვერცხი“ სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა და ბაზარზე აღნიშნული სურსათი არ იყო განთავსებული.

მიმდინარე წლის 28 აპრილს გუდვილ საბურთალოში (შპს ჰიპერმარკეტი საბურთალო, მის.: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 1) კვლავ შევიძინეთ „რა კარგია" კვერცხი, შპს „ჩემი კვერცხი“ (სპეციალურად გუდვილისთვის), გარდაბნის რაიონი, სოფ. სართიჭალა, ტ. 550 00 11 22; გამოიყენება 28.05.2023-მდე.

როგორც ჩანს, შპს-მ სახელი შეიცვალა, თუმცა, თითოეულ კვერცხს კვლავ ერტყა ბეჭედი წარწერით ECO.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

02.05.2023


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია